Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 223-აპ 7 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია (მომხსენებელი),

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 ნოემბრის განაჩენი ვ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 ნოემბრის განაჩენით ვ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით ვ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 22 ივლისს, დაახლოებით 2 საათზე, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მიზნით, ვ. ბ-მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ... მდებარე გ. მ-ს ბინაში, მაგრამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. იგი ბინაში დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოიღეს დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეძენილი “ფ-1“ ტიპის ხელყუმბარა დეტონატორით, რასაც მსჯავრდებული უკანონოდ ატარებდა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. კ. ითხოვს მსჯავრდებულ ვ. ბ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით. იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, ჰყავს მარტოხელა დედა, ასევე _ ცოლ-შვილი, მისი ოჯახი განიცდის ეკონომიკურ გაჭირვებას, დაზარალებულს რეალური ზიანი არ მისდგომია და მას მსჯავრდებულის მიმართ რაიმე პრეტენზია არა აქვს.

ადვოკატი დ. კ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს.

პროკურორი ნ. ნ. ითხოვს ვ. ბ-ს მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარებით, ვ. ბ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ბ-ს განაჩენით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით უნდა შეუმცირდეს 2 წლამდე. სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად პალატა მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

მსჯავრდებული ვ. ბ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, ხასიათდება დადებითად, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რამაც ერთობლივად ხელი შეუწყო მის მიერ დანაშაულის ჩადენას. პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ დაზარალებულს ზიანი არ განუცდია და იგი არ ითხოვს ვ. ბურდულის დასჯას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ვ. ბ-ს შეფარდებული სასჯელი სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდეს 1 წლით და მას მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.