#ბს-24(კს-20) 8 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – თ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 11 სექტემბერს თ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 ივლისის #..., 2018 წლის 6 აგვისტოს #... და 2018 წლის 14 აგვისტოს #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ბ-ემ, რომელმაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებულ სუბიექტს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა თ. ბ-ის წარმომადგენელს მ. ბ-ეს (მინდობილობა ს.ფ. 91-93) სარჩელზე არსებულ მისამართზე და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს თ. ი-ეს 2019 წლის 26 თებერვალს, რაც დასტურდებოდა საქმეზე არსებული წერილობითი კორესპონდენციის უკუგზავნილით (ს.ფ. 212), ხოლო თ. ბ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 2 აპრილს (ს.ფ. 214).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული, ვინაიდან, დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება თ. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ბ-ემ ჩაიბარა პირადად ხელზე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში 2019 წლის 19 მარტს, სააპელაციო საჩივარი კი თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში გაგზავნილ იქნა …ის მეშვეობით 2019 წლის 1 აპრილს (აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ერთვის კერძო საჩივარს) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიან ვადაში.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნული პიროვნება თ. ი-ე არ წარმოადგენს თ. ბ-ის წარმომადგენელს და არც მისი ოჯახის წევრია. აღნიშნულ პიროვნებას თ. ბ-ე საერთოდ არ იცნობს. შესაბამისად, ერთადერთი თარიღი, რომელიც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის წერტილად უნდა განსაზღვრულიყო იყო 2019 წლის 19 მარტი, როდესაც თ. ბ-ის წარმომადგენელმა - მ. ბ-ემ პირადად ხელზე ჩაიბარა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი 2019 წლის 20 თებერვალს, კანონით დადგენილი წესით, სარჩელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მოსარჩელის - თ. ბ-ის წარმომადგენელს - მ. ბ-ეს (ს.ფ. 208). თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში დაბრუნებული უკუგზავნილის თანახმად, ადრესატი თ. ბ-ის წარმომადგენელი - მ. ბ-ე ვერ მოიძებნა სასამართლოს მიერ გაგზავნილ მისამართზე -..., ი. ჭ-ის გამზ. #..., ბინა #... (ს.ფ. 211) და დაბრუნებული უკუგზავნილი ჩაბარდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტს - თ. ი-ეს (პ/ნ ...) (ს.ფ. 212). თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელის - თ. ბ-ის წარმომადგენელმა - მ. ბ-ემ 2019 წლის 19 მარტს ჩაიბარა სასამართლოში, რაც დასტურდება საქმეში არსებული ხელწერილით (ს.ფ. 213).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელის - თ. ბ-ის წარმომადგენელს - მ. ბ-ეს ჩაბარდა 2019 წლის 19 მარტს (ს.ფ. 213) და არა 2019 წლის 26 თებერვალს, ვინაიდან, მართალია 2019 წლის 26 თებერვლის გზავნილის ჩაბარების გრაფაში დაფიქსირებულია მიმღები პირის ხელმოწერა, თუმცა თავად უკუგზავნილის სტატუსი არის ჩაუბარებელი და გამომგზავნთან (სასამართლოში) დაბრუნებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
გამომდინარე იქიდან, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელის - თ. ბ-ის წარმომადგენელს - მ. ბ-ეს ჩაბარდა 2019 წლის 19 მარტს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2019 წლის 20 მარტიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14-დღიანი ვადა 2019 წლის 2 აპრილის 24 საათზე იწურებოდა, ხოლო თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი …ის მეშვეობით თეთრიწყარის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 1 აპრილს (ს.ფ. 226).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტრანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში იქნა რეალიზებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება და საქმე თ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება და საქმე თ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე