ბს- 1321 (კ-18) 28 აპრილი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 15.09.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ პაციენტ ნ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურებისა და შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „...სა“ და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მომსახურების ღირებულების - 1275 ლარის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.09.2014წ. განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.09.2014წ. განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2014წ. საოქმო განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.2014წ. განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2015წ. განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა პაციენტ ნ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა შპს „...ის“ მიერ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გაწეული ხარჯის 1275 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მკურნალობის ეტაპზე არ გამოვლენილა ე.წ. საექიმო შეცდომა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დიაგნოზი ვერ დაისვა ან დაისვა არასწორად, არ დასტურდება, რომ ექიმთა ჯგუფმა ვერ გაანალიზა ოპერაციული ჩარევის საჭიროება. ოპერაციული ჩარევა გადაწყდა გარდაუვალი აუცილებლობის დადასტურების შემთხვევაში და ჩატარდა მას შემდეგ, რაც დადასტურდა კონსერვატიული მკურნალობის მეთოდის უშედეგობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 30.09.2013წ. შემოწმების აქტით დგინდება, რომ პაციენტ ნ. მ-ის მკურნალობისას ადგილი ჰქონდა რიგ დარღვევებს. „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების 9.21 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით(მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან უხარისხოდ, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. მოცემულ შემთხვევაში დაწესებულების მიერ ბიუჯეტში შესატანი თანხა განისაზღვრა 9000 ლარით. საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების 10.5 პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის ეტაპების გათვალიწინებით, შესრულებული სამუშაოს რევიზიის აქტზე მსჯელობა სცილდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას. დადგენილების მე-17 მუხლის თანახმად, რევიზიის ჩატარებაზე კომპეტენტური ორგანოა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. დადგენილების მე-8, 22.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო როგორც შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი, უფლებამოსილია ზედამხედველობის ინსპექტირების და რევიზიის შედეგების საფუძველზე გამოვლენილი დარღვევებისას არ აანაზღაუროს მიმწოდებლის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ხოლო „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 19.5 მუხლის თანახმად, დამატებითი ფინანსური ჯარიმა სამედიცინო დაწესებულებას არ ათავისუფლებს გამოვლენილი დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნების ვალდებულებისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 30.09.2013წ. შეადგინა შემოწმების აქტი, რომელშიც ასახულია შპს „...ში“ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის „მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის“ კომპონენტის ფარგლებში, პაციენტებისათვის (მათ შორის, ნ. მ-ისათვის) გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის მართლზომიერების შესწავლის შედეგები. შემოწმების აქტის თანახმად, სააგენტოს მიერ ნ. მ-ის სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია გადაგზავნილ იქნა სარეცენზიოდ. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ზემოაღნიშნული შემოწმების შედეგებიდან და რეცენზენტთა დასკვნიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების 9.21 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.
საქმის მასალების მიხედვით ნ. მ-ი 19.04.2013წ. ჰოსპიტალიზირებულ იქნა შპს „...ში“, ამავე დღეს პაციენტს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა და დაიბადა მამრობითი სქესის ახალშობილი. პოსტოპერაციულ პერიოდში, მეორე დღიდან (21.04.2013წ.) ნ. მ-ს განუვითარდა საკეისრო კვეთის შემგომი გართულებები. კონსიულიუმის მიერ გადაწყდა პაციენტისათვის კონსერვატიული მკურნალობის ჩატარება, ხოლო 25.04.13წ. (საკეისრო კვეთიდან მე-6 დღეს) ჩატარდა ოპერაციული ჩარევა - რელაპარატომია. პაციენტი 09.05.2013წ. გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან. მოსარჩელისათვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ ჩატარებული ოპარაციული ჩარევა იყო დაგვიანებული და პაციენტის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია დარგის სპეციალისტების წინააღმდეგობრივი დასკვნები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. 30.09.2013წ. შემოწმების აქტი ეყრდნობა რეცენზენტების (დ. გ-სა და ბ. ტ-ის) დასკვნას, რომლის მიხედვითაც 25.04.13წ. საკეისრო კვეთიდან მე-6 დღეს წარმოებული რელაპარატომია იყო დაგვიანებული. ამავე დასკვნის მიხედვით, პაციენტის გამოჯანმრთელება განაპირობა ქირურგიული ჩარევის ადეკვატურობამ და სწორედ წარმართულმა ოპერაციის შემდგომმა მკურნალობამ. საქმეში დაცულია ასევე მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის - თ. ა-ის წერილი, რომლის მიხედვითაც მოცემულ შემთხვევაში სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა საკეისრო კვეთის შემდგომ განვითარებულ პირველად პერიტონიტს. ოპერაციული მკურნალობა ამ შემთხვევაში იყო დროული. საქმეში წარმოდგენილია ასევე დამოუკიდებელი სასამართლო ექპერტიზის ცენტრის შპს „...სა“ და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნები, რომელთა მიხედვითაც, პაციენტის გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში ბინაზე გაწერის ფაქტი მიანიშნებს კონსილიუმის გადაწყვეტილების სისწორეზე. ოპერაციის გადაწევით პაციენტს მიეცა საშვილოსნოს შენარჩუნების დამატებითი შანსი, რაც საბოლოოდ ვერ მოხერხდა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ არცერთი დასკვნა არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ოპერაციის შემდგომი გართულებები წარმოადგენდა საკეისრო კვეთის შემდგომ მოსალოდნელ გართულებას, რომლის შესახებაც ინფორმირებული იყო პაციენტი და იგი არ იყო გამოწვეული სამედიცინო შეცდომით. ოპერაციის გადადება და პაციენტზე კონსერვატიული მკურნალობის გამოყენება განპირობებული იყო საშვილოსნოს შენარჩუნების მიზნით, რამეთუ საქმე ეხებოდა პირველ მშობიარობას (26 წლის ასაკში), ხოლო ოპერაციული ჩარევა გადაწყდა გარდაუვალი აუცილებლობის დადასტურების შემთხვევაში. ამდენად, ის მოსაზრება, რომ ოპერაციული ჩარევა იყო დაგვიანებული არ დასტურდება საქმეში დაცული მტკიცებულებებით. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პაციენტი ბინაზე გაეწერა გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში და გაწეული სამედიცინო მომსახურების მიმართ მისი მხრიდან პრეტენზია წარდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2018წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.12.2018წ. N35824 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი