Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-49(კ-20) 29 აპრილი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ნ-ი

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ნ-მა 2019 წლის 28 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გ. ნ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 1178,47 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გ. ნ-ის სასარგებლოდ დაევალა სახელფასო დავალიანების -1178,47 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლება არ იყო შეზღუდული ხანდაზმულობით. მითითებული მუხლის მიღების წინაპირობას წარმოადგენდა საქართველოს წლიური ბიუჯეტის კანონის (2000 წ.) ნაკლოვანებებისა და შეუსაბამობების გამო საქართველოს პარლამენტის მიერ რიგი ღონისძიებების გატარების, მათ შორის, 1998-99 წლებში წარდგენილ დავალიანებათა დაფარვის გრაფიკის შემუშავების აუცილებლობა. კერძოდ, 2000 წლის 13 ივლისს „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს N481-რს კანონით განხორციელდა ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში (1997 წლის) და დაემატა 1341 მუხლი - „ანგარიშსწორების წესი დათხოვნისას“. კანონზე თანდართული განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყანაში შექნილი მძიმე საფინანსო-საბიუჯეტო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიუჯეტში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, 1998 და 1999 წლების ბიუჯეტის შეუსრულებლობით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის სპეციფიკიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა გარდამავალი დებულება და განისაზღვრა საჯარო მოსამსახურესთან ანგარიშსწორების წესი დაწესებულებიდან დათხოვნისას, რაც ითვალისწინებდა 2001 წლის 1 იანვრამდე განთავისუფლებულ მუშაკთა მიმართ არსებული დავალიანების ეტაპობრივ ანაზღაურებას. ამდენად, კანონმდებელმა (2000 წლის 13 ივლისის ცვლილებით) განსაზღვრა მოსამსახურეთა დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლების სპეციალური წესი იმ პირების მიმართ, რომელთაც დავალიანება წარმოეშვათ 1998, 1999, 2000 წლებში და სამსახურიდან განთავისუფლდნენ 2001 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ რეგულაციებში პირთა კატეგორიის განსაზღვრის მიმართულებით რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რომლებიც ეხებოდა საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდის დადგენას. ბოლო ცვლილებით - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 31 დეკემბრის N3211-რს კანონით სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების მქონე პირთა წრედ განისაზღვრა 2005 წლის 1 იანვრამდე განთავისუფლებული საჯარო მოსამსახურეები.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ზემოაღნიშნული კანონის მიღებით ქვეყნის კანონმდებელმა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიმუშავა საჯარო სამსახურის სისტემაში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დარეგულირების მექანიზმი. თუმცა, 2015 წელს მიღებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა 1997 წლის კანონი. ახალი საკანონმდებლო აქტი კი აღარ არეგულირებს საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებულ მოხელეებთან ანგარიშსწორების წესს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დავალიანების ანაზღაურების უფლება ხანდაზმულობით შეუზღუდავი იყო მხოლოდ ძალადაკარგული კანონის (1997წ.) მოქმედების პერიოდში. ვინაიდან გ. ნ-ის სახელფასო დავალიანება წარმოიშვა 1999-2003 წლებში, მას „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის საქართველოს კანონის 1341 მუხლის მოქმედების პერიოდში უნდა მიემართა სასამართლოსთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ სასამართლოს დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა მხოლოდ 2019 წლის 28 თებერვალს - სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელისთვის უპირობოდ ცნობილი იყო არსებული დავალიანებისა და მისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ. კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა გ. ნ-ის განმარტება, რომ მისთვის უცნობი იყო წინა წლების დავალიანების არსებობის თაობაზე, რის შესახებაც მან თითქოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 26 თებერვლის წერილით შეიტყო და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2019 წლის 26 თებერვლიდან. მოსარჩელე 2019 წლის 25 თებერვლის N001692/01 წერილში თავად აღნიშნავს, რომ იგი 1994 წლიდან მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის ...ის ...ოს .... ... 2000 წლის მაისამდე. ამდენად, მისთვის ნამდვილად იყო ცნობილი დავალიანების არსებობა. კასატორი აღნიშნავს, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის კანონი გაუქმებულია 2017 წლის 1 ივლისიდან და მოქმედი კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლით გათვალისწინებული წესის მსგავს მოწესრიგებას, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს საერთო წესის გათვალისწინებით და დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ (2003 წლიდან). აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სარჩელი წარდგენილია სასამართლოში 2019 წლის 28 თებერვალს, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, რაც გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძვლად შეიძლება მიჩნეულიყო. სარჩელზე თანდართული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური დოკუმენტები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ვალდებულების აღიარებასა და გადახდის დაპირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, უდავოდ დადგენილია, რომ გ. ნ-ი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან - საქართველოს კონტროლის პალატასთან, საიდანაც განთავისუფლდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ბრძანებით. შესაბამისად, მოსარჩელე, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (1997წ.) მე-6 მუხლის გათვალისწინებით, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და მასზე ვრცელდებოდა დასახელებული კანონის მოქმედება.

საკასაციო პალატა მიუთითებს 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლზე, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმით დასაქმებულს მიენიჭა 2005 წლამდე არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ასეთი დავალიანების ანაზღაურება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2005 წლამდე წარმოქმნილ დავალიანებაზე, 2017 წლამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლიდან გამომდინარე, არ ვრცელდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და ექვემდებარებოდა სახელმწიფოს მიერ სავალდებულო ანაზღაურებას. სადავო შემთხვევაში მოსარჩელე სწორედ 2005 წლამდე წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების - 1178,47 ლარის ანაზღაურებას ითხოვს. სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა კი მხარეთა შორის სადავო არ არის. კასატორი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით, ვინაიდან 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლის დანაწესისგან განსხვავებით, ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ ითვალისწინებს 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ის გარემოება, რომ ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ შეიცავს წინა კანონის 1341 მუხლის მსგავს დანაწესს, ადასტურებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით 2005 წლამდე წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნა შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადით და მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის ზოგადი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის მომენტი. ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისს - ახალი კანონის ამოქმედების შედეგად და 2017 წლის პირველი ივლისიდან მოხდა 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის განსხვავებული მოწესრიგება, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს ახალი კანონის ამოქმედების მომენტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ გ. ნ-ის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან სარჩელი წარმოდგენილია 2019 წლის 28 თებერვალს, დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან - 2017 წლის პირველი ივლისიდან სამწლიანი ვადის დაცვით, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე