Facebook Twitter

ბს-1290(კ-18) 28 აპრილი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,...მ“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 13.06.14წ. №22/17 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც სს ,,...ს“ უარი ეთქვა ,,საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის წესის’’, სხვადასხვა მომსახურების შესყიდვის და ქონების იჯარაზე გაფორმებული ხელშეკრულებების, აგრეთვე ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება სს ,,...ს“ მიერ წარდგენილი ,,საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის წესის’’, სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და ქონების იჯარაზე გაფორმებული ხელშეკრულებების, ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2015წ. გადაწყვეტილებით სს ,,...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 13.06.14წ. №22/17 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც სს „...ს“ უარი ეთქვა ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე, მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა სს ,,...ს“ მიერ წარდგენილი ელექტროენერგიის ნასყიდობისა და ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2015წ. განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინებით (საქმე Nბს-33-32(კ-16)) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2015წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2015წ. გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლოს 28.02.2017წ. Nბს-33-32(კ-16) განჩინებაში არსებული მითითებებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ინფორმაციის ღიაობით მისი ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, ამასთანავე, შეუძლებლად იქნა მიჩნეული ინფორმაციის საიდუმლოების უზრუნველყოფა, რადგან ხელშეკრულების კონტრაჰენტების მიმართ არ მოქმედებდა ინფორმაციის საიდუმლოების იმპერატივი, მათ შეეძლოთ ინფორმაციის გასაჯაროება. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ელექტროენერგიის ტარიფებისა და მისი შემადგენელი ნაწილების საჯაროობა ნორმატიულად არის უზრუნველყოფილი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...ს“ მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი. პალატამ მიუთითა, რომ არ დადასტურდა ელექტროენერგიის ნასყიდობისა და გატარების ხელშეკრულებების ღიაობით სს „...სათვის“ ზიანის მიყენება, თუმცა არ დაუდგენია 2014 წლამდე კომისიაში აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ფაქტი. მითითებული ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხი დადგა მაშინ, როდესაც ხელშეკრულებები კომისიას წარედგინა. ამის საპირისპიროდ, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, სადავო ინფორმაცია დღემდე დახურულია, თუმცა არ დასტურდება ამ წლების მანძილზე ინფორმაციის დახურვის შედეგად რაიმე ზიანის დადგომა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სს „...“ ბუნებრვი მონოპოლისტი ენლექტროენერგიის გაყიდვაშია და არა მის ყიდვაში. ელექტროენერგიის შესყიდვას ახდენენ სხვა საწარმოებიც, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სხვა დაინტერესებულმა პირმა ელექტროენერგიის მწარმოებლებს შესთავაზოს უფრო მეტი ფასი, რაც წარმოშობს სს „...სთან“ არსებული სახელშეკრულებო ფასის გადახედვას. კასატორმა აღნიშნა, რომ კომისია ადგენს ტარიფს, რითაც მომხმარებელი დაცულია მონოპოლიური ფასებისაგან. კასატორმა მიუთითა, რომ იგი არ ითხოვდა ნორმატიული აქტით განსაზღვრული ინფორმაციის დახურვას, რადგან ღიაა მხოლოდ ჯამური მონაცემი და არა ის, თუ კონკრეტული ჰესიდან რა ფასად მოხდა ელექტროენერგიის შეძენა. კასატორი თვლის, რომ განსახილველ დავაში კონტრაჰენტების ჩართვა არ იყო საჭირო, რადგან ხელშეკრულების მხარეებს შორის რაიმე სადავო არ არის. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კერძო სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულების კონტრაჰენტები საჯარო დაწესებულებები არ არიან, ამიტომ მათთან დადებული ხელშეკრულებები საჯარო არ არის. აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2017წ. Nბს-33-32(კ-16) განჩინებაში ასახულ განმარტებებს და აღნიშნავს, რომ ინფორმაციისათვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება მოითხოვს ინფორმაციის კომერციული საიდუმლოებისადმი მიკუთვნების დოკუმენტურ დადასტურებას. პერსონალური მონაცემების დაცვისაგან განსხვავებით კომერციული საიდუმლოების შემთხვევაში მისი დაცვა იმთავითვე არ არის პრეზუმირებული, ინფორმაციის დაცვის ინტერესი ამ შემთხვევაში თავისთავად არ იგულისხმება. პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი რეჟიმისაგან განსხვავებით, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის, მისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ნების გამოხატვა. ამასთანავე ინფორმაციის გასაიდუმლოება არ არის დამოკიდებული მხოლოდ სუბიექტის ნება-სურვილზე და მოსაზრებაზე. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებისთვის მფლობელს, ნების გამოხატვის გარდა, უნდა გააჩნდეს საჯარო დაწესებულებაში შენახული ინფორმაციის დაცულობის მიმართ გამართლებული, პატივსადები ინტერესი, რაც განპირობებულია საიდუმლოების მფლობელის შესაძლო თვითნებობის შეზღუდვის საჭიროებით, ვინაიდან კომერციულ საიდუმლოებად ინფორმაციის გამოცხადება აკისრებს სხვებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ვალდებულებას, ანიჭებს ინფორმაციის მფლობელს განსაკუთრებულ უფლებებს, ხოლო სახელმწიფოს ამ უფლებების უზრუნველყოფის პოზიტიურ ვალდებულებებს. ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურად ცნობასაც ითხოვს სს „...“ შექმნილია ხელშეკრულების მხარეების მიერ, ინფორმაციის მფლობელი არის არა ერთი, არამედ რამოდენიმე პირი - ელექტროენერგიის ნასყიდობისა და გატარების ხელშეკრულების მხარეები. საქმის მასალებით არ დასტურდება კონტრაჰენტების დაინტერესება ინფორმაციის გასაიდუმლოებით. შესაბამისად, არ დასტურდება ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების ძირითადი პირობა - ინფორმაციის მფლობელის ნება. ამასთანავე, ხელშეკრულების კონტრაჰენტების, როგორც ინფორმაციის მფლობელების მიმართ კომერცული საიდუმლოების დაცვა დისპოზიციურია. კონტრაჰენტების შესაძლებლობა - გაავრცელონ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია, არ იძლევა კომერციული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის, მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ზომების მიღების შესაძლებლობას.

ინფორმაციისათვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭების მეორე წინაპირობაა ინფორმაციის გავრცელებით მისი მფლობელისათვის ზიანის მიყენების საფრთხე, რასაც სს „...“ ასევე ვერ ასაბუთებს. ის, რომ ელექტროენერგიის ნასყიდობისა და გატარების ხელშეკრულებების ღიაობის შემთხვევაში, სს „...ს“ კონტრაჰენტებმა სხვა პირებისაგან შესაძლოა მიიღონ უფრო ხელსაყრელი პირობები, მაგ.: შედარებით მაღალი ფასი, რაც კასატორთან მოქმედი სახელშეკრულებო ფასის გადახედვასაც გამოიწვევს, არ ასაბუთებს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევას, რადგან სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ეკონომიკის სფეროში კონკურენცია გულისხმობს მეწარმეთა შეჯიბრს საქონლის (მომსახურების) წარმოებისა და გასაღების ხელსაყრელი პირობებისათვის. კონკურენცია არის მეტოქეობა ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ბაზრის ნორმალური და სტაბილური განვითარება სწორედ კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში არის შესაძლებელი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფების დადგენა. სატარიფო განაცხადის დასაბუთებულობის გარკვევამ შესაძლოა საჭირო გახადოს გაწეული დანახარჯების, შესყიდული რაოდენობის და მაშასადამე ხელშეკრულებების გაცნობა. ტარიფების შესახებ საერთო ჯამური მონაცემის გამოქვეყნება გულისხმობს ამ მონაცემის სისწორის გადამოწმების შესაძლებლობას, რაც შეუძლებელი იქნება ხელშეკრულებების ტექსტების ხელმიუწვდომლობის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის 30.07.2014წ. N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისი სატარიფო განაცხადი და თანდართული დოკუმენტები საჯარო და ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი პირისთვის, სატარიფო განაცხადის განხილვა კომისიაში მიმდინარეობდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით (ანალოგიურ წესს ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი რედაქციის 31.7 მუხ.). საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 30.08.06წ. N77 ბრძანებულებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას. წესების თანახმად, ღია ინფორმაციად მიიჩნევა: შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობები - ელექტროენერგიის ფასის მითითებით; შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობისა და ფასების შესახებ; ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობისა და გამყიდველის მხრიდან შემოთავაზებული ფასის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „...ს“ მიერ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების მოთხოვნის საჯარო დანაწესებთან, ნორმატიული აქტებით დადგენილი ინფორმაციის ღიაობის რეჟიმთან შესაბამისობა არ არის დასაბუთებული.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტარიფებთან დაკავშირებული წარმოება განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს იწვევს და ამ წარმოების დროს წარდგენილი ინფორმაციის გასაიდუმლოებამ შესძლოა ზიანი მიაყენოს ელექტროენერგიის მომხმარებელ ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც დაინტერესებულია რაციონალური, ობიექტური, გონივრული ტარიფის დადგენით. ამასთანავე, ელექტროენერგიის დანახარჯები ნებისმიერი წარმოების დანახარჯებში შედის, ამიტომ ელექტროენერგიის რაციონალური ტარიფი ხელს უწყობს აგრეთვე მთლიანად ეკონომისის განვითარებას. მსგავსი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს გამართლებულ ეკონომიკურ, პატივსადებ ინტერესს და უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ საჯარო წესრიგს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.სს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. განჩინება;

3.სს „...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.08.2018წ. N51514001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი