Facebook Twitter

ბს-1141 (კ-18) 28 აპრილი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...მა’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროს 01.06.2016წ. №151214095/164989 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.09.2016წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად (სასკ-ის 16.2) იქნენ ჩაბმული სს ,,...ი” და მ. კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 01.06.2016წ. №151214095/164989 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. პალატამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული ყადაღის მოხსნის შესახებ პირობის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება, თუმცა ვინაიდან გასაჩივრებული აქტის გამოცემისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ არ იყო გამოკვლეული მითითებული ნორმით დადგენილი პირობების არსებობა, მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა საკითხის სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტის თაობაზე.

განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინები გაუქმების გზით სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილებით სააღსრულებო ბიუროსთვის საკითხის გადაწყვეტის დავალება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან დავის საგანია ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების ფარგლებში დაყადაღებულ მოძრავ ნივთზე ყადაღის მოხსნა, რაც მოწერიგებულია ამავე კანონის შესაბამისი ნორმებით (XVII თავით), რომელთა შორის გათვალისწინებული არ არის ყადაღის მოხსნის შესაძლებლობა მოგირავნის მიერ დაყადაღებულ ქონებაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. სასამართლოს მიერ მითითებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401 მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია ამგვარი შესაძლებლობა, არ ვრცელდება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებულ წარმოებაზე, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება უნდა გამომდინარეობდეს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან, რაც გათვალისწინებული არ იქნა სასამართლოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება მ. კ-ეს და შპს ,,...’’-ს შორის გაფორმებული სესხის და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ა/მანქანაზე გირავნობის უფლების გავრცელება. ამავე ხელშეკრულებებით დადგინდა მ. კ-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ა/მანქანის შპს ,,... ’’-ის მფლობელობაში, ხოლო შემდგომ საკუთრებაში გადასვლის შესაძლებლობა. მ. კ-ის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო ა/ მანქანა გადავიდა შპს ,,... ’’-ის მფლობელობაში, თუმცა მისი რეალიზაციის დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში სს ,,...ის” განცხადების საფუძველზე მიმდინარე ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებულ წარმოების ფარგლებში ამავე ა/ მანქანაზე ყადაღის არსებობა. აღიშნული ყადაღის მოხსნის მოთხოვნით შპს ,,... ’’-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გასაჩივრებული აქტით. მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად მიეთითა, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებასთან დაკავშირებით საკითხების „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის XVII თავით მოწესრიგება, რომელთა შორის ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების ფარგლებში დაყადაღებულ მოძრავ ნივთზე მოგირავნის მოთხოვნის შესაბამისად ყადაღის მოხსნა გათვალისწინებული არ არის. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ არ არსებობდა ყადაღის მოხსნის სამართლებრივი საფუძველი. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ აღნიშნული პოზიცია არ იქნა გაზიარებული და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401 მუხლის მოთხოვნებზე მითითებით სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მოგირავნის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებდა ამავე ნორმით დადგენილ ყველა პირობას, სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო მოძრავ ნივთზე მოეხსნა ყადაღა. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ არსებობდა დავის სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401 მუხლის შესაბამისად ყველა პირობის არსებობის საკითხი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება სადავო აქტის გამოცემა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე, ორგანო ვალდებულია საკითხის ხელახალი განხილვისას იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოების მიერ მითითებულ გარემოებებზე, მოიძიოს დამატებითი მტკიცებულებები, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასოს ისინი და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ გადაწყვიტოს სადავო საკითხი. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401 მუხლის შესაბამისად საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობაზე. კასატორის მითითება ზოგადია, იგი ვერ ასაბუთებს აღნიშნული ნორმის გამოყენების შეუძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი არ შეიცავს მითითებას გამარტივებული წარმოების დროს ამავე კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული მოგირავნის მოთხოვნის შემთხვევაში მოძრავი ნივთის ყადაღისგან განთავისუფლების აკრძალვის თაობაზე. გამარტივებული წარმოების შესახებ ნორმები არ შეიცავს ამავე კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების საწინააღმდეგო დანაწესს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმა უნდა განიმარტოს სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად, მხოლოდ გრამატიკული განმარტების გზით (სუსგ 11.11.2019წ. ბს-373 (კ-19)). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის სისტემური ანალიზი არ ადასტურებს გამარტივებული წარმოების ფარგლებში ამავე კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული პირობებით ყადაღის მოხსნის შეუძლებლობას.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა არ ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, არ სცდება კანონმდებლობით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2018წ. განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაუბრუნდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/ნ 205263873) მიერ 19.07.2018წ. №11389 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი