Facebook Twitter

#ბს-750(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 5 იანვარს რ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 ნოემბრის #969 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მიწის ნაკვეთებზე რ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, რ. ჯ-ეს ქ. ბათუმში (...ი), ...ის ქ. #63-ში 1990-იანი წლებიდან საკუთრებაში აქვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ამავდროულად, იგი იმავე წლებიდან მოყოლებული სარგებლობს 217 კვ.მ ფართის მომიჯნავე მიწის ნაკვეთით, რომელზეც მდებარეობს რკინის ხიმინჯებზე აგებული ხის დამხმარე შენობა, რომელსაც ამჟამად საცხოვრებლადაც იყენებს. მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 12 სექტემბერს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით განცხადებით მიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიას, რომელმაც 2017 წლის 21 ნოემბრის #969 განკარგულებით უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე, ორი ძირითადი საფუძვლით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა რ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავე ტერიტორიას და ნაგებობა, რომელიც მდებარეობს მიწის ნაკვეთზე, არ წარმოადგენდა მიწასთან მყარად დამაგრებულ კონსტრუქციას.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომისიამ არასწორად შეაფასა სადავო ნაკვეთი, როგორც რ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამომიჯნავე, ვინაიდან ამ ორ ნაკვეთს შორის გადის მხოლოდ სამანქანე გზა, რომლითაც სარგებლობენ ამ ტერიტორიაზე არსებული სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები. მოსარჩელის განმარტებით, ნაკვეთებს შორის მხოლოდ გზის არსებობა არ შეიძლება მათი არამომიჯნავედ მიჩნევის საფუძველი გამხდარიყო. მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთს შორის სხვა ნაკვეთი არ არსებობს, შესაბამისად, მხოლოდ ამ ნაკვეთების გამყოფი გზის არსებობა ვერ გახდება მოთხოვნილი ნაკვეთის არამომიჯნავედ მიჩნევის საფუძველი. მოსარჩელის მითითებით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი ნაკლებია მის საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, სადავო ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების პირობას, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე განთავსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა მიწის გრუნტთან დაკავშირებული უნდა იყოს მყარად და შემოსაზღვრული კოლონებით ან სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „მოქალაქე რ. ჯ-ეზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 ნოემბრის #969 განკარგულება; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, რ. ჯ-ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში (...ი) ...ის ქ. #63-ში მდებარე 217 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა დაევალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 იანვრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო განკარგულებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის იმ საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ. პალატის განმარტებით, მომიჯნავე ნაკვეთებში იგულისხმება მოსაზღვრე, საერთო საზღვრის (მათ შორის წარმოსახვითი), ღობის მქონე ნაკვეთები, შესაბამისად ცალსახაა, რომ ორ ნაკვეთს შორის მდებარე საზოგადოებრივი სივრცე, გზა და ან სხვა დანიშნულების მიწის ნაკვეთის არსებობა გამორიცხავს ამ ნაკვეთების მომიჯნავეობას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე.

სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად მიწის ნაკვეთების მომიჯნავეობის ფაქტის არარსებობისა, ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ ჰქონდა შეფასებული უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის მოტივით მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, რა გარემოების არსებობაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის დამოუკიდებელ წინაპირობას წარმოადგენს. პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არასაკმარისი იყო, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები სასამართლოს მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, ვერ იქნებოდა მიჩნეული უტყუარად, რაც იძლეოდა მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს შორის იყო გზა. შესაბამისად, მისი „მომიჯნავე მიწის ნაკვეთის“ სტატუსით განხილვა კომისიამ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია, ვინაიდან „მომიჯნავე სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთად“ არსებული პრაქტიკით ყოველთვის ითვლებოდა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი, როდესაც მიწის ნაკვეთებს გაჩნიათ საერთო საზღვარი. კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ რ. ჯ-ემ 2015 წლის 17 სექტემბერს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო საკუთრებაში ქ. ბათუმში (...ი) ...ის ქ. #63-ში მდებარე 2969.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

კასატორის განმარტებით, აღიარების თაობაზე მოქმედი კანონმდებლობით, აღიარებას ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთები, რომელზედაც განთავსებულია მდგრადი ნაგებობა და არა დროებით შენობა, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა არის ხის ნაგებობა და იგი ვერ ჩაითვლება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტში მითითებულ შენობად. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ნაგებობა, თავისი კონსტრუქციული ელემენტებით, არის დროებითი ხასიათის ნაგებობა.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკრებულოს მიერ დამტკიცებული ზონირების რუკის მიხედვით, მდებარეობს სატრანსპორტო ზონაში და ის წარმოადგენს სატრანსპორტო ზონის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, კომისიისათვის მიზანშეუწონელია ამ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთების აღიარების საფუძველზე განკერძოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველი დავის ფარგლებში რ. ჯ-ის მოთხოვნა უკავშირდება მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას. კერძოდ, რ. ჯ-ემ 2017 წლის 12 სექტემბერს განცხადებით მოითხოვა ქ. ბათუმში (...ი), ...ის ქუჩის #63-ში მდებარე 217 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 ნოემბრის #969 სადავო განკარგულებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენდა ხის დროებით კონსტრუქციას, რომელიც მყარად არ იყო დაკავშირებული მიწასთან, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სადავო მიწის ნაკვეთის განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავეობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლო განმარტებას და აღნიშნავს, რომ ორ ნაკვეთს შორის მდებარე საზოგადოებრივი სივრცე, გზა და/ან სხვა დანიშნულების მიწის ნაკვეთის არსებობა გამორიცხავს ამ ნაკვეთების მომიჯნავეობას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება, მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავეობის საფუძვლით, გამოირიცხება. თუმცა აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების აღიარების დამოუკიდებელ წინაპირობას წარმოადგენს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა, რასთან მიმართებითაც საყურადღებოა საქმეში არსებული შპს „...ის“ ინჟინერ-კონსტრუქტორის 2018 წლის 5 იანვრის საექსპერტო დასკვნა. აღნიშნული დასკვნით დადგენილია, რომ შენობის 1-ლი სართული 3 მეტრის სიმაღლით წარმოადგენს ლითონის კონსტრუქციულ ნაგებობას (ლითონის მილები) და მოშანდაკების ნიშნულზე გამოყენებულია ლითონის შველერები. შენობის საძირკველი ჩაღრმავებულია 1.0 მეტრ სიღრმეზე და დაფუძნებულია კაჭარ-კენჭნარ გრუნტზე. საძირკვლებში გამოყენებულია ბ-15 კლასის ბეტონი. შენობის პირველ სართულს არ გააჩნია შემომფარგვლელი კედლები, ხოლო მეორე სართული არის აშენებული ხე-მასალით და გააჩნია ორქანობიანი სახურავი. ვიზუალური დათვალიერებით, შენობა 6.0X10.0 მ. წარმოადგენს ხე-მასალის საშრობს და აშენებულია 1994 წელს, რომლის ფართობია 217 კვ.მ. ამავე დასკვნის თანახმად, ჩატარებული გამოკვლევისა და ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით მიჩნეულ იქნა, რომ შენობის კონსტრუქციული ნაწილი მდგრადია და მიწასთან შეხების წერტილები შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად. შენობა აშენებულია საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, მაგრამ დღეის მდგომარეობით აკმაყოფილებს მასზე წაყენებულ მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, სრულყოფილად არ შეუფასებია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის მოტივით მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, სათანადო მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის დროებით შენობად მიჩნევის საკითხი.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სატრანსპორტო ზონაში მდებარეობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 ნოემბრის #969 სადავო განკარგულებით აღნიშნული არგუმენტი არ გამხდარა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, არამედ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენდა ხის დროებით კონსტრუქციას, რომელიც მყარად არ იყო დაკავშირებული მიწასთან, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი მითითებული ფაქტობრივი გარემოება. ამასთან, ამ მიმართებით საქმის მიმდინარეობისას და, მათ შორის, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, კასატორის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია. რ. ჯ-ე მიჩნეულია მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლად. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტი რ. ჯ-ის მიერ 2015 წლის 17 სექტემბერს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმში (...ი) ...ის ქ. #63-ში მდებარე 2969.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის საფუძვლით დაუბრუნდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი