საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-25(კ-20) 29 აპრილი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ა- (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:ვ. ა-მა 2019 წლის 3 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის, მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ. ა-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ნათლად არ გამოკვეთა ხარვეზის დადგენის საფუძველი და განმარტავს, რომ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის N... ხარვეზის წერილით ვ. ა-ს განემარტა, რომ წარმოსადგენი იყო სწორედ ზემოაღნიშნული დოკუმენტი. წერილში მიეთითა როგორც ნორმა, ასევე მისი შინაარსი. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განუმარტა განმცხადებელს სააგენტოსათვის მიმართვის დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის 40 კალენდარული დღის სავალდებულოობასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე 40 კალენდარული დღის გაშვების საპატიოდ მიჩნევასთან დაკავშირებით მცდარი შეფასებები გააკეთა, რადგან განმცხადებელს საზღვრის გადმოკვეთისთანავე არ მიუმართავს სააგენტოსთვის. კასატორი მიუთითებს, რომ ვ. ა-მა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2019 წლის 30 იანვარს და ამ დროისთვის მას კანონიერად ყოფნის 39 დღე ჰქონდა დარჩენილი, ხოლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადებით მან სააგენტოს მიმართა 15 თებერვალს, როდესაც დღეების რაოდენობა შემცირდა 23-მდე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნორმა გაშვებული ვადის აღდგენას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ობიექტური ფაქტორების გამო, პირი საკუთარი უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას მოკლებული იყო. საპატიო მიზეზის ამომწურავი ჩამონათვალი არ არსებობს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი უნდა შეფასდეს ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. ესა თუ ის გარემოება საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ პირდაპირ და მის გამო შეიქმნა რეალური დაბრკოლება ვადის გაშვებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ა-ის მიერ ვადის გაშვება არ ექვემდებარებოდა აღდგენას, რადგან მხარეს შეეძლო ელექტრონულად ან წარმომადგენლის მეშვეობით შეევსო განცხადება და მოეთხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაგრძელება, ასეთ შემთხვევაში მასზე არ გავცელდებოდა სააგენტოსათვის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის ვალდებულება. შესაბამისად, ის მიზეზი, რომ განმცხადებელი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით პროცედურებს გადიოდა საზღვარგარეთ, ვერ მიიჩნევა დაუძლეველ ძალად და ვადის აღდგენის უპირობო წინაპირობად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით მათ მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.
ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის, მე-2 პუნქტი ადგენს, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში განცხადება დატოვოს განუხილველად. ამავე დადგენილების მე-6 მუხლით დადგენილია სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადის აღდგენას, დაინტერესებული მხარის არაბრალეულობისას დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა კანონქვემდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებთან, საქმის გადაწყვეტისათვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საპატიო მიზეზის არსებობისას - სათანადო შეფასება მისცეს ასეთი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო თუ განმცხადებლი ვერ უზრუნველყოფს მისი საპროცესო უფლების რეალიზებას და დამატებითი მტკიცებულებისა თუ ინფორმაციის წრდგენას, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილით ნორმატიულად დადგენილი უფლება - განცხადება დატოვოს განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ვ. ა-ის 2019 წლის 15 თებერვლის განცხადება №... სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, დარჩა განუხილველად.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ვ. ა-ს დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა სააგენტოში 2019 წლის 4 მარტამდე. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებელს მიეთითა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე მიუთითა „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენა სააგენტოში 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით.
დადგენილია, რომ 2019 წლის 1 მარტს ვ. ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადებას თან ერთოდა ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან, პოზიცია კანონით დადგენილი ვადის გაშვების თაობაზე და საუდის არაბეთის მიერ გაცემული ვიზები, რომლითაც მოსარჩელე ადასტურებს მის პოზიციას, რომ იგი იმყოფებოდა საუდის არაბეთში ბინადრობის ნებართვის გაგრძელების პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, პროცედურის დასრულებამდე იგი ვერ დატოვებდა საუდის არაბეთს, ხოლო დასრულებისთანავე დაბრუნდა საქართველოში 2019 წლის 30 იანვარს, რა დროსაც კანონით დადგენილი 40-დღიანი ვადა უკვე დარღვეული ჰქონდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად. აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრულ ვადაში სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობასთან ერთად (ს.ფ. 64-77);
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ნათლად არ გამოკვეთა ხარვეზის დადგენის საფუძველი, მან მიუთითა ზოგადად იმ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას (№520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი) და ასევე მიუთითა იმ ნორმატიულ დანაწესზე, რომელიც ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე სააგენტოსათვის მიმართვის ვალდებულებაზე, თუმცა განმცხადებლისთვის უშუალოდ არ მიუთითებია ფაქტობრივი საფუძველი, თუ რის გამო იქნა ხარვეზი დადგენილი. ამასთან საგულისხმოა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო, განმცხადებლის საუდის არაბეთში ყოფნის ფაქტი, რამაც განაპირობა ვადის გაშვება, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას, წარდგენილი მტკიცებულებების შეფასება და მითითებული გარემოების გათვალისწინება არ დასტურდება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა განმცხადებლის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №.../7 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენილ განცხადებაში მითითებული მიზეზები, რაც ორგანოს მიერ არ არის განხორციელებული. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საკითხის ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის, რა დროსაც ორგანომ არსებითად უნდა განიხილოს წარმოდგენილი განაცხადი სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან/გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე