ბს-75(კ-19) 28 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. გ-მა 15.02.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.11.2017წ. გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.01.2018წ. გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.01.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ქ. ...ში,...ის ქუჩაზე მდებარე N...ნაკვეთის მიმდებარედ არსებული ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.08.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.11.2017წ., 05.01.2018წ., 17.01.2018წ. გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა აღიარების კომისიის 18.07.2016წ. N518 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, შ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე N...ნაკვეთის მიმდებარედ არსებული ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 18.07.2016წ. საოქმო გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩაძე მდებარე N...ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უღიარა შ. გ-ს, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა საჯარო რეესტრში საკუთრების აღრიცხვა. სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი შეწყდა აღიარებული ნაკვეთის სახელმწიფოს ნაკვეთთან ზედდების გამო. შ. გ-ს საკუთრების დასარეგისტრირებლად დაევალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრების საზღვრების კორექტირებაზე მიღებული გადაწყვეტილების წარდგენა, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არამართლზომიერი იყო, რადგან სწორედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხდება საკუთრების უფლების აღიარება, ამასთან, აღიარების კომისიის შემადგენლობაში შედის და აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა მიუთითა საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მართლზომიერად განხორციელდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 18.07.2016წ. საოქმო გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე N...ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უღიარა შ. გ-ს, 29.07.2016წ. გაიცა N12148 საკუთრების უფლების მოწმობა თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად. აღნიშნული აქტები ძალაშია და სადავო არ გამხდარა. სწორედ ამ აქტების საფუძველზე მოითხოვა შ. გ-მა თავისი საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვა, თუმცა სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი შეწყდა სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხულ ნაკვეთთან ზედდების გამო, შ. გ-ს დაევალა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრის კორექტირებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის, ან სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასაღიარებელი ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობა არათუ აბრკოლებს, არამედ სავალდებულოა თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების ასაღიარებლად („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხ. „გ“ ქვ.პ.). კანონის მიზანი სწრედ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი და განუკარგავი მიწის ნაკვეთის კერძო პირისათვის საკუთრებაში გადაცემაა. ამასთან, მნიშვნელობა არ ენიჭება სახელმწიფოს საკუთრების საჯარო რეესტრში აღრიცხვის ფაქტს, მთავარია უდავოდ დასტურდებოდეს ასაღიარებელ ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრება. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა საკუთრების დასარეგისტრირებლად სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრის კორექტირებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის წარდგენის შესახებ მოკლებულია ფატობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. საკუთრების უფლების აღიარების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ძალაში ყოფნის პირობებში, დაუსაბუთებელია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება/შეწყვეტა აღიარებული ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხულ ნაკვეთთან ზედდების გამო. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საკასაციო საჩივარი შედგება საქმეზე უდავოდ დადგენილი ფატობრივი გარემოებების აღწერისა და ნორმათა ციტირებისაგან, კასატორი ვერ ასაბუთებს სადავო აქტების მართლზომიერებას ან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი