Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ბს-128(გ-20) 8 აპრილი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-მა“ 2018 წლის 2 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ე. ე-ოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ავტომანქანის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი საფასურის სრულად ანაზღაურების დავალება სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული თანხის - 4786,6 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხისათვის სსიპ „112-ის“ სპეციალური სადგომიდან (მის.: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა) ავტომანქანის (სახ. ნომრით: ...) საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ გაყვანის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის მაისიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ სადგომზე. 2017 წლის 6 მარტს, ე. ე-ოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-0-0 მუხლის შესაბამისად, დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება. სსიპ „112-ის“ მიერ ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, სადაც განთავსებულია დღემდე. სარჩელის შეტანის მომენტისთვის მოპასუხეს სსიპ „112-ის“ მიმართ ერიცხება მომსახურების საფასური 4786,6 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112-ის“ მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესით“ დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის სატრანსპორტო საშუალების მიმართ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა, რის გამოც არ არსებობს მისი სპეციალურ სადგომზე დატოვების საჭიროება. ამასთანავე, სპეციალური სადგომის ტერიტორია სსიპ „112-ს“ კანონიერ სარგებლობაში გადაცემული აქვს სახელმწიფოსაგან კონკრეტული მიზნით. საჭიროების გასვლის შემდეგ ავტომანქანის სადგომზე დგომა უარყოფითად აისახება სსიპ „112-ის“ სერვისზე, რადგან იზღუდება სადგომის ფაქტობრივი გამოყენების რესურსი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 172-ე მუხლებიდან გამომდინარე სსიპ „112-ს“, როგორც სადგომის მართლზომიერ მფლობელს, შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. რაც შეეხება, ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებას, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლების მიხედვით ვალდებულება შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულებიდან, დელიქტიდან ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანისა და შენახვის ხარჯების მოპასუხის მიერ გადახდის ვალდებულება კანონისმიერია და წარმოიშობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი შენიშვნის საფუძველზე, რომელიც გაწეული ხარჯის ანაზღაურებას დამრღვევს აკისრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ „112-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან 2017 წლის 6 მარტს ე. ე-ოსათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-0-0 მუხლის შესაბამისად, დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე გადაყვანა განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის №18 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ავტომობილის სსიპ - „112-ის“ ევაკუატორით ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ (საჯარიმო) სადგომზე დგომისათვის შესაბამისი საფასურის გაანგარიშება მოხდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილების მე-4 მუხლით დადგენილი სსიპ "112-ის“ მომსახურების საფასურის განაკვეთების შესაბამისად და საჯარიმო სადგომზე განთავსებული ავტომობილის გაყვანას ესაჭიროება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური უწყების ნებართვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ მიერ აღძრული სარჩელის დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო კანონმდებლობიდან.

სასამართლომ, ასევე განმარტა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღძრული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ კატეგორიას და შესაბამისად, მის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ გაიზიარა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის პოზიცია განსჯადობის თაობაზე და 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ „112-ის“ სარჩელი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია განსახილველი საქმის ძირითადი მოთხოვნის სამართლებრივი ბუნების დადგენა და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სსიპ „112-ის“ სპეციალურად დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის დაკისრების თაობაზე, არ წარმოადგენს ძირითადი მოთხოვნისაგან დამოუკიდებელ საგანს, არამედ მოსარჩელის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის თანმდევი შედეგია. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია არა ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის კანონიერება, არამედ, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების საფასურის დაკისრება. აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის N489 დადგენილების მე-4 მუხლის სათაურიც, რომლის 31 პუნქტით განსაზღვრულია მოთხოვნილი საფასურის ოდენობაც. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოთხოვნილი თანხის დაანგარიშების წესი განსაზღვრულია ნორმატიული აქტით, მოცემულ დავას არ სძენს ადმინისტრაციულ ხასიათს და ვერ იქნება განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სსიპ „112-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ საქმეთა კატეგორიას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია, თუ რა შეიძლება იყოს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის განსჯადობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. დავის საჯარო-სამართლებრივად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის სადავო სამართალურთიერთობაში საჯარო სამართლის სუბიექტის მონაწილეობა, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანო შესაძლოა მხარედ გამოვიდეს კერძოსამართლებრივ ურთიერთობაშიც. კერძოდ, საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების განსჯადობის საკითხის განსაზღვრისას, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს და ხელშეკრულების მიზანს, რომელიც მისი შინაარსიდან დგინდება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარედ მონაწილეობს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“, ხოლო დავის საგანია სსიპ „112-სათვის“ სახელმწიფოსგან სარგებლობის უფლებით გადაცემული ავტოსადგომის მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა და აღნიშნული ავტოსადგომით სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურება. მართალია, სსიპ „112-ის“ მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენა და მოთხოვნილი თანხის დაანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის N489 დადგენილებით, რომელიც ადმინისტრაციულ კანონმდებლობას მიეკუთვნება, თუმცა აღნიშნული საკითხის მთავრობის დადგენილებით მოწესრიგება არ არის საკმარისი ურთიერთობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიისადმი კუთვნილების გადასაწყვეტად. თავის მხრივ, მხოლოდ ვალდებულებითი ურთიერთობის ფორმალურად სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა, საჯარო - სამართლებრივი მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმაზე დაფუძნება ასევე არ ადასტურებს სადავო სამართალურთიერთობის სამოქალაქო-სამართლებრივ ხასიათს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხისათვის ავტოსადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანის დავალება, რომელიც სამოქალაქო კანონმდებლობის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. კერძოდ, სსიპ „112-ის“ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია ის გარემოებები, რომ 2017 წლის 6 მარტს ე. ე-ო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-0-0 მუხლის შესაბამისად, დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება და სსიპ „112-ის“ მიერ ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, სადაც დღემდეა განთავსებული, საჭიროების გასვლის მიუხედავად. სსიპ „112-ის“ მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა მოიცავს ევაკუატორის გამოძახების ღირებულებას (30 ლ.), სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით გადაადგილების საფასურს (39 ლ.), დამატებით შესრულებული სამუშაო (433.6ლ) და საჯარიმო სადგომზე დგომის ღირებულებას (3 668 ლ.)(ტ.1, ს.ფ. 37).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112-ის“ დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, სსიპ „112-ის“ ფუნქციებს შორის მითითებული იყო სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევების შემთხვევაში ჩამორთმევას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურად დაცული სადგომის მოწყობა-ორგანიზების და სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფის ფუნქცია (ასეთივე მოწესრიგებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის N18 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112-ის“ დებულების 2.2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი), რომელიც სსიპ-ის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ამდენად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე დამრღვევის ავტომანქანის ე.წ. „საჯარიმო“ სადგომზე გადაყვანა სწორედ სსიპ „112-მა“ განახორციელა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი შენიშვნის თანახმად, ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ეკისრება დამრღვევს, აღნიშნული ხარჯი ფაქტობრივად აღსრულების ღირებულებაა, რომლის მიღების უფლებაც სსიპ „112-ს“ აქვს გადაცემული, ხოლო ანაზღაურების განაკვეთები განსაზღვრულია ნორმატიულად - საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„112-ის“ მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესით“ (მე-4 მუხ.).

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ „112-ის“ კუთვნილ სპეციალურ დაცულ სადგომზე განთავსებული ავტომანქანის მიმართ დასრულებულია სამართალდარღვევაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება. შესაბამისად, საჭიროების გასვლის გამო დასრულებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა.

რაც შეეხება განსახილველი დავის კერძო-სამართლებრივი ხასიათის, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია სასარჩელო მოთხოვნები წარმოშობილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შედეგად, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ სამართალურთიერთობაში აღარ მონაწილეობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ასევე დავის საგანს არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ჩადენა და მასზე რეაგირების ფარგლებში შესრულებული ოპერაციები, გამოირიცხება საჯარო ელემენტის არსებობა და დავის ადმინისტრაციული წესით განხილვის შესაძლებლობა. სადავო ურთიერთობა ეხება უკვე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას და მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთას. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია საჭიროების გასვლის შემდეგ დამრღვევის მიერ სატრანსპორტო საშუალების სსიპ „112-ის“ ავტოსადგომზე დატოვება. ამდენად, ერთი მხრივ ფაქტობრივი უმოქმედობით მფლობელმა გამოხატა სსიპ-ის ავტოსადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის ნება, ხოლო მეორე მხრივ - ქმედითი წინააღმდეგობის გაუწევლობით, დუმილით სსიპ „112“ კონკლუდენტურად დაეთანხმა სატრანსპორტო საშუალების მის სადგომზე დატოვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის სამართალდარღვევის ამოწურვის შემდგომ დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის თანხის დაკისრება და მის მფლობელობაში არსებული ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა, ხელშეკულების კონკრეტული სახის მიუხედავად, სამართალდარღვევის ამოწურვის შემდგომ დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ნაწილში ხელშეკრულების ბუნება კერძო-სამართლებრივია, რამდენადაც, აღნიშნული ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით და არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას სსიპ „112-ის“ მხრიდან. ამდენად, კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის სამოქალაქო კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ „112-ის“ სასარჩელო მოთხოვნა, მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „112-ის“ სარჩელი, მოპასუხე - ე. ე-ოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე