#ბს-730(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 20 ნოემბერს მ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის #1604 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მ. ქ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა 1960 წლის 25 მაისს ქ. სოხუმში, სადაც ცხოვრობდა იძულებით გადაადგილებამდე - 1993 წლამდე. 1996 წელს იყო დარეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ბაზაში, ხოლო 2015 წელს მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ჩამოერთვა დევნილის სტატუსი იმ საფუძვლით, თითქოს არ დასტურდება მისი 1993 წლამდე ქ. სოხუმში ცხოვრების ფაქტი, რის გამოც მიიჩნიეს, რომ აღნიშნული სტატუსი მიიღო ყალბი საბუთების წარდგენის გზით. მოსარჩელის მითითებით, 1993 წლამდე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა და ეწეოდა ერთობლივ საოჯახო მეურნეობას სოხუმში, რისი დადასტურებაც შესაძლებელია ფოტოებისა და მოწმეთა ჩვენებებით. ამასთან, მისი ოჯახის ყველა წევრს, ვისთან ერთადაც 1993 წელს დატოვა აფხაზეთი, აქვს დევნილის სტატუსი და მათ შემთხვევაში ეჭქვეშ არ დამდგარა 1993 წლამდე სოხუმში ცხოვრების ფაქტი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1982 წელს მეუღლესთან განქორწინების შემდეგ სოხუმი არ დაუტოვებია და ცხოვრობდა იქ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაებნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ. ქ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის #1604 ბრძანება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კანონით დადგენილი წესით მ. ქ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის ჩამორთმევის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მ. ქ-ას აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ უდასტურდება. პალატის განმარტებით, მ. ქ-ას მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული წარმოება არ იქნა ჩატარებული სრულყოფილად, არ იქნა ჯეროვნად მოპოვებული უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები (მათ შორის არ განხორციელდა მოწმეთა დაკითხვა) და გადაწყვეტილება დაეფუძნა, ერთი მხრივ, მხოლოდ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწოდებულ წერილობით ინფორმაციას, რომელიც რა ინფორმაციაზე დაყრდნობით არის გაცემული, არ დასტურდება, ხოლო მეორე მხრივ, გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ ეჭვს, რომ მცირეწლოვანი შვილების დედის საცხოვრებელი ადგილი უპირობოდ იქნებოდა იქ, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ. ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია კანონსაწინააღმდეგოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმეში არსებული სრული ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ მ. ქ-ა წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელ პირს 90-იანი წლების მოვლენების დროისათვის. კასატორის განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი პირობაა პირს იძულებით ჰქონდეს დატოვებული თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც მ. ქ-ას შემთხვევაში, არ ჰქონია ადგილი. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მისივე მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, არ წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორია, რომელიც არ დაუტოვებია იძულებით. კასატორის განმარტებით, მ. ქ-ა მუდმივად ცხოვრობდა არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ ...ში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეს - მ. ქ-ას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი იძლევა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის დეფინიციას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1896-1849(კ-10) ადმინისტრაციულ საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას მასზედ, რომ მ. ქ-ას მიმართ სრულყოფილად არ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის, არ განხორციელდა მოწმეთა დაკითხვა და გადაწყვეტილება დაეფუძნა, ერთი მხრივ, მხოლოდ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწოდებულ წერილობით ინფორმაციას, ხოლო მეორე მხრივ, ეჭვს, რომ მცირეწლოვანი შვილების დედის საცხოვრებელი ადგილი უპირობოდ იქნებოდა იქ, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „...-ის“ მიერ გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ქრონიკულად დაავადებულია ეპილეფსიით. ამასთან, აღსანიშნავია მოსარჩელის განმარტება, რომლის მიხედვითაც, მისი დაავადებიდან გამომდინარე, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას ეზრუნა შვილებზე, რის გამოც ისინი ფაქტობრივად ცხოვრობდენენ მამასთან ...ში. ...ში ბავშვებზე ზრუნავდნენ მოსარჩელის ყოფილი დედამთილი და მამამთილი. თავად მ. ქ-ა კი ცხოვრობდა აფხაზეთში, სოხუმში მშობლებთან ერთად და მკურნალობდა.
ამასთან, საყურადღებოა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ. ჯ-ის ჩვენება, რომლის თანახმად, იგი მოსარჩელესთან ერთად სწავლობდა სკოლაში და ცხოვრობდა სოხუმში, მას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. მოწმის განმარტებით, მ. ქ-ა მუდმივად ცხოვრობდა სოხუმში. გათხოვების შემდეგ იგი ასევე ცხოვრობდა სოხუმში. ომის პერიოდში მოსარჩელე შეხვდა მას. ამასთან, მ. ჯ-ი ადასტურებს, რომ მათ 1993 წელს დატოვეს სოხუმი გემით. კერძოდ, მ. ქ-ამ თავის მშობლებთან ერთად დიდი გემით დატოვა სოხუმი, ხოლო თავად სხვა გემით. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი ოჯახური პრობლემების შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, მხარეთა განმარტებების და მოწმის ჩვენების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვერ დგინდება დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძვლის არსებობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი