Facebook Twitter

#ბს-693(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 10 აპრილს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სადავო სტატუსის მქონე შემთხვევის რეესტრთან ერთად პაციენტ - ბ. უ-ას მკურნალობის ღირებულების დაფინანსების ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 31 ოქტომბრის #04/80969 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება, ასევე სს „...ის“ 2016 წლის 25 ნოემბრის #120681 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 13 მარტის #04/14913 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, პაციენტი ბ. უ-ა 2016 წლის აპრილის თვეში მკურნალობდა მათთან გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღია ჭრილობები არაშემავალი S31.1, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები არაშემავალი S21.1, მარჯვენა წინამხრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღია ჭრილობა S51, მარცხენა ბარძაყის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღია ჭრილობა S71.1, ტრავმული შოკი T79.4. მოსარჩელის განმარტებით, პაციენტს ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, რევიზია, გაკერვა, ინფუზიური, ანტიბიოტიკი, სიმპტომური თერაპია. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდგომ კი, გაეწერა კლინიკიდან შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციებით. მონიტორინგის ეტაპზე, მონიტორის მიერ შემთხვევას მიენიჭა - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ სტატუსი. მოსარჩელე არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანო მითითებას იმ გარემოებაზე, რომ შეტყობინებაში გადაცემული პროგრამული კოდი - S31.1 შეესაბამება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტს, რასთან დაკავშირებითაც მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პაციენტი თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას და მეთვალყურეობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სადავო სტატუსის მქონე შემთხვევის რეესტრი პაციენტ ბ. უ-ას მკურნალობის ღირებულების დაფინანსების ნაწილში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 31 ოქტომბრის #04/80969 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება; ბათილად იქნა ცნობილი სს „...ის“ 2016 წლის 25 ნოემბრის #120681 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 13 მარტის #04/14913 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, პაციენტი ბ. უ-ა არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის #1.1 დანართით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე.

კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის ეტაპზე ფაქტობრივი გარემოებებისა და არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო მონიტორის მიერ მოცემულ სამედიცინო შემთხვევას მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1.2 დანართით განსაზღვრული გადაუდებელი მდგომარეობის ნუსხით კლინიკის მიერ ჩატარებული მომსახურება – საშუალო ზომის ორი ან მეტი მცირე ზომის ჭრილობა ან/და დიდი ზომის ჭრილობები ან კომბინირებული ჭრილობები შესაბამისი ჭრილობის ქირურგიული დამუშავებითა და გაკერვით, გათვალისწინებულია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში. შესაბამისად, შემთხვევას #3105005108 ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ანაზღაურდება“. პროგრამის 22-ე მუხლის თანახმად, განსხვავებულია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ანაზღაურების პირობები. ამდენად, კლინიკის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებს, რაც პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 31 ოქტომბრის #04/80969 სადავო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ პაციენტი ბ. უ-ა, პირადი ნომერი: ..., არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის #1.1 დანართით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. პაციენტი სს „...ში“ 2016 წლის 3 აპრილიდან 2016 წლის 4 აპრილამდე მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით. მონიტორინიგის ეტაპზე ფაქტობრივი გარემოებებისა და არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო მონიტორის მიერ სამედიცინო შემთხვევას მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტირების ეტაპზე შემთხვევას #3105005108 განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

დადგენილია, რომ პაციენტი ბ. უ-ა 03.04.2016წ. შევიდა სს „...ში“, სტაციონარში მოთავსების მიზნით. ავადმყოფი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ, არაადეკვატურად, კითხვებზე ვერ პასუხობდა, რის გამოც, ანამნეზის სრულყოფილი შეკრება ვერ მოხერხდა. აღნიშნულ დაწესებულებაში გადაყვანამდე, ავადმყოფი იმყოფებოდა „...ში“, სადაც იგი მიიყვანეს დაჭრილი, ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში, კლინიკაში შესვლისას აღენიშნებოდა მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მუხლის, გულმკერდის და კიდურების მიდამოში. პაციენტის მიმართ შედგენილია დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღია ჭრილობები არაშემავალი S31.1; გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები არაშემავალი S21.1; მარჯვენა წინამხრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღია ჭრილობა S51; მარცხენა ბარძაყის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღია ჭრილობა S71.1; ტრავმული შოკი T79.4. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: ქირურგის, თორაკალური ქირურგის კონსულტაცია ZYZX 90. სისხლის საერთო ანალიზი BL.6. ჯგუფი და რეზუსი IM.10.1.1, IM.10.1.2, შარდის საერთო ანალიზი UR.7 - მუცლის ღრუს ექოსკოპია JXDE3A. პლევრის ღრუს ექოსკოპია GADE1A; მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია JXDA3A. მუცლის ღრუს კტ. კვლევა JXDD3A, გულმკერდის კ.ტ. კვლევა GDDD1A. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, ტკივილ მუცელში არ აღენიშნება. პაციენტს გაეწია სათანადო მკურნალობა და სტაციონარიდან გაეწერა 2016 წლის 4 აპრილს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა ზემოაღნიშნული დადგენილების #1.2 დანართზე, რომლითაც დადგენილია ნუსხა გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობების შესახებ. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ნუსხაში შედის: ტრავმა, ჭრილობა, უცხო სხეული, დამწვრობა, მოყინვა/ცხვირიდან სისხლდენა. ამავე დანართის მე-2 პუნქტში გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებათა პირობების ჩამონათვალში I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დასახელების დაზუსტებათა ნუსხაში მითითებულია T79.4 ტრავმული შოკი, ხოლო #1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებათა პირობების გადაუდებელ მდგომარეობათა ნუსხაში მე-16 ნომრად მოხსენიებულია გულ-მკერდის, მუცლის, მენჯის ღრუს და სასქესო ორგანოების ტრავმები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პაციენტი ბ. უ-ა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 05.06.2019წ. #18038 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.06.2019წ. #18038 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი