Facebook Twitter

#ბს-767(2კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 14 დეკემბერს ლ. ბ-ამ, ნ. ბ-ამ და ნი. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა ლ. ნ. და ნი. ბ-ების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულების ბათილად ცნობა და მათივე ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლე. ბ-ას შორის 2009 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან აფხაზეთიდან დევნილები. 2017 წლის 25 სექტემბერს მათ განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, თუმცა იმავე წლის 4 ოქტომბერს მიღებული წერილით მათ ეცნობათ, თითქოს ისინი უკვე დაკმაყოფილებულნი იყვნენ საცხოვრებელი ფართით, შესაბამისად, აღარ ჰქონდათ ფართის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლე. ბ-ას შორის 2009 წლის 10 თებერვალს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და აღნიშნავენ, რომ მათთვის ხელშეკრულების დადების მომენტში არაფერი ყოფილა ცნობილი და არანაირი თანხმობა არ განუცხადებიათ. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ხელშეკრულება და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულება ზღუდავს მათ უფლებას, როგორც დევნილებმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა ფარგლებში, მიიღონ საცხოვრებელი ფართი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ლე. ბ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ბ-ას, ნ. ბ-ასა და ნი. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ბ-ამ, ნ. ბ-ამ და ნი. ბ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ას, ნ. ბ-ას და ნი. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ბ-ას, ნ. ბ-ას და ნი. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლ. ბ-ას, ნ. ბ-ას და ნი. ბ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსიტროსა და ლე. ბ-ას შორის 2009 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი ლ. ბ-ას, ნ. ბ-ას და ნი. ბ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლსა და 67-ე მუხლზე და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლე. ბ-ას შორის დადებული ხელშეკრულება ლ. ბ-ას, ნ. ბ-ას და ნი. ბ-ას ნაწილში, უკანონოდ მიიჩნია, ვინაიდან არ არსებობდა მის დადებაზე აპელანტების წერილობითი თანხმობა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულების დადების შესახებ 2017 წლის 25 სექტემბრამდე ცნობილი იყო აპელანტებისთვის. პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე გამოცხადებული მესამე პირის - ლე. ბ-ას ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, ზემოხსენებულ ხელშეკრულებას მან ისე მოაწერა ხელი, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება გულისხმობდა ლ., ნ. და ნი. ბ-ების ფართით დაკმაყოფილებას და მასზე განხორციელებული ხელმოწერა ასევე გულისხმობდა მათთვის ინფორმაციის მიწოდების სავალდებულოობას ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება შედგენილია ერთ ეგზემპლარად, რომელიც სარეგისტრაციოდ გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მხარეებს არ გადასცემიათ. სასამართლოს მითითებით, ვარაუდი, რომ ლ. ბ-ას, ნ. ბ-ას და ნი. ბ-ას უნდა სცოდნოდათ სადავო ხელშეკრულების თაობაზე, არ დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-5 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სადავო განკარგულების გამოცემის დროს დაცული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც გამორიცხავს აქტის ბათილად გამოცხადებას. კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ხდებოდა არა თითოეული პირის, არამედ დევნილი ოჯახის, რასთან დაკავშირებითაც მიუთითებს საქართველოს მთავრობის 28.05.09წ. #403 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“.

კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებლით სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილთა ოჯახს და არა ოჯახის ცალკეულ წევრს. გასაჩივრებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელეების თაობაზე პასუხისმგებლობა იკისრა მისივე ოჯახის წევრმა - ლე. ბ-ამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების დადებისას აუცილებელი იყო ყველა იმ პირის წერილობითი თანხმობა, რომლებიც მითითებულნი არიან ხელშეკრულების 2.2 პუნქტში. ასევე, სამინისტრო არ იზიარებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ბ-ა და მისი შვილები - ნ. და ნი. ბ-ები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოებული აღრიცხვით დევნილებად დარეგისტრირდნენ მისამართზე - თბილისში, ...ი, ...ის ქუჩა #53-ში, საოჯახო ნომრით ... .

დადგენილია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ქ. #53-ში, მე-2 სართული, 2 ოთახი, 74 კვ.მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ლე. ბ-ას. ამავე განკარგულების დანართში მითითებულია ფიზიკური პირები (ლ. ბ-ა, ნ. ბ-ა, ნი. ბ-ა).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 10 თებერვლის საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსა (შემდეგში „გამყიდველი“) და ლე. ბ-ას (შემდგომში „მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ლე. ბ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ქ. #53-ში, მე-2 სართული, 2 ოთახი, 74 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად, ლე. ბ-ამ აიღო ვალდებულება ლ. ბ-ა, ნ. და ნი. ბ-ები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ამავე ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვდნენ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ სადავოდაა ქცეული ლ. ბ-ას, ნ. ბ-ას და ნი. ბ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლე. ბ-ას შორის 2009 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ლე. ბ-ასთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულება.

შესაბამისად, სადავოა საკითხი იმის შესახებ, რომ ლ. ბ-ა, ნ. ბ-ა და ნი. ბ-ა, როგორც დევნილები, ითვლებიან თუ არა სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად იმ პირობებში, როდესაც ლ. ბ-ას ძმასთან - ლე. ბ-ასთან გაფორმდა საცხოვრებელი ფართის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით ლე. ბ-ამ აიღო ვალდებულება მოსარჩელეები ეცხოვრებინა სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემულ ბინაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 2.5. პუნქტით მოსარჩელეებს ისე აეკრძალათ უფლება, როგორც დევნილებმა, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმების დროს არ უცნობებია მათთვის, არ მიუწვევია ისინი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, არ არსებობდა მათი არანაირი ფორმით გაცემული თანხმობა სადავო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელეთა მიმართ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რა დროსაც აუცილებელია მისი მიწვევა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ამასთან, ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლო მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო ამ ხელშეკრულების ან/და პრეზიდენტის განკარგულების არსებობის თაობაზე. აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეებისთვის 2017 წლის 4 ოქტომბრის წერილით გახდა ცნობილი ის ფაქტი, რომ ითვლებოდნენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი