Facebook Twitter

ბს-1457 (კ-18) 28 აპრილი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 05.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 11.10.2016წ. N04/76995 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტ თ. გ-აზე გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, შპს „...ის“ 01.11.2016წ. N2707/1 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.04.2017წ. N04/21695 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს „...ისათვის“ პაციენტ თ. გ-ასათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 3860 ლარის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 11.10.2016წ. N04/76995 გადაწყვეტილება პაციენტ თ. გ-აზე გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის“ 01.11.2016წ. N2707/1 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.04.2017წ. N04/21695 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების საააგენტოს დაევალა შპს „...ისათვის“ პაციენტ თ. გ-ასათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 3860 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2016 წლის 19 მარტიდან 22 მარტამდე დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა - პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ხოლო 2016 წლის 22 მარტიდან 27 მარტამდე დაფიქსირებული მეორე პროგრამული შემთხვევა - თავის ტვინის დეკომპრესია, ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება განეკუთვნებოდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით გათვალისწინებულ ასანაზღაურებელ შემთხვევას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 22.5 მუხლის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას. შესაბამისად პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ნოზოლოგიური კოდის (93.5 თავის ტვინის კომპრესია - ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება) ტარიფში, რაც არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელე დაწესებულების მიერ და წარმოდგენილ იქნა ცალკე სახით. ზემოაღნიშნული დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას ან/და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ თ. გ-ას მკურნალობის შემთხვევა შესასწავლად გადაეგზავნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომლის 23.03.2017წ. წერილის მიხედვით, სახეზეა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 19.3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოება, რომლის მიხედვითაც შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, რაც ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შემთხვევა არ არის ანაზღაურებული არ მომხდარა დაწესებულების დაჯარიმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით პაციენტ თ. გ-ას სამედიცინო მომსახურება გაეწია ...ის კლინიკაში 2016 წლის 19 მარტიდან 2016 წლის 27 მარტამდე გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით. 2016 წლის 19 მარტიდან 2016 წლის 22 მარტამდე პაციენტს გაეწია საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით გათვალისწინებული პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, 2016 წლის 22 მარტს პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია - თავის ტვინის დეკომპრესია, ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება, ხოლო 2016 წლის 27 მარტს პაციენტი გაეწერა კლინიკიდან. საქმის მასალებში დაცულია კლინიკის მიერ შედგენილი კალკულაცია თითოეული პერიოდისათვის, კერძოდ 2016 წლის 19 მარტიდან 22 მარტამდე ჩატარებული პირველი დონის ინტენსიური მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 1000 ლარი, ხოლო 2016 წლის 22 მარტიდან 27 მარტამდე გაწეული მომსახურების (თავის ტვინის დეკომპრესია, ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება) ღირებულებამ - 2860 ლარი. დაწესებულებას უარი ეთქვა ზემოაღნიშნული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ნოზოლოგიური კოდის G.93.5 (თავის ტვინის კომპრესია, ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება) ტარიფში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ პაციენტი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროებდა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის ფარგლებში კონსერვატიულ მკურნალობას, რაც სადავოდ არ არის გამხდარი მოპასუხის მიერ, ამასთანავე საქმის მასალებში დაცულია მკურნალობის ამ ეტაპზე პაციენტისათვის გაწეული მომსახურების თითოეული სახისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაცია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ კლინიკის მიერ თ. გ-ასათვის გაწეული მომსახურება მოიცავს ორ პროგრამულ შემთხვევას და საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების შესაბამისად ექვემდებარება ანაზღაურებას. ამდენად, დაუსაბუთებელია დაწესებულებისათვის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე კასატორის უარი ზემოაღნიშნული დადგენილების 22.5 მუხლზე მითითებით. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საფუძველსაა მოკლებული დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ და 19.3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების სამკურნალო დაწესებულების მიერ დარღვევა, რამეთუ დაწესებულების მიერ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების მოცულობა და ღირებულება სრულად ასახულია მის მიერ წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში და არ შეიცავს არასწორ, სინამდვილისთვის შეუსაბამო ინფორმაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2018წ. განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.12.2018წ. N39060 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი