Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 288-აპ 2 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),

მ. ტურავა

განიხილა მსჯავრდებულ ი. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 მაისის განაჩენი მის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 მაისის განაჩენით ი. ტ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 6 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ მოსახდელად შეეფარდა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: ი. ტ-ს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 3 დეკემბრიდან.

განაჩენით ი. ტ-ს მსჯავრი დაედო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობის მცდელობისათვის, რომელიც გამოიხატა შემდეგში:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 6 დეკემბრის განაჩენით ი. ტ-ს 1960წ. სსკ-ის 243-ე მუხლისა და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2002წ. ოქტომბერში იგი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე, 1 წლითა და 7 თვით ადრე. პირობით მსჯავრდების პერიოდში მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული: 2003წ. 9 დეკემბერს შეაღწია რუსთავის “აზოტის” ქარხნის საწყობში, საიდანაც შეეცადა, გაეტაცებინა ფერადი ლითონი. მან განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან დააკავეს ქარხნის დაცვის თანამშრომლებმა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. ტ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. საჩივარში მიუთითებს, რომ მას ქურდობის მცდელობა არ ჩაუდენია, “აზოტის” ქარხნის საწყობში არ შესულა. მართალია, იმყოფებოდა ქარხნის ტერიტორიაზე, მაგრამ სურდა გვარჯილის შეძენა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი. ტ-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა. მან აღნიშნა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, “აზოტის” ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა გვარჯილის შესაძენად და არა ქურდობის ჩასადენად. ამასთან, აღნიშნა, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. მსჯავრდებულმა პალატას სთხოვა, გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა პ. მ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი ი. ტ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. ტ-ს საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. მსჯავრდებულ ი. ტ-ს განცხადებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და “აზოტის” ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა არა ქურდობის მიზნით, არამედ გვარჯილის შესაძენად, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ასეთი ვერსია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

საქმეზე მოწმედ დაკითხულმა “აზოტის” ქარხნის დაცვის თანამშრომლებმა: გ. დ-მა, ა. მ-მ, დ. ჟ-მა დაადასტურეს 2003წ. 9 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 2 საათსა და 40 წუთზე, ქარხნის საწყობში ი. ტ-ს დაკავების ფაქტი.

წინასწარი გამოძიების დროს დათვალიერდა საწყობი, რის შედეგადაც აღმოაჩინეს ძალაყინი, გატეხილი ბოქლომი და ხელთათმანი, რომლებიც საქმეზე ცნობილ იქნა ნივთმტკიცებად.

პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით ი. ტ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და განაჩენი ამ მიმართებით დასაბუთებულია.

ამასთან ერთად, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს დანაშაულის მცდელობა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი და თვლის, რომ ი. ტ-ს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 3 წლამდე. ამ სასჯელს უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

ი. ტ-ს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.