Facebook Twitter

#ბს-586(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 22 აპრილს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, რეფერალური მომსახურების ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით/ოქმით დაკმაყოფილდა გ. ჩ-ის განცხადება მისი მედიკამენტური მკურნალობის 1291,00 ლარით დაფინანსების თაობაზე. მედიკამენტის გამცემად მიეთითა შპს „...ა“. 2015 წლის 14 დეკემბერს, შპს „...ას“ მიერ გაიცა მედიკამენტი, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შპს „...ას“ არ აუნაზღაურა გაცემული მედიკამენტის თანხა.

ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შპს „...ას“ სასარგებლოდ გაცემული მედიკამენტის თანხის - 1291 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი მოპასუხე საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის არსებითად განხილვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით სს „...ა“ ცნობილ იქნა შპს „...ას“ უფლებამონაცვლედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით სს „...ას“ (ყოფილი შპს „...ა“) საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოცემულ სამოქალაქო საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით შპს „...ას“ სარჩელი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სს „...ას“ (შპს „...ას“ უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ 1291 ლარის ოდენობით გაცემული მედიკამენტის თანხის გადახდა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

საქმეში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჩ-ი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებდა პირადად მიეღო ჯანდაცვის ვაუჩერის/თანხმობის წერილში მითითებული თანხის შესაბამის ფარმაცევტული პროდუქტი, შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ გ. ჩ-ის ოჯახის წევრის (მის ნდობით აღჭურვილი პირი) მიერ წარდგენილი თანხმობის წერილის საფუძველზე მიმწოდებელი არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მის მიმართ გატარდებოდა შესაბამისი საჯარიმო სანქციები. ამასთან, სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განმარტა, რომ მიმწოდებელს არ ჰქონდა ვალდებულება გადაემოწმებინა პაციენტის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მას არ გააჩნდა წვდომა მოქალაქეთა გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ აღნიშნა, რომ მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, რის გამოც სახეზეა მოთხოვნილი თანხის - 1291 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სხვა პირმა არაკეთილსინდისიერად ისარგებლა გაცემული საგარანტიო წერილით, პალატის მითითებით, მხარეს არ ერთმევდა უფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესით მოეხდინა რეაგირება და დაეწყო დარღვეული უფლებისა თუ კანონით გათვალისწინებული ინტერესის დაცვა შესაბამის პროცედურების დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, შპს „...ის“ მიერ მედიკამენტი გაცემულ იქნა 2015 წლის 14 დეკემბერს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზის მონაცემების მიხედვით კი, გ. ჩ-ი გარდაიცვალა 2015 წლის 13 დეკემბერს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „...ას“ უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საორგანიზაციო სამმართველოს (რეფერალური მომსახურების კომისია) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „...ამ“ #94/16 წერილით მიმართა 2016 წლის 26 თებერვალს და განმარტა, რომ 2016 წლის 12 თებერვლის #11-3კ-281 შესრულებული სამუშაოების ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტით დგინდებოდა, რომ შპს-ს სამედიცინო დაწესებულების მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს მოქალაქე გ. ჩ-ისათვის გაცემული მედიკამენტის თანხა, 1291 ლარის ოდენობით, არ იქნა ანაზღაურებული, რის გამოც შპს „...ამ“ მოითხოვა ანაზღაურებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითება. აღნიშნული მიმართვის პასუხად შპს „...ას“ ეცნობა, რომ დაწესებულების მიერ წარდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში პაციენტ - გ. ჩ-ისათვის პრეპარატების გადაცემა მოხდა 2015 წლის 14 დეკემბერს, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებთან, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა იდენტიფიკაციის მიზნით, დადარების დროს აღმოჩნდა, რომ გ. ჩ-ი გარდაიცვალა 2015 წლის 13 დეკემბერს, რის გამოც არ აუნაზღაურდა მოთხოვნილი თანხა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 26 ნოემბრის #01/90981 წერილით გ. ჩ-ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის #331 დადგენილების თანახმად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 20 ნოემბრის #85 სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიკამენტური მკურნალობის 1291 ლარის დაფინანსების თაობაზე (შპს „...ა“).

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შეუფერხებლად მოახდინოს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე უარის თქმა. პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაწეული მომსახურებისათვის დროულად მიიღოს ანაზღაურება შესაბამისი პროგრამით დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით. ხოლო 23-ე მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს, რომ პროგრამის მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია მოითხოვს მხოლოდ გაწეული ფაქტიური ხარჯის ანაზღაურება, მაგრამ არა უმეტეს პროგრამით დადგენილი ღირებულებისა.

დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შპს „...ამ“ შეასრულა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და თანხმობის წერილით მისულ პიროვნებას, გ. ჩ-ის ოჯახის წევრს (მის ნდობით აღჭურვილ პირს) ამ უკანასკნელის მკურნალობის მიზნით მიაწოდა ონკოლოგიური მედიკამენტი „აბრაქსანი“, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი 14.12.2015წ. #175771 გასავლის ზედდებულით. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმწოდებელს არ ჰქონდა ვალდებულება გადაემოწმებინა პაციენტის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, ამასთან პროგრამით მონაწილეს წარმოადგენდა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი, რომელიც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად პირადად ვერ მოახდენდა ფარმაცევტული პროდუქტის მიღებას შესაბამისი აფთიაქიდან. გარდა ამისა, კანონმდებლობით მიმწოდებელს ეკისრება ვალდებულება ვაუჩერის/საგარანტიო წერილის/თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, წარმდგენ პირს გაუწიოს დასახელებულ დოკუმენტაციაში მითითებული თანხის ფარგლებში შესაბამის მომსახურება და არ მოსთხოვოს მას რაიმე სხვა სახის დოკუმენტაციის/დამატებითი თანხის წარდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, რის გამოც სახეზეა მოთხოვნილი თანხის - 1291 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 05.06.2019წ. #18035 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.06.2019წ. #18035 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი