Facebook Twitter

ბს- 1171 (კ-18) 28 აპრილი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ომ“ 13.02.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 16.09.2016წ. N04/70308 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.01.2017წ. N04/2121 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.05.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ოს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.05.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 16.09.2016წ. N04/70308 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.01.2017წ. N04/2121 გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გადაუდებელ ამბულატორიულ პაციენტზე სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება არ გარდაქმნის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას სტაციონალურ სამედიცინო მომსახურებად. აღნიშნული უნდა დადგინდეს არა მხოლოდ ბარათით, არამედ გაწეული მომსახურების სპეციფიკით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ამბულატორიულ მომსახურებას. საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის/დატოვებს მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ხორციელდება, ხოლო მეორე დაწესებულებაში გაწეული მომსახურების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პირობების გათვალისწინებით პაციენტისათვის შპს „...ოს“ მიერ გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდა. კასატორი მიუთითებს, რომ სტაციონალური მომსახურება არ გულისხმობს მხოლოდ სტაციონარში დაყოვნების დროს, ის ასევე გულისხმობს სამედიცინო ჩარევის ფორმასაც, ხოლო სასამართლოს განმარტების მიხედივით, შემთხვევა მიეკუთვნება სტაიონალურს თუ ამბულატორიულს უნდა შეფასდეს მხოლოდ პაციენტის დაყოვნების დროის მიხედვით, რაც არასწორია. კასატორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას შემთხვევის გადაუდებელი ბუნების შესახებ, მაგრამ მიიჩნევს მას არა ამბულატორიულ, არამედ სტაციონალურ ჩარევად. კასატორი მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტები (789 ფურცლად) შეეხებოდა სტაციონალურ შემთხვევებს და არანაირი კავშირი არ ჰქონდა განსახილველ საქმესთან. ამდენად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინებით შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს"...სი".

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ნ. ბ-ემ (დაბ. ...წ.) 02.04.2016წ. 11:48 საათზე მიმართა შპს „...ოს“ გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტს, დიაგნოზით - „სხვა და დაუზუსტებელი ტკივილი მუცლის არეში R10.4“. პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ხოლო გახანგრძლივებული მუცლის ტკივილის გამო ნ. ბ-ის მკურნალმა ექიმმა მიიჩნია, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა სტაციონალური მკურნალობა. ნ. ბ-ე 02.04.2016წ. 15:10 საათზე გაეწერა შპს „...ოდან“ ვინაიდან პაციენტის დედამ შესაძლო რისკის მიუხედავად უარი განაცხადა საავადმყოფოში დარჩენასა და შვილისათვის სტაციონალური მკურნალობის ჩატარებაზე. იმავე დღეს, 02.04.2016წ. 18:37 საათზე განხორციელდა ნ. ბ-ის ჰოსპიტალიზაცია შპს „...ში“ და პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია - აპენდექტომია.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.7 მუხლის მიხედვით, სტაციონალურ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრამვებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალის და თვალის დანამატების ტრამვებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონალურ სამედიცინო მომსახურების შემთხვევად. მოცემულ შემთხვევაში პაციენტი კლინიკაში დაყოვნდა დაახლოებით 4 საათი ანუ 24 საათზე ნაკლები დროით, რაც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამორიცხავს ამ მკურნალობის სტაციონალურად მიჩნევას. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებულ აქტს, კერძოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 16.09.2016წ. N04/70308 გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითც ირკვევა, რომ კლინიკის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული იყო შეტყობინება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში დიაგნოზით: ტკივილი მუცლისა და მენჯის არეში. საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიხედვით პაციენტს ჩაუტარდა ინფუზური და ანტისპაზმური თერაპია, რის შემდეგაც შეთავაზებულ იქნა ჰოსპიტალიზაცია, რაზედაც ბავშვის მშობელმა განაცხადა წერილობითი უარი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პაციენტისათვის გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების გაწევას, ხოლო სააგენტოს მიერ მომსახურების სტაციონალურად მიჩნევა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პაციენტზე შევსებული იყო სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში, სტაციონალური სამედიცინო ბარათის არსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა სხვადასხვა შემთხვევების ანაზღაურება, რის საილუსტრაციოდაც სამედიცინო დაწესებულების მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სპეციფიკისა და დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით სახეზე იყო გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების განხორციელება, რაც ექვემდებერება ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ N36 დადგენილების შესაბამისად (იხ. სუს 11.04.2019წ. Nბს-74(კ-19) განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.10.2018წ. N31627 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი