Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-3(გ-20) 12 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა სს „...ის“ საჩივართან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ახალციხის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 11 ნოემბერს სს „...ამ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №2; №4; №5; №6; №8; №9; №11 და №12 დადგენილებების გაუქმება და სს „...ის“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებზე - №000421, №000422, №000420, №000304, №000146, №000147, №000416 და №000423, სადავოდ გამხდარი მითითებების ნაწილში, საქმის წარმოების შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილებით სს „...ის“ საჩივარი -საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 დადგენილების გაუქმებისა და №000422 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში; სს „...ის“ საჩივარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №2 დადგენილების გაუქმებისა და №000421 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს; სს „...ის“ საჩივარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №5 და №12 დადგენილებების გაუქმებისა და №000420 და №000423 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს; სს „...ის“ საჩივარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 დადგენილების გაუქმებისა და №000304 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს; სს „...ის“ საჩივარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №8 და №9 დადგენილებების გაუქმებისა და №000146 და №000147 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს; სს „...ის“ საჩივარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №11 დადგენილების გაუქმებისა და №000416 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის პრინციპი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა.

ამავე გადაწყვეტილების 30-ე მუხლის შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით; 33-ე მუხლის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით; მე-8 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით; 43-ე მუხლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილებს წარმოადგენს თიანეთის რაიონი, დაბა სიონი (ოქმი №000421), გარდაბნის რაიონი, სოფ. მარტყოფი და სოფ. სააკაძე (ოქმი №000420 და №000423), ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. კვირიკე (ოქმი №000304), წყალტუბოს რაიონი (ოქმი №000146 და №000147), ბორჯომის რაიონი, სოფ. ჩითახევი (ოქმი №000416). ამასთან, დავა არ გამომდინარეობს ასკ-ის 116-ე-125-ე მუხლებიდან, შესაბამისად, საქმე უნდა განიხილოს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას მოქმედმა სასამართლომ.

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლო, რუსთავის საქალაქო სასამართლო, ბათუმის საქალაქო სასამართლო, ქუთაისის საქალაქო სასამართლო და ახალციხის რაიონული სასამართლო წარმოადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოებს.

ახალციხის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით წინამდებარე საქმე სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებულმა ცვლილებებმა აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად განსაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე, 272-ე და 273-ე მუხლებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნული კოდექსის მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლის საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლი უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის, სს „...ის“ ადგილსამყოფელია ასევე ქ. თბილისი. განსახილველ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყველა სადავო ოქმების განხილვის შემთხვევაში დაცული იქნება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითადი პრინციპი, რაც უმნიშვნელოვანეს პრინციპებს წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „...ის“ საჩივრის განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სამართალდარღვევის შესაძლო ადგილს წარმოადგენს ბორჯომის რ/ნ, სოფ. ჩითახევი, რომელიც მდებარეობს ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; შესაბამისად, საქმის სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილის მიხედვით განხილვის შემთხვევაშიც ახალციხის რაიონული სასამართლო არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სსსკ-ის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ამდენად, მითითებული მუხლის საფუძველზე, საერთო წესის მიხედვით, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. თუმცა, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის პროცესში, დავის საგნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს საგამონაკლისო ნორმების გამოყენების დაშვება.

წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №11 დადგენილება და სს „...ის“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000416.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ზემოაღნიშნული სადავო ოქმი შედგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ იმ საფუძვლით, რომ სს „...აში“ (მდებარე: ბორჯომის რ/ნ. სოფ. ჩითახევი), შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები. სს „...ას“ სახდელის სახედ განესაზღვრა გაფრთხილება და დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა ვადა 150 დღე. ოქმი გამოცემულია ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე.

სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხების ძირითად მოთხოვნებს და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან. მითითებული ორგანული კანონის 17.1 მუხლის თანახმად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ ადგენს განსჯადობის სპეციალურ წესს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გამოყენებული უნდა იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ამავე მუხლის შესაბამისად, კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და კოდექსის 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება მათი ჩადენის ადგილას ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველი სამართალდარღვევა არ ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრულ საგამონაკლისო ნორმებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, ამავე მუხლის საფუძველზე, განხილული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დავების განხილვისათვის განსაზღვრული სპეციალური წესი, საკასაციო სასამართლოს არ აძლევს საფუძველს გაიზიაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს მითითება საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი ქვემდებარეობის თაობაზე.

ამავდროულად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადი საქმეების კატეგორიას. აღნიშნული მუხლის თანახმად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, მიეკუთვნება მაგისტრი მოსამართლის განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „...ის“ ობიექტი, რომელშიც გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, მდებარეობს ბორჯომის რ/ნ-ის, სოფ. ჩითახევში.

,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ახალციხის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრა 7 მოსამართლით (მუხლი 5.3). ახალციხის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 3 მოსამართლით, რომელთაგან: ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტში; ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ასპინძის მუნიციპალიტეტში; გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში (მუხლი 5.4).

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს.

მითითებული მუხლების მოთხოვნა და სამართალდარღვევის თაობაზე საქმეთა განხილვის თავისებურება საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადგინოს, რომ დავა ტერიტორიულად განსახილველად ექვემდებარება არა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, არამედ ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რის გამოც სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე