#ბს-820(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 26 დეკემბერს რ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 17 ნოემბრის #CB695574 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის #35069 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, პირადი მოხმარების მიზნით ქ. თბილისის მიმართულებით, 2016 წლის 9 ნოემბერს იგი ახორციელებდა სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული, ოჯახის კუთვნილი ხის მასალის ტრანსპორტირებას, რასთან მიმართებითაც მამის, გ. ს-ის სახელზე გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 17 ნოემბრის #CB695574 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის #35069 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ, ერთი მხრივ, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 21 სექტემბერს რ. ს-ემ განაცხადით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს მასზედ, რომ 2016 წლის 21 სექტემბრიდან ეკონომიკურ საქმიანობას წყვეტდა, მეორე მხრივ კი, განმარტა, რომ განმსაზღვრელია არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია, არამედ ტრანსპორტირებული საქონლის სამეწარმეო საქმიანობისადმი კუთვნილება. პალატამ განმარტა, რომ თუკი ხდება სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირება, რომელიც თავისი არსით გამორიცხავს ასეთი საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებას, სასაქონლო ზედნადების შევსების ვალდებულებას კანონმდებელი არ აწესებს.
სასამართლოს მითითებით, კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის შესწავლის მიზნებისთვის არსებითია ტრანსპორტირებული საქონლის მოპოვების სამართლებრივი საფუძველი - სოციალური ჭრების შედეგად ხე-ტყის მოპოვება, რასაც უკავშირდება სასაქონლო ზედნადების გამოწერის სავალდებულოობის დადგენა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული დოკუმენტები სოციალური ჭრის შედეგად ხე-ტყის მასალის გაცემას ადასტურებდა. ამასთან, სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით არ დგინდებოდა, მოპოვებული ხე-ტყის რ. ს-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს რ. ს-ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მას აღნიშნული მასალა ესაჭიროებოდა პირადი მოხმარების მიზნით, კერძოდ, თავისი დის, ე. ს-ისთვის გადასაცემად. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ ე. ს-ის სახელზე არ არის დარეგისტრირებული არანაირი მშენებარე სახლი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რ. ს-ე ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულია 2001 წლის 4 ივნისიდან და საქმიანობის სახედ მითითებული აქვს საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, 2016 წლის 18 მაისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონალური სამმართველოს მიერ რ. ს-ის მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტზე, რაზეც სასამართლოს მიერ 2016 წლის 31 მაისს გამოტანილ იქნა დაჯარიმების შესახებ დადგენილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 17 ნოემბრის #CB695574 სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია იმ საფუძვლით, რომ რ. ს-ის მიერ განხორციელდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1 852 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „დახერხილი ხე მასალა“ (4,63 მ3 x 400 ლარი) ტრანსპორტირება (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ..., მძღოლი - რ. ს-ე; გადამოწმების დრო - 09.11.2016, 06:10 სთ) კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევისათვის, რ. ს-ე დაჯარიმდა 5 000 ლარით და ჩამოერთვა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლით მოწესრიგებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძვლები და წესი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ერთი მხრივ, ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე, ხოლო მეორე მხრივ, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებითი და სავალდებულო ელემენტია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისადმი კუთვნილება, ანუ საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების არსებობა სავალდებულოა არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობისას. ამრიგად, განსახილველი დავის სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, ტრანსპორტირებული საქონელი იყო თუ არა მოპოვებული სოციალური ჭრის შედეგად და იყო თუ არა განკუთვნილი სამეწარმეო საქმიანობისთვის.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ ტრანსპორტირებული ხე-ტყე მოპოვებული იყო სოციალური ჭრის შედეგად, კერძოდ, იგი ახორციელებდა მამამისის სახელზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით გათვალისწინებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას, რომელიც მის დას საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ესაჭიროებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი გ. ს-ეზე გაცემული #0000719171 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი 6,33 მ3 მორზე (დანიშნულების ადგილი - ბორჯომის რაიონი, სოფ. ...ი). ასევე, გ. ს-ეზე გაცემული #0000719172 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი 1,15 მ3 მორზე (დანიშნულების ადგილი - ბორჯომის რაიონი, სოფ. ...ი). ამდენად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით დგინდება, რომ ტრანსპორტირებული საქონელი მოპოვებული იყო სოციალური ჭრის შედეგად. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის დის სახელზე მშენებარე სახლი არ არის რეგისტრირებული, საკასაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში განმსაზღვრელია არა მხოლოდ კონკრეტული პირის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის ფაქტი, არამედ მის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის გარემონტების ფაქტიც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვერც იმ გარემოებას ასაბუთებს, რომ რ. ს-ემ მოპოვებული ხე-ტყე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენა. რაც შეეხება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის დადგენილებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ამავე სასამართლოს მიერ დადგენილია მოსარჩელის მიერ სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული 2,5 მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ფიცრის ტრანსპორტირების წესის დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით ტრანსპორტირების ან ასეთი ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისებისთვის, თუმცა დასტურდება საქონლის სოციალური ჭრების შედეგად მოპოვება, მისი სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი კი არ არის გამოვლენილი და დადასტურებული.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მხოლოდ ეჭვი სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული, არ შეიძლება გახდეს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი, რაც ადასტურებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი