ბს-198(კ-19) 28 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 30.01.2017წ. N570 საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგის 1-ლი საკითხი) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 27.04.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ქ. ჩ-ე და ე. ს-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებს კომისიის 30.01.2017წ. N570 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 1-ლი საკითხი) და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ჩ-ის განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემა ემყარებოდა მხოლოდ ქ. ჩ-ის მიერ წარდგენილ მოწმეთა წერილობით ჩვენებებს, რომელთა საცხოვრებელი მისამართი არ არის ქ. თბილისი, ...ის .... ამასთანავე, ე. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ბათილად ცნობილი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო ასევე მოწმეთა წერილობითი განცხადებები, რომელთა საცხოვრებელ მისამართად ფიქსირდება ..., ...ის .... სწორედ აღნიშნული მისამართის მიმდებარედ მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთი. არ არის დასაბუთებული ქ. ჩ-ის მიერ წარდგენილი ჩვენებებისათვის უპირატესობის მინიჭება, არ შეფასებულა აღნიშნული მტკიცებულების სანდოობა და გაზიარების შესაძლებლობა. არ დასტურდება სადავო აქტის გამოცემისას საქმის გარემოებათა გამოკვლევა, მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლა, საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე დამატებით მტკიცებულებათა მოძიება. პალატამ მიუთითა, რომ კომისიის სადავო გადაწყვეტილებით აღმჭურველი აქტის გაუქმებამდე უნდა მომხდარიყო აღმჭურველი აქტის ადრესატისა და ნაკვეთის შემდგომი მესაკუთრის კანონიერი ნდობის არსებობის შეფასება, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშედარება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. ჩ-ისა და ე. ს-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მოწმეთა ჩვენებების წინააღმდეგობრიობის გამო, ვერ მოხდებოდა ვერც ერთი მათგანის გაზიარება, რის გამო სადავო მიწის ნაკვეთზე ე. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი. ე. ჩ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში წარდგენილი მოწმეთა წერილობითი ჩვენებები ადასტურებენ ნაკვეთის ე. ჩ-ის მიერ ფლობას, ამასთან, რამდენიმე მოწმე ცხოვრობს ...ში, ...ის ...-ში. სადავო აქტის გამოცემის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მიწვეულ იქნენ ე. ს-ე და გ. ბ-ი, თუმცა ისინი ორგანოში არ გამოცხადნენ. გასათვალისწინებელია, რომ ე. ს-ე შესაგებელში ადასტურებს ნაკვეთით ე. ჩ-ის მიერ სარგებლობას. კასატორი თვლის, რომ კანონიერი ნდობა არ არსებობს, რადგან ე. ს-ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდა კომისიის შეცდომაში შეყვანის შედეგად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 10.07.2014წ. ე. ს-ის წარმომადგენელმა გ. ბ-ა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებაზე თანდართული იყო მეზობელთა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, ე. ს-ე ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ... ...ის N...-ის მიმდებარედ არსებული ავტოფარეხით. ბმა ... 06.07.2014წ. კრების ოქმის თანახმად კი, ამხანაგობის 2/3-ზე მეტმა დაადასტურა ე. ს-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის N...-ში მდებარე კორპუსის მიმდებარედ არსებული ... კვ.მ. ავტოფარეხის ფლობა და სარგებლობა 2003 წლიდან. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, ე. ს-ეს კომისიის 03.02.2015წ. საოქმო გადაწყვეტილებით უღიარდა საკუთრების უფლება ქ. თბილისში , ...ის N...-ის მიმდებარედ არსებულ ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, გაიცა საკუთრების მოწმობა, ე. ს-ე საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ, ხოლო მოგვიანებით - 25.03.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით ... კვ.მ. ფართი და მასზე მდებარე ნაგებობა საკუთრებაში გადასცა გ. ბ-ს, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში მესაკუთრედ აღირიცხა. 15.11.2016წ. აღიარების კომისიას წარედგინა ქ. ჩ-ის განცხადება ე. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის 03.02.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქ. ჩ-ემ აღნიშნა, რომ ნაკვეთი მის მფლობელობაშია 1995 წლიდან, რის დასადასტურებლადაც მიუთითა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მოწმეთა ნოტარიალურად დამოწმებულ წერილობით ახსნა-განმარტებებზე. აღიარების კომისიამ სადავო 30.01.2017წ. საოქმო გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ქ.ჩ-ის მოთხოვნა და ბათილად ცნო ე. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ არ დგინდება სადავო აქტის გამოცემისას კომისიის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოებების გამოკვლევა. კომისიამ ისე გაიზიარა ქ. ჩ-ის მიერ წარდგენილი წერილობითი ჩვენებები, რომ არ მოუხდენია მათი შეფასება, არ გამოუკვლევია ახნა-განმარტების გამცემი პირების მიერ სადავო ნაკვეთის მოსარგებლის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის ქონის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოწმეთა საცხოვრებელ მისამართებზე ყურადღების გამახვილებას და აღნიშნავს, რომ ქ. ჩ-ის მფლობელბის დამადასტურებელ მოწმეთა უმეტესობის საცხოვრებელ მისამართად არ ფიქსირდება ქ. თბილისი , ...ის ..., ამის საპირისპიროდ ე. ს-ის მიერ წარდგენილ წერილობითი ახსნა-განმარტების მიმცემი პირების საცხოვრებელი მისამართი არის ..., ...ის .... ამასთანავე, ბმა ...2/3-ზე მეტი უმრავლესობით ადასტურებს 2003 წლიდან ე. ს-ის მიერ ნაკვეთით ფლობასა და სარგებლობას. სადავო აქტის გამოცემისას კომისია დაეყრდნო მხოლოდ ქ. ჩ-ის მიერ წარდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებებს და არ მოახდინა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასება, საჭიროების შემთხვევაში არ უზრუნველყო დამატებით მტკიცებულებათა მოძიება. არ გაითვალისწინა აგრეთვე ე. ს-ის მიერ ნაკვეთის გასხვისების ფაქტი, არ იმსჯელა თუნდაც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აღმჭურველი აქტის მიმართ გ. ბ-ის კანონიერი ნდობის შესახებ, არ გამოიკვლია აგრეთვე ე. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიმართ ქ. ჩ-ის პატივსადები ინტერესის არსებობა, არ მოახდინა დაინტერესებულ პირთა დაპირისპირებული ინტერესების ურთიერშედარება. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი