Facebook Twitter

#ბს-682(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 7 დეკემბერს შპს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #863 განკარგულების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის შპს „...-ის“ შავი სიიდან დარეგისტრირების შესახებ ჩანაწერის ამოღების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ნოემბრის #863 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

მოსარჩელის მითითებით, შპს „ს...ის“ 2015 წლის 28 სექტემბრის შეტყობინების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2015 წლის 2 ნოემბერს გამოსცა #863 განკარგულება შპს „...-ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, ვინაიდან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ გაზიფიცირების პროექტში დაშვებულმა არსებითი სახის უზუსტობებმა და შეცდომებმა, ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების შესრულება. ამის გამო, თავად კომპანიის ინიციატივით, 2014 წლის 1 ივლისიდან პროექტში 6-ჯერ განხორციელდა მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები, რამაც ზედმეტი ხარჯების, სამუშაოების შესრულების ვადის გახანგრძლივება და სამუშაოების ღირებულების 2012186,44 ლარამდე შემცირება გამოიწვია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია შპს „ს...ის“ მიერ შეგნებულად შექმნილი პრობლემებით. თავად შემსყიდველი ორგანიზაციაც აღიარებს, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და შეცვლილი გარემოებებისათვის მისადაგების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ვალდებულების შესრულება. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანია კვლავ გამოხატავს ნებას სამუშაოების შესრულებასა და გაგრძელებისათვის.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე კომპანიისათვის ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, შეეზღუდა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილოებისა და საკუთარი ინტერესების დასაცავად საკითხზე ახსნა-განმარტებით სარგებლობის უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ს...ა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს „...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #863 განკარგულების მოქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #863 განკარგულება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში და წესით, გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“ და განმარტა, რომ პირის შავ სიაში რეგისტრაციის საკითხის განხილვისას, თუკი იგი ეხება მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას, სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები, მათი შესრულების მიმდინარეობის, დარღვევის არსებობისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია. დაუშვებელია გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ დამდგარი შედეგის - არაჯეროვანი შესრულების მიხედვით. მნიშვნელოვანია, არაჯეროვან შესრულებაში მიმწოდებლის კეთილსინდისიერების როლი. პალატამ აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ხელშეკრულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა გამოწვეული იყოს მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალეულობით. საკითხის შესწავლისას კი სააგენტოს ეკისრება ვალდებულება გამოიკვლიოს სწორედ აღნიშნული გარემოებები და იმ შემთხვევაში თუკი დადგინდება ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, შეაფასოს დარღვევის გამომწვევი გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მიმწოდებლის არაკეთილსინდისიერი ქმედების დადგენის მიხედვით.

ამასთან, პალატამ განმარტა, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ნაკისრი ვალდებულების დარღვევის დადასტურების პირობებში შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის დაცვით. თანაბარზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ან დაარეგისტრიროს მიმწოდებელი შავ სიაში ან შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობისა და თანაბარზომიერების პრინციპის დაცვით, უნდა მიეღო ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება შპს „...-ის“ შავ სიაში რეგისტრაციისა თუ მისთვის გაფრთხილების გამოცხადების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაცია მოხდა მიმწოდებელსა და შპს „ს...ას“ შორის ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, კერძოდ, მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადაში სამუშაოების შესრულება. კასატორის მითითებით, შემსყიდველმა გაზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაც, თუმცა მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მხარეთა მიერ ხელმოწერილი #6 შეთანხმების მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის გასვლისთანავე ხელშეკრულება ჩაითვალა შეწყვეტილად. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული ტენდერის გამოცხადებისთანავე, სატენდერო პირობების საფუძველზე, მიმწოდებელი ინფორმირებული იყო შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #863 განკარგულება, რომლითაც მოსარჩელე 2015 წლის 3 ნოემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.2011წ. #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. აღნიშნული წესის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ადგილი ჰქონდა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებას, რაც თავის მხრივ, იწვევდა ხელშეკრულების პირობების შეცვლას და მხარეთა შორის ახალი შეთანხმებების დადებას. მხარეთა შორის ბოლო შეთანხმება დაიდო 2015 წლის 7 სექტემბერს, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. 2015 წლის 25 სექტემბერს შპს „ს...ის“ სატენდერო კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „...-თან“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტისა და მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. საგულისხმოა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ 2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, შესრულებულმა სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1 714 891,36 ლარი. ამდენად, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს „...-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან შესრულდა 1 714 891,36 ლარის სამუშაო, ხოლო შეუსრულებელი დარჩა მხოლოდ 297 295 ლარის სამუშაო.

საყურადღებოა შპს „...-ის“ მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამუშაოთა სრულყოფილად შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის არაკვალიფიციურად შედგენის გამო, რასთან მიმართებითაც საქმეში წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ...ის“ 2016 წლის 30 ნოემბრის #03/29 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების პირობებით, შპს „...-ს“ სამუშაოები უნდა შეესრულებინა შპს „ს...ის“ მიერ მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, თუმცა სამუშაოების დაწყების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო ადაპტირებული ადგილზე არსებულ რეალურ მდგომარეობასთან, ჩასატარებელი სამუშაოები გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო შესრულება პირველადი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა შეაფასოს, რამდენად განაპირობა შპს „...-ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შეუძლებლობა საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ...ის“ 2016 წლის 30 ნოემბრის #03/29 ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულმა გარემოებამ, ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობისა და თანაბარზომიერების პრინციპის დაცვით, უნდა მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება შპს „...-ის“ შავ სიაში რეგისტრაციისა თუ მისთვის გაფრთხილების გამოცხადების თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი