საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-57(კ-20) 29 აპრილი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. მ-ე
მესამე პირები - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; უსფ ...
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ბ. მ-ემ 2018 წლის 12 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა ამავე ცენტრის 2018 წლის 14 მარტის №MES 5 18 00287073 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ბ. მ-ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ...ის ... ...ი უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 მარტის №MES 5 18 00287073 გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. მ-ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ... უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივარში დასმულ საკითხებზე, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ ბ. მ-ე 2001 წლის შემოდგომის სემესტრში ჩაირიცხა ...ის ...ი უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში, ხოლო 2005 წლის ივნისში დაასრულა საბაკალავრო პროგრამა, მიენიჭა სამართლისა და დიპლომატიის ბაკალავრის კვალიფიკაცია და მის სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი. ცენტრში დაცული უწყებრივი სალიცენზიო მონაცემების თანახმად კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხოლოდ 2006 წლის 20 იანვარს გასცა ... ...ი უნივერსიტეტის თბილისის ფილიალზე - კოლეჯზე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N0612020 ლიცენზია. შესაბამისად, მას საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა მხოლოდ 2006 წლიდან. ამდენად, არ არსებობს დასახელებულ კოლეჯში 2006 წლის 20 იანვრამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად მიღებული განათლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელემ საბაკალავრო პროგრამა სრულად გაიარა არალიცენზირებულ დაწესებულებაში. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ მითითებული საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულება არ წარმოადგენს უნივერსიტეტის ფუნქციონირების საფუძველს. ასევე, ინსტიტუტი არ მოქმედებდა სამინიტროს მეთოდური უზრუნველყოფის ფარგლებში, რადგან შესაბამის უწყებას მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია.
კასატორი აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოთა მითითება განათლების მიღების უფლების მნიშვნელობაზე, რადგან ცენტრის აქტი არ ზღუდავს კონკრეტული პირის უფლებას, მიიღოს განათლება. ცენტრს არ გაუბათილებია მოსარჩელის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ გასაჩივრებული აქტით დადასტურებული ფაქტების კონსტანტაცია მოხდა. ამასთან, კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოსთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცენტრს გაუმართლებლად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უნდა მოხდეს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპთა ურთიერთშეპირისპირება და სადავო შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, როდესაც აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე კი მეტყველებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ლიცენზირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ არ მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ცალსახად უთითებს, რომ თუ განათლება მიღებულია და კვალიფიკაცია მინიჭებულია არალიცენზირებულ პერიოდში, არ უნდა მოხდეს მიღებული განათლების აღიარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს მის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ...ის ...ი უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მიღებული განათლების აღიარება. დადგენილია, რომ ბ. მ-ის მითითებულ დაწესებულებაში სწავლის პერიოდში, ფილიალი არ ფლობდა შესაბამის ლიცენზიას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ...ის უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულებით შეიქმა, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულებით საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დაევალა უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის მეთოდური უზრუნველყოფა. შესაბამისად, სწორია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტება, რომ, მართალია, აღნიშნული დაწესებულება საქმიანობდა საქართველოში ლიცენზირების გარეშე, თუმცა მხარდაჭერილი იყო საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ამასთანავე, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ „დიპლომი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება ... მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საქმეზე N516-516(კ-18). შესაბამისად, სადავო შემთხვევის მიმართ უნდა გავრცელდეს კანონიერი ნდობის პრინციპი, რადგან სტუდენტი ენდობოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის კანონიერებას და ჰქონდა გაცემული დიპლომის შედეგების შენარჩუნების ლეგიტიმური მოლოდინი. შედეგად, მოსარჩელემ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, მათ შორის, ფილიალის მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე ბ. მ-ემ გააგრძელა სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე. ამრიგად, მოსარჩელეს გააჩნია გაცემული დიპლომის აღიარების კანონიერი ინტერესი ამავე დიპლომის საფუძველზე შემდგომში გაგრძელებული სწავლის შედეგად მინიჭებული ხარისხისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ასეთ პირობებში კი კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირის უფლებებს დამდგარი შედეგის შენარჩუნების მეშვეობით. ამასთან, არ დასტურდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 და 601 მუხლებით განსაზღვრული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების აღიარებით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის ხელყოფა არ დგინდება, მეორე მხრივ კი, აღნიშნულით დაცული იქნება ბ. მ-ის კანონიერი უფლება და ინტერესი, ჰქონდეს დიპლომი და სრულად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა. სწორედ ამიტომ, სადავო შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მოსარჩელის ინტერესს და აღიარებულ იქნეს მის მიერ მიღებული განათლება.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში პასუხი არ გასცა სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ ყველა საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). კონკრეტულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს და შეისწავლეს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სასამართლოებს დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესები არ დაურღვევიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს 2019 წლის 4 ივლისის №06649 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე