#ბს-886(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 21 თებერვალს შპს „...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 13 თებერვლის #531 განკარგულებისა და 2017 წლის 14 თებერვლის #536 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის #531 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით შპს „...“-ის დირექტორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის #531 განკარგულების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ს...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 13 თებერვლის #531 განკარგულება და 2017 წლის 14 თებერვლის #536 განკარგულება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოსარჩელე ვალდებული იყო, რომ დეტალურად შეემოწმებინა წარდგენილი ინფორმაცია და მასში მითითებული გარემოებები, თუმცა წარდგენილ დოკუმენტში აღმოჩენილი შეცდომა არ უკავშირდებოდა უშუალოდ ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი კონკრეტული პირობის დადგენას, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია, პრეტენდენტს ტენდერში გამარჯვების მიზნით განზრახ არასწორი ინფორმაცია წარედგინა. სასამართლოს მითითებით, სადავო შემთხვევაში საქმე ეხება სანოტარო აქტის რეკვიზიტებთან დაკავშირებით არსებულ შეცდომას, რადგან იგი იმეორებდა წინა სანოტარო აქტის მონაცემებს. მოცემულ საკითხთან მიმართებით სასამართლომ მიუთითა შპს „თ...ის“ 2017 წლის 9 იანვრის #123-02 ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2016 წლის 6 დეკემბერს მათ მიერ სკანერში გაიპარა შეცდომა, კერძოდ, სკანირებული გვერდების გაერთიანებისას ახალი თარგმანის საწყისი გვერდები და ნოტარიალური დამოწმება შეცდომით გააერთიანა მათმა თანამშრომელმა, რომელმაც არ გადაამოწმა ის, რადგან ძველი და ახალი სკანერის სახელწოდებები ერთმანეთს ემთხვეოდა და მათ ადგილმდებარეობას არ მიაქცია ყურადღება, რამაც გამოიწვია შპს „...“-სთან არასწორი სკანირებული დოკუმენტის გაგზავნა. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, არსებული ტექნიკური შეცდომა პირდაპირ და უშუალოდ ვერ გამოიწვევდა ტენდერში მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან არ უკავშირდებოდა სატენდერო მოთხოვნას და არ შეიძლებოდა გამხდარიყო შპს „...“-ის მიმართ სადავო განკარგულებებით გათვალისწინებული ღონისძიების გატარების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, პრეტენდენტის მიერ ტენდერში ატვირთული დოკუმენტები გამომდინარეობდა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნებიდან. კასატორისთვის გაურკვეველია, როგორ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, ვის მიერ იყო გამოწვეული მოცემული შეცდომა და როგორ გამოირიცხება მიზანმიმართული ქმედება, მით უფრო, ტენდერში პრეტენდენტი მხოლოდ იმ მიზნით იღებს მონაწილეობას, რომ გაიმარჯვოს და გააფორმოს ხელშეკრულება.
კასატორის განმარტებით, ტენდერში მონაწილეობისას პრეტენდენტის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენის დროს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის სწორი და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიწოდების რისკი და პასუხისმგებლობა სწორედ ტენდერში მონაწილეს და არა გარეშე პირს ეკისრება. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ პრეტენდენტი, რომელიც აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით ადასტურებს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობასა და უტყუარობას, პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და წარდგენილ ინფორმაციაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „...“-ის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 13 თებერვლის #531 განკარგულებისა და შპს „...“-ის თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 თებერვლის #536 განკარგულების კანონიერების შემოწმება.
საქმის მასალების თანახმად, სატენდერო კომისიამ იმსჯელა შპს „...“-ის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობაზე შპს „ს...ის“ სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციასთან და დაადგინა, რომ შპს „...“-ის ტექნიკური დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას.
შპს „ს...ის“ სატენდერო კომისიის 2016 წლის 9 დეკემბრის #2 ოქმით დგინდება, რომ შპს „...“-ის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ ჩაითვალა დაზუსტებულად. კერძოდ, პრეტენდენტმა წარადგინა შეცვლილი დოკუმენტი, რომელშიც, ნაცვლად პირვანდელ დოკუმენტში მითითებული განზომილების ერთეულისა - მმ, მოცემული იყო განზომილების ერთეული - სმ. აღნიშნული დოკუმენტი იყო ინგლისურენოვანი, ამიტომ მას თან ერთვოდა ნოტარიალურად დამოწმებული ქართული თარგმანი. მიუხედავად თარგმანის ცვლილებისა, არ მომხდარა სანოტარო მოქმედების დამადასტურებელი დოკუმენტის ცვლილება. დაზუსტებულ დოკუმენტზე სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი ემთხვეოდა დაზუსტების მოთხოვნამდე თავდაპირველად წარდგენილი დოკუმენტის სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერს და რეგისტრაციის თარიღს. კერძოდ, პრეტენდენტმა თავდაპირველად დოკუმენტი წარადგინა 2016 წლის 29 ნოემბერს, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თარიღი - 25.11.2016, ნომრით - ... . სატენდერო კომისიამ დოკუმენტაციის დაზუსტება მოითხოვა 2016 წლის 2 დეკემბერს, რის პასუხადაც პრეტენდენტმა წარადგინა შეცვლილი დოკუმენტი 2016 წლის 6 დეკემბერს, იმავე სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თარიღით და ნომრით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სატენდერო კომისიამ განახორციელა შპს „...“-ის დისკვალიფიკაცია, და მიზანშეწონილად მიიჩნია მიემართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის შპს „...“-ის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის #19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, კეთილსინდისიერების პრინციპი გულისხმობს ქცევის მასშტაბს, რომლის ფარგლებშიც პირი კანონისა და საჯარო წესრიგის დაცვით, სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის გზით, ახორციელებს საკუთარ უფლებებს. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირის არაკეთილსინდისიერი ქმედება მიმართული უნდა იყოს ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვებისკენ, რადგან სწორედ ამ მიზანს მიიჩნევს კანონმდებელი მაკვალიფიცირებელ გარემოებად. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა მესამე პირის ქმედებით გამოწვეული ტექნიკური შეცდომა, რაც დასტურდება შპს „თ...ის“ 2017 წლის 9 იანვრის #123-02 ახსნა-განმარტებით, აღნიშნული არ შეიძლებოდა გამხდარიყო შპს „...“-ის მიმართ სადავო განკარგულებებით გათვალისწინებული ღონისძიების გატარების საფუძველი, ვინაიდან არ დასტურდება ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერად მოქმედების ფაქტი. მით უფრო, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ტექნიკური შეცდომა პირდაპირ და უშუალოდ ვერ გამოიწვევდა ტენდერში მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან არ უკავშირდებოდა სატენდერო მოთხოვნას. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს ცეცხლმაქრების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ტენდერის ჩატარების შედეგად, დაიდო სწორედ შპს „...“-თან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი