ბს-738(2კ-19) 16 ივლისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე;
კასატორები - 1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა (მოპასუხე);
2. თ. ფ-ი (მოსარჩელე);
მოწინააღმდეგე მხარეები - 1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა (მოპასუხე);
2. თ. ფ-ი (მოსარჩელე);
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ფ-მა 2018 წლის 11 მაისს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიმართ. 2018 წლის 31 მაისის დაზუსტებული სარჩელით მოპასუხედ დამატებით მიეთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის თ. ფ-ის სასარგელოდ მატერიალური ზიანის - 10 000 (ათი ათასი) ლარის, მორალური ზიანის - 20 000 (ოცი ათასი) ლარისა და მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოპასუხის ნაცვლად, საქმეში ჩაერთო მესამე პირად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას თ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარისა და მატერიალური ზიანის - 1 230 (ათას ორას ოცდაათი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ და თ. ფ-მა სააპელაცო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სამცხა-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მოსარჩელე თ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც თ. ფ-მა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ საკასაციო წესი გაასაჩივრეს.
კასატორმა - სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, სზაკ-ის 207-ე, 208-ე მუხლებზე, სკ-ის 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3, მე-29, 32-ე და 33-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გარდა სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი და ეროვნული სასამართლო პრაქტიკა. კონკრეტულ შემთხვევაში, თ. ფ-ი პატიმრობაში არ ყოფილა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო. სისხლისსამართლებრივი დევნა კი მის მიმართ მიმდინარეობდა 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 3 000 (სამი ათასი) ლარი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ თ. ფ-ის 65-ჯერ გამოცხადება ახალციხის რაიონულ სასამართლოში და 3-ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე, ცნობა მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით, უტყუარად არ ადასტურებს, მის მიერ ტრანსპორტირების ხარჯის - 255 ლარის გაწევას. ამასთანავე, არამართებულია სასამართლოს მოსაზრება, რომ სხდომებზე მოსარჩელის გამოცხადება ხელშემშლელი ფაქტორი იყო სამსახურებრივი საქმიანობისათვის, რადგან თ. ფ-ის ერთ-ერთი სამუშაო დღე ემთხვევა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღეს. ამასთანავე, კასატორმა აღნიშნა, რომ საცხოვრებელი სახლის შეფასებისათვის თ. ფ-ის მიერ გადახდილი 121 ლარის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისათვის დაკისრება არამართებულია, რადგან თ. ფ-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით, რაც მან უზრუნველყო ქონებით. შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დაცვა, რაც გაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის პროცესით, ანაზღაურების საფუძველი ვერ გახდება.
კასატორმა - თ. ფ-მა აღნიშნა, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინებს მის მიერ გადატანილი განცდები და ფსიქოლოგიური სტრესი. კასატორის მითითებით, იგი უკანონო სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას დაავადდა შაქრიანი დიაბეტით, რის გამოც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსამენის გარეშე, რის გამოც, მას არ მიეცა საშუალება, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ დასახელებულ სასამართლო პარქტიკა და არ გაითვალისწინა ის გარემობა, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად გამოხატავს ემოციებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და თ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. სსკ-ის 1005.3 მუხლის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
საქმის მასალებით დადგენილადაა ცნობილი, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის №12/003-13წ. განჩინებით ბრალდებულ თ. ფ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა გირაო 10000 ლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით 10000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო ელისაბედ ფ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ქვითრით დადგენილია, რომ ელისაბედ ფ-ი საცხოვრებელი სახლის შეფასებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილია 121 ლარი. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივნისის განაჩენით თ. ფ-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. აღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ.
მორალური ზიანის ოდენობის შესახებ კასატორთა მოსაზრებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა პატიმრობაში, სისხლისსამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ გრძელდებოდა 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან, თ. ფ-ი იყო ბუღალტერი და შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო საქმიან ურთიერთობებში ნდობის ხარისხი მის მიმართ. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 000 ლარი, მოცემულ შემთხვევაში, ადეკვატურ ოდენობას წარმოადგენს.
მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, საკასაციო პალარა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გაიმარათა 65, ხოლო სააპელაციო სასამართლოში - 3 სხდომა. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მგზავრობის ღირებულების თაობაზე ცნობისა და მოსარჩელის საშუალო დღიური ანაზღაურების გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტაციის სასამართლოების მსჯელობა სასამრთლო სხდომებზე გამოცხადების გამო, თ. ფ-ისათვის მგზავრობისა და მოცდენილი სამუშაო დღეების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის თაობაზე. ამასთანავე, დასტურდება, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული გირაოს უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი სახლის შეფასებისთვის გადახდილია 121 ლარი. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის უკანონო მსჯავდებასა და მისთვის 2016 წლის 14 ნოემბერს დასმულ დიაგნოზს შორის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და თ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და თ. ფ-ის საკასაციო საჩივრები;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე