Facebook Twitter

#ბს-830(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ა-ის, ნ. ს-ის, ზ. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ის, ზ. ა-ის, ნ. ა-ის, მ. ა-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 1 დეკემბერს თ. ა-ემ და ნ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2969, #2970 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის თ. ა-ისა და ნ. ს-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და დევნილის სტატუსის აღდგენამდე, კანონით დადგენილი ოდენობით, დევნილის შემწეობის შეწყვეტის თვიდან, მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დავალება მოითხოვეს.

2016 წლის 1 დეკემბერს ზ. ა-ემ, ა. ა-ემ, ე. ა-ემ და თ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2985, #2984, #2983, #2986 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის ზ. ა-ისთვის, ა. ა-ისთვის, ე. ა-ისა და თ. ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და დევნილის სტატუსის აღდგენამდე, კანონით დადგენილი ოდენობით, დევნილის შემწეობის შეწყვეტის თვიდან, მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დავალება მოითხოვეს.

2016 წლის 1 დეკემბერს ზ. ა-ემ, ნ. ა-ემ, მ. ა-ემ და გ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2982, #2981, #2980, #2979 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის ზ. ა-ისთვის, ნ. ა-ისთვის, მ. ა-ისა და გ. ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და დევნილის სტატუსის აღდგენამდე, კანონით დადგენილი ოდენობით, დევნილის შემწეობის შეწყვეტის თვიდან, მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დავალება მოითხოვეს.

სარჩელების მიხედვით, ოჯახმა (ცოლ-ქმარი - თ. ა-ე და ნ. ს-ი) 1990 წლის თებერვალში შეიძინა სახლი სოხუმის რაიონის სოფ. ...აში, სადაც იმავე წელს, შვილებთან ერთად, გადავიდა საცხოვრებლად. როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი, მისი წევრები დარეგისტრირდნენ დევნილებად და მინიჭებული აქვთ დევნილის სარეგისტრაციო (საოჯახო) ნომერი ... . მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მინისტრის ბრძანებები უკანონოა, ვინაიდან მათი ოჯახი 1990 წლიდან, იძულებით გადაადგილებამდე, მუდმივად ცხოვრობდა სოხუმის რაიონის სოფ. ...აში, რის გამოც არ არსებობდა მათთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის კანონიერი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის, ნ. ს-ის, ზ. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ის, ზ. ა-ის, ნ. ა-ის, მ. ა-ის, გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ა-ემ, ნ. ს-მა, ზ. ა-ემ, ა. ა-ემ, ე. ა-ემ, თ. ა-ემ, ზ. ა-ემ, ნ. ა-ემ, მ. ა-ემ და გ. ა-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკებრის განჩინებით თ. ა-ის, ნ. ს-ის, ზ. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ის, ზ. ა-ის, ნ. ა-ის, მ. ა-ის, გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 1993 წლამდე იყო გარდაბნის რაიონი, სოფელი ...ა და არა სოხუმის რაიონი, სოფელი ....ა, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოსარჩელეთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩატარებული გასაუბრების მასალებზე, რომლის მიხედვით, თ. ა-ემ, ნ. ს-მა, ზ. ა-ემ და ზ. ა-ემ მიუთითეს, რომ ისინი იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდნენ სოხუმში, სოფელ ...აში, სადაც 1988 წელს შეიძინეს სახლი. სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ სოფელში თ. ა-ის უძრავი ნივთის საკუთრების უფლება დადასტურებული არ არის სათანადო მტკიცებულებით. პალატამ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ა-ე, ნ. ს-ი და მათი ოთხი შვილი დაიბადა …ში. თ. ა-ის მეუღლე ნ. ს-ი და მათი შვილები 1989 წლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში, სადაც 1987 წლიდან თ. ა-ის მშობლები ცხოვრობდნენ. ნ. ს-ი 1977-1988 წლებში მუშაობდა …ში, სკოლის ...დ, ხოლო 1989 წლიდან იყო საბავშვო ბაღის ... გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში. თ. ა-ე 1991 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა გარდაბანში, ნავთობგაზის ...დ. თ. ა-ემ გასაუბრების კითხვარში მიუთითა, რომ საცხოვრებელ სახლს ფლობდა სოხუმში და 1991 წელს დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აფხაზეთის ტერიტორიაზე. პალატის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 13.09.2016წ. წერილით დგინდება, რომ თ. ა-ე და მისი მეუღლე ნ. ს-ი 1993 წლამდე სოხუმის რაიონის, სოფ. ...აში მუდმივად არ ცხოვრობდნენ, ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული ინფორმაციის მიხედვით, თ. ა-ეს პასპორტის ანკეტა-განაცხადში დაბადების ადგილად მითითებული აქვს …ის რაიონი, სოფ. ...ო, ხოლო საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვს გარდაბნის რაიონი, სოფ. ...ა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ თ. ა-ე და ნ. ს-ი, ფაქტობრივად, უმეტესი დროით ნათესაური კავშირების, საქმიანობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაკავშირებულნი იყვნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ...თან. სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია მოსარჩელის მითითება, რომ თავად ცხოვრობდა სოფელ ...აში, ხოლო მისი მეუღლე და შვილები 1989 წლიდან - გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავად 1991 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა გარდაბანში ნავთობგაზის ...დ, ამასთანავე, 1989-1993 წლებში იყო გაერთიანება „...ის“ ...ე ...ში. პალატის მითითებით, მოსარჩელის სოფელ ...აში ცხოვრების ფაქტი, ასევე არ დასტურდება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ სოფელ ...აში მოსარჩელეების უძრავი ნივთის საკუთრების უფლება დადასტურებული არ არის საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით, რაც დამატებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს მუდმივად ცხოვრების მატერიალური საფუძვლები სოხუმში, სოფელ ...აში არ გააჩნდათ. პალატამ აღნიშნა, რომ მოწმეთა განმარტებები, რომლის მიხედვითაც, ისინი დროის გარკვეულ მონაკვეთში ხვდებოდნენ თ. ა-ეს სოფელ ...აში, ვერ იქნება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის საკმარისი პირობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოწმეთა ცალკეული განმარტებები არ ემთხვევა თ. ა-ის განმარტებებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ა-ემ, ნ. ს-მა, ზ. ა-ემ, ა. ა-ემ, ე. ა-ემ, თ. ა-ემ, ზ. ა-ემ, ნ. ა-ემ, მ. ა-ემ და გ. ა-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი.

კასატორები მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების მიხედვით, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩათვლილიყო სოხუმის რაიონი, სოფ. ...ა. ამასთან, კითხვარის შევსების დროს მათ არ დაუსვეს ძირითადი კითხვა - თუ რომელი ადგილი ჰქონდათ არჩეული საცხოვრებლად. კასატორები მიიჩნევენ, რომ ყოველგვარი შეფასების გარეშე იქნა გაზიარებული აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის დასკვნა. ამასთან, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ კასატორებს კანონიერად თუ უკანონოდ ჰქონდათ სახლი აფხაზეთში, რაც უნდა გაეზიარებინა სასამართლოსაც.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოსარჩელეების ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები, თ. ა-ის 1976 წლის 30 ნოემბერს გაცემული პასპორტი, რომლის მიხედვით, იგი 1990 წლის 25 თებერვალს ჩაწერილია (რეგისტრირებულია) სოფელ ...აში) დადგენილია, რომ თ. ა-ეს მუდმივ საცხოვრებლად არჩეული ჰქონდა სოხუმის რაიონი, სოფ. ...ა, იგი დროის დიდ ნაწილს იქ ატარებდა, ომის პერიოდში კი მუდმივად იმყოფებოდა იქ და სოხუმი დატოვა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ა-ის, ნ. ს-ის, ზ. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ის, ზ. ა-ის, ნ. ა-ის, მ. ა-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის, ნ. ს-ის, ზ. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ის, ზ. ა-ის, ნ. ა-ის, მ. ა-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებს მინიჭებული ჰქონდათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და იღებდნენ შესაბამის შემწეობას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სადავო ბრძანებებით მოსარჩელეებს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, რასაც საფუძვლად დაედო დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 18 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათებით წარდგენილი დასკვნები, რომლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო გარდაბანი და არა სოხუმი, სოფ. ...ა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლი ახდენს დევნილის ცნების დეფინიციას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1896-1849(კ-10) ადმინისტრაციულ საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამავე კანონში ჩამოთვლილი მიზეზების გამო.

ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების განმარტებას 1993 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული მოსაზრება არ ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა ომამდე მოსარჩელეების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაწყვეტილება მიიღო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ის, ნ. ს-ის, ზ. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ის, ზ. ა-ის, ნ. ა-ის, მ. ა-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი