Facebook Twitter

#ბს-800(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 12 იანვარს ჯ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2016 წლის სექტემბერს მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 28 სექტემბრის ცნობა მისი მეუღლის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე თ. ო. რ-ას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული მიმართვის საფუძველზე მას დაენიშნა 1000-ლარიანი ყოველთვიური კომპენსაცია. მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 3 ნოემბერს განცხადებით მიმართა ამავე სამინისტროს და მოითხოვა 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით კუთვნილი მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება, რაზეც უარი განუცხადეს იმ საფუძვლით, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნებოდა კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოში განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

ამდენად, მოსარჩელემ ჯ. ჯ-ასთვის 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის #04/42272 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ჯ. ჯ-ას სასარგებლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით ჯ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით განმარტა, რომ კანონმა გაითვალისწინა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრის უფლება, მოიპოვოს საკუთრება სახელმწიფო კომპენსაციაზე. უფლების განხორციელება კი, დამოკიდებულია მისი მფლობელის ნებაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ჯ. ჯ-ამ სახელმწიფოს მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნაზე საკუთრების უფლება მოიპოვა 2016 წლის 1 ოქტომბრიდან - მის მიერ შესაბამისი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენისა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნიდან. შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ ჯ. ჯ-ას მოთხოვნა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ გამომდინარეობდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა, რომ არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის არც ფორმალური და არც მატერიალური საფუძვლები. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს კანონით განსაზღვრულ რეკვიზიტებს, კერძოდ, იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც აქტი საჩივრდება, ასევე საჩივრის წარდგენის ვადას. კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ პირს, რომელიც აკმაყოფილებს მისაღები კომპენსაციის პირობებს, მისი მიღების უფლება აქვს 2014 წლის 1 იანვრიდან. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა მისი საკუთრებაა, რომლის მიღების უფლებაც ეზღუდება. კასატორის მითითებით, საკუთრების უფლებას იცავს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისულებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის წერილობითი მიმართვა, რომლითაც მოსარჩელე ჯ. ჯ-ას განცხადება, 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო კომპენსაცია მოსარჩელეს დაენიშნა შესაბამისი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 29 სექტემბერს და წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 28 სექტემბრის ცნობა, რის საფუძველზეც, მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 1 ოქტომბრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი პოლიციელის მეუღლეს.

ზემოაღნიშნული კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ კანონმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა იმპერატიულად დაუკავშირა უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის დროს, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის წარმოშობილი სახელმწიფო კომპენსაციის საფუძველი. შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნა დამოკიდებულია მისი მფლობელის ნებაზე.

განსახილველ შემთხვევაში კი დასტურდება, რომ 2016 წლის 29 სექტემბრამდე ჯ. ჯ-ას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის არ მიუმართავს, რის გამოც მან სახელმწიფოს მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნაზე საკუთრების უფლება მოიპოვა მხოლოდ 2016 წლის 1 ოქტომბრიდან - მის მიერ შესაბამისი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის 2014 წლის 1 იანვრიდან კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა განაპირობა მის მიერ საკუთარი უფლების რეალიზაციის განუხორციელებლობამ, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევაზე ან კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ გასაჩივრებული მიმართვა არ შეიცავს სათანადო რეკვიზიტებს, სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ ამ რეკვიზიტების მიუთითებლობას მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ჰქონდა მნიშვნელობა და გამხდარიყო შეფასების საგანი, თუ სადავო იქნებოდა აქტის გასაჩივრების ვადა და ამ კუთხით სარჩელის დასაშვებობა. მოცემულ შემთხვევაში კი, როდესაც თავად მოთხოვნის საფუძვლიანობა არ დასტურდება - თანხის ანაზღაურების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრებები აქტის უკანონობასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი