Facebook Twitter

#ბს-1445(კ-18) 23 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. თ-ი

მოპასუხე – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 23 იანვარს მ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, იგი 2013 წლის აპრილიდან მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, იგი დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ქალაქ საგარეჯოს ადმინისტრაციულ ერთეულში. შესაბამისად, მოსარჩელეს აღნიშნული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მოუწია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება. მოსარჩელე მ. თ-მა განაცხადი შეიტანა იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც იგი უკვე დანიშნული იყო დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ამასთან, ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილებაც აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად.

მოსარჩელის მითითებით, მან წარმატებით გაიარა კონკურსის სამივე ეტაპი, კონკურსის მეორე - ტესტირების ეტაპზე აიღო 49 ქულა (მაქსიმალური ქულა - 60, მინიმალური ზღვარი - 31), ასევე, წარმატებით გაიარა გასაუბრების ეტაპიც, ვინაიდან ყველა იმ კითხვას, რომლის ცოდნაც მას მოეთხოვებოდა მითითებული თანამდებობის დასაკავებლად, სწორად და ამომწურავად გასცა პასუხი. თუმცა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მისი კანდიდატად წამოყენება არ მომხდარა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელემ კომისიის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საპრეტენზიო კომისიაში, თუმცა უშედეგოდ.

მოსარჩელის განმარტებით, საბოლოოდ მან საკუთარ შრომით უფლებათა დასაცავად სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მიმართა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით ძალაში დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, დაკმაყოფილდა მ. თ-ის ადმინისტრაციული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის ოქმები და კომისიას გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარების შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა. თუმცა მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების მ. თ-ს კვლავ უარი ეთქვა კანდიდატად წარდგენაზე. ფაქტობრივად, კომისიამ ძალაში დატოვა მის მიერ თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სრულად არ გაითვალისწინა სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი გასაუბრების ეტაპის მიმდინარეობასა და აქტის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.

ამდენად, მოსარჩელემ მ. თ-ის კანდიდატად წამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის #1-04/1 გადაწყვეტილებისა და იმ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელზედაც მოსარჩელეს განაცხადი ჰქონდა შეტანილი. მოსარჩელემ, აგრეთვე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ხელახალი გადაწყვეტილების მიღებით ვაკანტურ თანამდებობაზე მოსარჩელე მ. თ-ის წარდგენის, აგრეთვე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისათვის მისი შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის #1 ოქმის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის #1-04 და #1-05 სხდომის ოქმების ბათილად ცნობა და მ. თ-ისათვის 2016 წლის 28 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მატერიალური ზიანის სახით თვეში 970 ლარის ოდენობის ხელფასის განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა, რასაც მოსარჩელე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მისი ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენის შემთხვევაში მიიღებდა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 1 აპრილის #516 ბრძანებით მ. თ-ი 2013 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის თანამდებობაზე ქ. საგარეჯოში და 2014 წლის 18 ივლისის #... ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 3 ივლისს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 აგვისტოს #02 605 ბრძანებით მ. თ-ი დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ქ. საგარეჯოს ადმინისტრაციულ ერთეულში და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 მარტის #... ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული თანამდებობიდან 2015 წლის 26 მარტს გათავისუფლდა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 18 ნოემბერს მიიღო #54 დადგენილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 4 დეკემბერს მიიღო #65 დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის #56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2015 წლის 6 ივლისის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული #14/1838 ცნობიდან დგინდება, რომ მ. თ-მა 2014 წლის 27 დეკემბერს სსიპ საქართველოს იუსტიციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო გამოცდაზე მიიღო 49 (ორმოცდაცხრა) ქულა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის #7 და 2015 წლის 18 მარტის #8 გადაწყვეტილებები, მოსარჩელე მ. თ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის #1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის #3 სხდომის ოქმი, საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის #1 სხდომის ოქმი და საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2015 წლის 18 მარტის #4 სხდომის ოქმი და კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების შედეგები მოსარჩელე მ. თ-ის ნაწილში და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარება და ახალი გადაწვეტილების მიღება (კანონით დადგენილ ვადაში) დაევალა, რომელზედაც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ი ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. საგარეჯოში; ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი ზ. ფ-ის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 მარტის #02 134 ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2016 წლის 9 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 2015 წლის 22 ოქტომბრის სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ი ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. საგარეჯოში“ - ვაკანტურ თანამდებობაზე, 2014 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებულიყო კონკურსის მესამე ეტაპი და გასაუბრების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 21 დეკემბერი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ადმინისტრაციულ ერთეულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების კითხვარი.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის ქ. საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე 2014 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის ხელახალი გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი 2016 წლის 21 დეკემბრის #1-02 ოქმიდან, ასევე კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმებიდან და პერსონალის შეფასების ფორმიდან დგინდება, რომ მ. თ-მა მიიღო საშუალო შეფასება - 63.75 ქულა. ხოლო მეორე კანდიდატმა, ზ. ფ-მა, საშუალო შეფასება - 65 ქულა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ი ქალაქ საგარეჯოში - ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭი ეყარა გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებულ ორ კონკურსანტს, კენჭისყრის შედეგად წარდგენილი კონკურსანტები შეფასებულ იქნენ ქულათა დაბალი მაჩვენებლით და კომისიის მიერ კონკურსანტები მიჩნეულ იქნენ სუსტ კანდიდატებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კონკურსანტებიდან ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო თანამდებობაზე წარდგენისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა, შესაბამისად, კომისიამ მათი ვაკანტურ თანამდებობზე დასანიშნად წარდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რის გამოც ქალაქ საგარეჯოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატის არარსებობის გამო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ს უარი ეთქვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის ქალაქ საგარეჯოში - ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს მ. თ-მა განცხადებით მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის მესამე ეტაპის (გასაუბრება) შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის წერილიდან დგინდება, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა მ. თ-ის განცხადება ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით, მასალები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაგზავნილ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის #1 სხდომის ოქმიდან დგინდება რომ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილების მე-15 მუხლისა და „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის–ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის #54 დადგენილების მე–7 მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ მოქალაქე მ. თ-ის განცხადების დეტალურად შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ ყოფილა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის #1 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ არ იქნა გაზიარებული მოქალაქე მ. თ-ის განცხადებაში დაყენებული პრეტენზია, რადგან საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარებისთვის დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ ყოფილა.

რაიონულმა სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის #258 ბრძანებით კონკურსი გამოცხადდა ვაკანტურ თანამდებობაზე, მათ შორის, დანართი #1-ის მიხედვით, ...ის ...ი ქალაქ საგარეჯოში.

2017 წლის 7 ივნისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის #1 ოქმიდან დგინდება, რომ ნაწილი კანდიდატების დაშვებულ იქნა კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2017 წლის 22 მაისს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი 2017 წლის 8 ივნისის სხდომის ოქმის ამონაწერიდან დგინდება, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ი ქალაქ საგარეჯოში - გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო კონკურსანტმა ი. მ-მა. პერსონალური შეფასების ფორმიდან დგინდება, რომ კონკურსანტმა - ი. მ-მა მიიღო შეფასება - 83.3 ქულა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ...ის ...ი ქალაქ საგარეჯოში - თანამდებობაზე წარდგენილ იქნა კანდიდატი ი. მ-ი.

ამასთან, დადგენილია, რომ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც ვაკანტურ თანამდებობას წარმოადგენდა ...ის ...ი ქალაქ საგარეჯოში, მოსარჩელე მ. თ-ს გასაუბრებაზე მონაწილეობა არ მიუღია.

მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდგომ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. თ-ი გასაუბრებაზე შევიდა 2016 წლის 21 დეკემბერს 16 საათზე, შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 21 დეკემბრის გასაუბრების მიმდინარეობის #1-02 სხდომის ოქმზე ტექნიკური შეცდომით იყო ასახული სხდომის დაწყების დრო, სადაც მითითებულია 11 საათი, ამდენად, სასამართლომ, აგრეთვე, მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის #1-03 სხდომის ოქმზე სხდომის დაწყების დრო - 15 საათი მითითებული იყო ტექნიკური შეცდომით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაუბრების მიმდინარეობა აისახა 2016 წლის 21 დეკემბრის #1-02 სხდომის ოქმში, სადაც დეტალურად იყო აღწერილი გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დასმული შეკითხვები და პასუხები, რომლის შინაარსიც დაადასტურა თავად მოსარჩელე მხარემაც.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, ვინაიდან დავა შეეხებოდა კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შეიძლებოდა ჩათვლილიყო საკმაოდ სუბიექტურად, ვინაიდან ის ეფუძნებოდა შემფასებლის პირად შეფასებას და შეხედულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი, რაც უზრუნველყოფს გასაუბრების პროცედურის გამჭვირვალობას, საჯაროობას, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას და უნდა წარმოებდეს სხდომის ოქმი, რათა მოხდეს გასაუბრების მიმდინარეობის რეალური ასახვა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილ იქნა კანდიდატების შეფასების ფორმები და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ადმინისტრაციულ ერთეულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების კითხვარი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭი ეყარა გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებულ ორ კონკურსანტს. გასაუბრებაზე კანდიდატთა მიერ გაცემული პასუხების შესაბამისად, კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ისინი შეფასებულ იქნენ ქულათა დაბალი მაჩვენებლით, შესაბამისად, კომისიის მიერ კონკურსანტები მიჩნეულ იქნენ სუსტ კანდიდატებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კონკურსანტებიდან ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო თანამდებობაზე წარდგენისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიას ჰქონდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, ვინაიდან კომისიის წევრების მიერ ქულების დაწერით სწორედ მათი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდა კონკურსანტის შეფასება. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაუბრების ჩატარებისას კანონით დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ ყოფილა და, თავის მხრივ, მოსარჩელე მ. თ-ს კვლავ მიეცემოდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა ახალ კონკურსზე.

სასამართლომ მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის #258 ბრძანებით ღიად დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა კონკურსი. გასაუბრებაზე მ. თ-ს არ მიუღია მონაწილეობა, რითიც მოსარჩელემ თავად განაცხადა უარი კონკურსში მონაწილეობაზე, კონკურსში გამარჯვებულად კი გამოცხადდა ი. მ-ი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის #1-04/1 გადაწყვეტილება მოსარჩელე მ. თ-ის კანდიდატად წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი კონკურსის შედეგები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც მ. თ-ს შეტანილი ჰქონდა განაცხადი; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ხელახალი გადაწყვეტილების მიღებით ვაკანტურ თანამდებობაზე მ. თ-ის წარდგენა დაევალა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას მ. თ-ის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის #1 ოქმი; მ. თ-ს აუნაზღაურდა მატერიალური ზიანი, კერძოდ, 2016 წლის 28 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სამსახურიდან განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისთვის განკუთვნილი თანხა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით ანაზღაურების ოდენობის ცვლილების გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლომ სადავოდ გამხდარ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდიდა სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მ. თ-ს მონაწილეობა არ მიუღია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის #258 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებას, რომელმაც დაადასტურა, რომ მოსარჩელე კონკურსზე გამოცხადდა, თუმცა აუდიო-ვიდეო ჩანაწერის არარსებობის გამო უარი თქვა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკურსანტის მიზანს წარმოადგენდა გამჭვირვალე და საჯარო გასაუბრების ჩატარება, სადაც რეალურად აისახებოდა გასაუბრების მიმდინარეობა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია იმ დამაბრკოლებელ გარემოებაზე, რაც შეუძლებელს გახდიდა გასაუბრების, სულ მცირე, აუდიო ჩანაწერის განხორციელებას, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აუდიო/ვიდეო ჩანაწერის წარმოების პირობებშიც კი, მ. თ-ის მიერ კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა გავლენას ვერ იქონიებდა განსახილველ დავაზე, მის იურიდიულ ინტერესზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო აქტები გამოცემული იუო კანონდარღვევით გამართული კონკურსის საფუძველზე, რის გამოც ითხოვდა სწორედ აღნიშნული კონკურსის საფუძველზე გამოცემული აქტების გაუქმებას და თანამდებობაზე წარდგენას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 19 მაისის #258 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე მ. თ-ის მიერ უარის გაცხადება (მიზეზის მიუხედავად) არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას არ წარმოადგენდა განსახილველი დავისთვის.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე სადავოდ ხდიდა სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2016 წლის 21 დეკემბრის #1-02 სხდომის ოქმში დეტალურად იყო აღწერილი გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დასმული კითხვები და პასუხები, რომლის შინაარსიც დაადასტურა მოსარჩელემ. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი მოცემული გარემოება, რადგან განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სხდომის ოქმში დაფიქსირებულ მონაცემებს, კითხვა-პასუხს, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ უზრუნველყოფდა სხდომის ოქმის უტყუარობის დადასტურებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკურსის გამჭვირვალობა გულისხმობდა მის შემადგენელ ნაწილებზე კონტროლის სრულ შესაძლებლობას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი კონკურსის ერთ-ერთი კომპონენტის - გასაუბრების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი იყო აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერის განხორციელება. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე ეპოქაში ადმინისტრაციული ორგანო არ იყო შეზღუდული შესაძლებლობით, გამოეყენებინა აღნიშნული მექანიზმი. გასაუბრების სხდომის ოქმის წერილობითი ფორმით წარმოება ვერ მიანიჭებდა ოქმს მაღალი სანდოობის სტატუსს. იმ პირობებში, როდესაც კონკურსანტი სადავოდ ხდიდა წერილობით სხდომის ოქმს და ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებდა მის უტყუარობას სხვა რაიმე მტკიცებულებით, სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა იგი სარწმუნო მტკიცებულებად და არ გაიზიარა იგი გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განმეორებით ჩატარებულ გასაუბრების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო შეეცადა დაეცვა პროცედურული საკითხები: შეადგინა სხდომის ოქმი, დაამტკიცა წინასწარ შექმნილი კითხვარი და შეფასების ფორმა, თუმცა მაინც ვერ უზრუნველყო გამჭვირვალე, საჯარო და ობიექტური კონკურსის ჩატარება. გატარებული ღონისძიებებით სააპელაციო პალატას შეექმნა იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს წარმოადგენდა იმგვარად ეთქვა უარი მ. თ-ისათვის, რომ პროცედურულ საკითხთა დარღვევას ადგილი აღარ ჰქონოდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკურსისთვის კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის პროცედურული საკითხებიც, განსაზღვრულია იმ მიზნით, რომ მოხდეს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, არადისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება. საჯარო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარება და კანდიდატის გამოვლენა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ საჯარო ინტერესს - გამოვლინდეს ვაკანტური თანამდებობისათვის ყველაზე უფრო მისაღები, კანდიდატთაგან მაღალი შედეგის მქონე პირი. ამასთან, კომისიის ყოველი ქმედება, რაც გავლენას ახდენს საბოლოო შედეგის ფორმირებაზე, უნდა იყოს დასაბუთებული, რათა, ერთი მხრივ, გასაგები იყოს კონკურსანტისთვის, თუ რატომ იქნა მის მიმართ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რატომ შეაფასეს იგი ამა თუ იმ ქულით, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებელი იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კონტროლის განხორციელება, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, კომისიის წევრთაგან მ. თ-ი შეფასდა 60-65 ქულებით, თუმცა არც ერთი კომისიის წევრთაგან არ ყოფილა დასაბუთებული, თუ რატომ დაუწერა კონკურსანტს კონკრეტული ქულა. დაგროვებულ ქულათა ოდენობა გახდა კონკურსანტისთვის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება, რაც საფუძვლად დაედო საბოლოო შედეგს, მოცემულ შემთხვევაში, არ ყოფილა დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც კონკურსანტისთვის იყო აღქმადი მიღებული გადაწყვეტილების მოტივები და ვერც სასამართლო უზრუნველყოფდა აღნიშნულის დადგენას. მითითებული გარემოებები დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების წინაპირობას ქმნიდა, რაც, თავის მხრივ, კონფლიქტში მოდიოდა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან, მათ შორის, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან.

სააპელაციო პალატამ ასევე, ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მ. თ-ის მიერ მოპოვებული ქულა - 63.75, კომისიამ მიიჩნია არასაკმარის რაოდენობად დადებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი აქტებით, არსად არ არის განსაზღვრული, ქულათა რა ოდენობა წარმოადგენს გასაუბრების ეტაპის წარმატებით დაძლევის წინაპირობას, არ არის დადგენილი ზღვარი, რომლის გადალახვაც გახდებოდა დადებითი შედეგის საფუძველი. აღნიშნულ პირობებში კი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითება მასზედ, რომ 63.75 ქულა არ წარმოადგენდა საკმარის ქულათა რაოდენობას კონკურსანტის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით წარსადგენად, მოკლებული იყო ლოგიკურ მსჯელობას და წარმოადგენდა დაუსაბუთებელ პოზიციას. სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებული იყო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თვითნებურ გადაწყვეტილებათა მიღების უფლებას. აღნიშნული უფლებამოსილება კიდევ უფრო მეტად აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, რადგან რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან მიღებულ უნდა იქნეს ყველაზე უფრო ადეკვატური, თანაზომიერი, საჯარო და კერძო ინტერესთა გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა იმ მიზნით, რომ კონკურსის შედეგები მ. თ-ისთვის არ ყოფილიყო დადებითი. კომისიის მოქმედება იყო სუბიექტური, რაც შედეგობრივად კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას შეუძლებელს ხდიდა. კომისიას არ გააჩნდა ნამდვილი ნება, ჩაეტარებინა კანონშესაბამისი კონკურსი და ობიექტურ საწყისებზე მიეღო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. თ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და გაუმართლებლად ზღუდავდა მის კონსტიტუციით დაცულ შრომის უფლებას, რაც სასამართლო კონტროლის მეშვეობით უნდა აღმოფხვრილიყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სადავო აქტები, კონკურსის შედეგები და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ხელახალი გადაწყვეტილების მიღებით ვაკანტურ თანამდებობაზე მ. თ-ის წარდგენა, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას კი მოსარჩელის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა დავალებოდა.

სააპელაციო პალატამ აპელანტის მოთხოვნაზე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 408-ე, 409-ე და 411-ე მუხლებზე და განმარტა, რომ შრომითი გასამრჯელოს იძულებით განაცდური წარმოადგენს ზიანის ერთ-ერთ სახეს, რომლის ანაზღაურებაც გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებით. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის კი სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომლითაც მოსარჩელეს უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ქმედების გამო მოსარჩელემ ვერ მიიღო ის სარგო, რაც გათვალისწინებული იყო ვაკანტური თანამდებობისთვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განვლილ პერიოდზე მას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიადგა მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაკისრებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით განხორციელდა თანამდებობრივი სარგოს ცვლილება, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მხარემ წარადგინა სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის #204 დადგენილების 21-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რაც, კასატორების მოსაზრებით, არ გულისხმობს კომისიის კანონისმიერ ვალდებულებას აუდიო ან ვიდეო ჩაწერის განხორციელების აუცილებლობის შესახებ. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებასა და ასევე სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებაში ასახული მითითებები მიმართული იყო წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების აუცილებლობასა და სხდომის ოქმის წარმოების ვალდებულებაზე.

კასატორები ყოვლად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმ გარემოებაზე, თითქოს საკონკურსო კომისია მოქმედებდა იმ მიზნით, რომ კონკურსის შედეგები მ. თ-ისათვის არ ყოფილიყო დადებითი, რომ კომისიის მოქმედება იყო სუბიექტური, რაც შედეგობრივად კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას შეუძლებელს ხდიდა. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო პალატა, აგრეთვე, უსაფუძვლოდ მიუთითებს, რომ კომისიას არ გააჩნდა ნამდვილი ნება, ჩაეტარებინა კანონშესაბამისი კონკურსი და ობიექტურ საწყისებზე მიეღო გადაწყვეტილება. კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს, ვინაიდან საქმეში არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მ. თ-ის მიმართ კომისიის მიზანმიმართულ მოქმედებას დაადასტურებდა. კასატორების განმარტებით, კონკურსანტის მიმართ კომისიის მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც ორჯერ, არ ნიშნავს იმას, რომ კომისია მოქმედებდა სუბიექტურად.

კასატორთა აღნიშვნით, კომისია კონკურსის ჩატარებისას მოქმედებდა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული დავალების ფარგლებში, მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. გასაუბრების ჩატარებისას პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რასაც თავის გადაწყვეტილებაში ეთანხმება სააპელაციო სასამართლოც, ხოლო სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, ან საქმეზე არსებული გარემოება, რომელიც დაადასტურებდა კანონშესაბამისი კონკურსის ობიექტურად ჩატარების მიმართ კომისიის ნამდვილი ნების არარსებობას, საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კომისიის ნამდვილი ნების არარსებობის თაობაზე გაურკვეველი და დაუსაბუთებელია. კასატორები, აგრეთვე, მიუთითებენ, რომ გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველ სხდომის ოქმში კონკურსანტის მიმართ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისი/ადეკვატურია კომისიის მიერ დაწერილ ქულათა ჯამი, სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაა სასამართლოსეული მსჯელობის და კომისიის მიერ კონკურსანტის მიმართ ობიექტურად მიღებული გადაწყვეტილების განსაზღვრის კრიტერიუმი, რაზედაც კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.

ამასთან, კასატორთა განმარტებით, კომისიის მიერ დამტკიცებული კონკურსანტის ინდივიდუალური შეფასების ფორმა განსაზღვრავს „პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების“ სამ კატეგორიას: სუსტი - 50 ქულამდე, საშუალო 50-დან 75 ქულამდე და ძლიერი - 75-დან 100 ქულამდე. დასმულ კითხვებზე კონკურსანტის პასუხების მიღების შემდეგ, თითოეული კომისიის წევრის მიერ ხდება შესაბამის კატეგორიაში შესაბამისი ქულის მითითება, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება, თუ რამდენი ქულით შეაფასა კომისიის თითოეულმა წევრმა ესა თუ ის კანდიდატი. კომისიის წევრების მიერ კატეგორიებში მითითებული ქულების საშუალებით ნათლად ჩანს კომისიის წევრის შეფასება და აღნიშნული არ საჭიროებს კომისიის მხრიდან დამატებითი დასაბუთების წარმოდგენას. კონკურსის ჩატარება გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენას ემსახურება, სუსტი კანდიდატის დასანიშნად წადგენა კომისიის ინტერესებში არ შედის. მოცემულ ვითარებაში, კონკურსანტების - მ. თ-ისა და ზ. ფ-ის მიერ გავლილი კონკურსის ეტაპების შედეგების მხედველობაში მიღებით, აღნიშნული შედეგების ურთიერთშედარებისა და შეჯერების საფუძველზე, კომისიამ მიიჩნია, რომ მიღებული შედეგები არ ქმნიდა არც ერთი კონკურსანტის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის საკმარის საფუძველს.

კასატორთა მითითებით, გასაჩივრებული კონკურსის გასაუბრების ეტაპის ჩატარების შემდგომ, სადავო ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარდა კიდევ ორი კონკურსი, 2017 წლის 19 მაისს და 2018 წლის 13 თებერვალს. აღნიშნულ კონკურსებში მ. თ-მა მონაწილეობა მიიღო გასაუბრების ეტაპებამდე, თუმცა გასაუბრების სტადია მას არ გაუვლია. 2018 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, ხსენებულ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ იქნა, ხოლო 2018 წლის 28 მაისს დანიშნულ იქნა ი. მ-ი, რომელიც, კასატორთა მითითებით, აღნიშნულ თანამდებობას დღემდე ლეგიტიმურად იკავებს. კასატორები, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ მითითებული კონკურსის შედეგები მოსარჩელის მხრიდან გასაჩივრებული არ ყოფილა. ამდენად, მოცემული მდგომარეობით, ქალაქ საგარეჯოში ...ის ...ის პოზიცია ვაკანტური არ არის.

კასატორები მიუთითებენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტავენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 - მე-6 პუნქტების მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მ. თ-ის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენა, თუმცა რომელ ვაკანტურ თანამდებობაზე, გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. თ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 1 აპრილის #516 ბრძანებით მ. თ-ი 2013 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის თანამდებობაზე ქ. საგარეჯოში და 2014 წლის 18 ივლისის #... ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 3 ივლისს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 აგვისტოს #02 605 ბრძანებით მ. თ-ი დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ქ. საგარეჯოს ადმინისტრაციულ ერთეულში და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 მარტის #... ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული თანამდებობიდან 2015 წლის 26 მარტს გათავისუფლდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 18 ნოემბერს მიიღო #54 დადგენილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 4 დეკემბერს მიიღო #65 დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის #56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2015 წლის 6 ივლისის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული #14/1838 ცნობიდან დგინდება, რომ მ. თ-მა 2014 წლის 27 დეკემბერს სსიპ საქართველოს იუსტიციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო გამოცდაზე მიიღო 49 (ორმოცდაცხრა) ქულა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის #7 და 2015 წლის 18 მარტის #8 გადაწყვეტილებები, მოსარჩელე მ. თ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის #1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის #3 სხდომის ოქმი, საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის #1 სხდომის ოქმი და საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2015 წლის 18 მარტის #4 სხდომის ოქმი და კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების შედეგები მოსარჩელე მ. თ-ის ნაწილში და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარება და ახალი გადაწვეტილების მიღება (კანონით დადგენილ ვადაში) დაევალა, რომელზედაც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ი ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. საგარეჯოში; ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი ზ. ფ-ის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 მარტის #02 134 ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2016 წლის 9 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 2015 წლის 22 ოქტომბრის სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ი ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. საგარეჯოში“ - ვაკანტურ თანამდებობაზე, 2014 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებულიყო კონკურსის მესამე ეტაპი და გასაუბრების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 21 დეკემბერი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ადმინისტრაციულ ერთეულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების კითხვარი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის ქ. საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე 2014 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის ხელახალი გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი 2016 წლის 21 დეკემბრის #1-02 ოქმიდან, ასევე კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმებიდან და პერსონალის შეფასების ფორმიდან დგინდება, რომ მ. თ-მა მიიღო საშუალო შეფასება - 63.75 ქულა. ხოლო მეორე კანდიდატმა, ზ. ფ-მა, საშუალო შეფასება - 65 ქულა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ი ქალაქ საგარეჯოში - ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭი ეყარა გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებულ ორ კონკურსანტს, კენჭისყრის შედეგად წარდგენილი კონკურსანტები შეფასებულ იქნენ ქულათა დაბალი მაჩვენებლით და კომისიის მიერ კონკურსანტები მიჩნეულ იქნენ სუსტ კანდიდატებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კონკურსანტებიდან ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო თანამდებობაზე წარდგენისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა, შესაბამისად, კომისიამ მათი ვაკანტურ თანამდებობზე დასანიშნად წარდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რის გამოც ქალაქ საგარეჯოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატის არარსებობის გამო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ს უარი ეთქვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის ქალაქ საგარეჯოში - ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.

2016 წლის 26 დეკემბერს მ. თ-მა განცხადებით მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის მესამე ეტაპის (გასაუბრება) შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის წერილიდან დგინდება, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა მ. თ-ის განცხადება ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით, მასალები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაგზავნილ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის #1 სხდომის ოქმიდან დგინდება რომ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილების მე-15 მუხლისა და „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის–ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის #54 დადგენილების მე–7 მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ მოქალაქე მ. თ-ის განცხადების დეტალურად შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ ყოფილა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის #1 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ არ იქნა გაზიარებული მოქალაქე მ. თ-ის განცხადებაში დაყენებული პრეტენზია, რადგან საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარებისთვის დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ ყოფილა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის #258 ბრძანებით კონკურსი გამოცხადდა ვაკანტურ თანამდებობაზე, მათ შორის, დანართი #1-ის მიხედვით, ...ის ...ი ქალაქ საგარეჯოში.

2017 წლის 7 ივნისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის #1 ოქმიდან დგინდება, რომ ნაწილი კანდიდატების დაშვებულ იქნა კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2017 წლის 22 მაისს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი 2017 წლის 8 ივნისის სხდომის ოქმის ამონაწერიდან დგინდება, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ი ქალაქ საგარეჯოში - გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო კონკურსანტმა ი. მ-მა. პერსონალური შეფასების ფორმიდან დგინდება, რომ კონკურსანტმა - ი. მ-მა მიიღო შეფასება - 83.3 ქულა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ...ის ...ი ქალაქ საგარეჯოში - თანამდებობაზე წარდგენილ იქნა კანდიდატი ი. მ-ი.

ამასთან, დადგენილია, რომ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც ვაკანტურ თანამდებობას წარმოადგენდა ...ის ...ი ქალაქ საგარეჯოში, მოსარჩელე მ. თ-ს გასაუბრებაზე მონაწილეობა არ მიუღია.

საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლი), კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.

საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი) თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის #3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის #3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის #1/4/419 განჩინება საქმეზე „ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამასთანავე, თავად ეს კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს, ანუ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და ამ თანამდებობისათვის გონივრული პირობების დადგენას, ასევე უზრუნველყოფას იმისა, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდება მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში და განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 29-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.

ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს.

საკასაციო პალატა უპირველესად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 19 მაისის #258 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე მ. თ-ის მიერ უარის გაცხადება (მიზეზის მიუხედავად) არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას არ წარმოადგენს, რამდენადაც აუდიო/ვიდეო ჩანაწერის წარმოების პირობებშიც კი, მ. თ-ის მიერ კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა გავლენას ვერ იქონიებდა განსახილველი დავის შედეგზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განსახილველი დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებებს და მათ საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებს. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინააღმდეგობაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების საფუძველზე განსახილველი დავის ამგვარი გადაწყვეტის შედეგად წარმოიქმნა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატა არასარწმუნოდ მიიჩნევს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველ მხოლოდ წერილობითი ფორმით ნაწარმოებ სხდომის ოქმში ასახულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ კომისიის მიერ სხდომის მიმდინარეობის აუდიო ან ვიდეო საშუალებებით წარმოების განუხორციელებლობამ სასამართლოს შეუქმნა ფაქტობრივი შეუძლებლობა წერილობით სხდომის ოქმში ასახული ინფორმაციის სისწორისა და სისრულის გადამოწმებისა. ამდენად, აღნიშნული განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა სხდომის ოქმში ასახული ინფორმაციის საფუძველზე მ. თ-ის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის სასამართლოს მიერ შეფასების შეუძლებლობა, თუმცა, ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მოსარჩელის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენა, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას კი მისი შესაბამის პოზიციაზე დანიშვნა დაავალა. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის ამგვარ გადაწყვეტას იმ პირობებში, როდესაც სასამართლო შეუძლებლად თვლის, შეაფასოს კონკრეტული კანდიდატის დონე, მისი შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან. საზოგადოდ, ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული ქმედების პროცედურულ დარღვევად მიჩნევა ყოველთვის არ განაპირობებს წარდგენილი სარჩელის სრულ საფუძვლიანობას და არ წარმოშობს მისი სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამგვარი დარღვევების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, სასამართლო ვალდებულია, დავის გადაწყვეტის პროცესში გამოიყენოს კანდიდატის დონის დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენისათვის საჭირო ყველა სამართლებრივი, მათ შორის, პროცესუალური საშუალება და საკითხი კომპლექსურად შეაფასოს. მარტოოდენ სასამართლოს დასკვნა ადმინისტრაციული წარმოების გარკვეული ხარვეზით/ხარვეზებით ჩატარებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელ გარემოებად იქცეს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო, მართალია, საჭიროდ მიიჩნევს გასაუბრების მიმდინარეობის აუდიო-ვიდეო საშუალებებით ასახვას, თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ ამგვარი განმარტების შედეგად, მხოლოდ ხსენებული პროცედურული საკითხის განუხორციელებლობა მოსარჩელეს ვერ აქცევს ვაკანტური თანამდებობისათვის შესაფერის კანდიდატად. ის ფაქტი, რომ სასამართლო ვერ აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა მოსარჩელე ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებს, არ გამორიცხავს ზოგადად კანდიდატის შეფასების შესაძლებლობას, რამეთუ აღნიშნული შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება და ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, სასამართლოს მიერ მისთვის დავალების პირობებში, გაატაროს კანდიდატის ხელახალი ან დამატებითი შეფასებისათვის საჭირო ღონისძიებები. თავის მხრივ, ამგვარი შესაძლებლობის არსებობა უსაფუძვლოს ხდის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომისა თუ ხარვეზის გამო სარჩელის ავტომატურ დაკმაყოფილებას, რამდენადაც სასამართლო პროცესუალურ საშუალებათა გამოყენების გზით უფლებამოსილი იყო, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფის მიზნით უზრუნველეყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასამართლოს მიერ საჭიროდ მიჩნეული მაღალი სტანდარტების დამაკმაყოფილებელი გასაუბრების გამართვის დავალება.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია დარწმუნებულიყო, აკმაყოფილებდა თუ არა კანდიდატი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნებს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული გარკვეული შეცდომა ან მის შედეგად გამოვლენილი რაიმე ხარვეზი, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის ერთადერთი საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ფაქტობრივ-სამართლებრივად ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვეთილ ფაქტობრივ მოცემულობასა და მის საფუძველზე დავის ამგვარი შედეგით გადაწყვეტას.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის #7 და 2015 წლის 18 მარტის #8 გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის #1 გადაწყვეტილება მოსარჩელე მ. თ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო- საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის #3 სხდომის ოქმი, საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის #1 სხდომის ოქმი და საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2015 წლის 18 მარტის #4 სხდომის ოქმი, აგრეთვე, კონკურსის მესამე ეტაპის - გასაუბრების შედეგები მოსარჩელე მ. თ-ის ნაწილში და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (კანონით დადგენილ ვადაში) დაევალა, რომელზედაც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ი ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. საგარეჯოში. ამასთან ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 მარტის #02 134 ბრძანება ზ. ფ-ის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

მითითებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა: „იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, იგი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და გასაუბრების დროს უნდა წარმოებდეს სხდომის ოქმი და აისახებოდეს სხდომის მიმდინარეობა და სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა. საკონკურსო-საატესტაციო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი, რაც უზრუნველყოფს გასაუბრების პროცედურის გამჭვირვალობას, საჯაროობას, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას და უნდა წარმოებდეს სხდომის ოქმი, რათა მოხდეს გასაუბრების მიმდინარეობის რეალური ასახვა. აღნიშნული ხდება ნდობის საფუძველი, რომ კონკურსანტის მიმართ მიიღება კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება. ...განსახილველ შემთხვევაში, შეუძლებელია განისაზღვროს რამდენად შესრულდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისის მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წლის #412 დადგენილებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის მოთხოვნები და ამოცანები; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება)“.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქალაქ საგარეჯოში ...ის ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე 2014 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის ხელახალი გასაუბრების ეტაპი დაინიშნა, დამტკიცდა გასაუბრების კითხვარი და კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა. კონკურსზე დაბარებულ იქნა მ. თ-ი. გასაუბრებას ესწრებოდა კომისიის ოთხი წევრი. შედგა წერილობითი სახის სხდომის ოქმი. გასაუბრების შედეგად კონკურსანტი შეფასდა შემდეგი ქულებით: 65, 65, 60, 65. ქულათა საშუალო რაოდენობამ შეადგინა - 63.75. კომისიამ მიიჩნია, რომ მ. თ-მა ვერ მიიღო თანამდებობაზე წარდგენისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა, შესაბამისად, მისი წარდგენა ვაკანტურ თანამდებობაზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია. კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36​1 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ამავე კანონის 364 მუხლის თანახმად, დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) განცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) ტესტირება; დ) გასაუბრება. ამასთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის #54 დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტზების თანახმად, კონკურსს ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია. კონკურსის სავალდებულო ეტაპია ტესტირება. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს კიდევ ერთ-ერთ ან რამდენიმე ეტაპს: ა) განცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება. ამავე დებულების მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. თითოეული კანდიდატისათვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი.

სააპელაციო პალატის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა სადავო ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წარმოებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არ აკისრებდა გასაუბრების მიმდინარეობის აუდიო ან/და ვიდეო საშუალებებით ასახვის ვალდებულებას. მეტიც, გასაუბრების გამართვის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული პროცედურების წარმართვა ადმინისტრაციულ ორგანოს არც უფლების სახით ჰქონდა გაწერილი. ტექნოლოგიური განვითარება, ცხადია, ზეგავლენას უნდა ახდენდეს ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზეც, წარმოშობდეს მათი საქმიანობის, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების პროცედურის უახლესი ტექნოლოგიური საშუალებების ინტეგრირების გზით დახვეწის საჭიროებასაც, რაც, თავის მხრივ, უფლების დაცვის უკვე არსებულზე უკეთესი სტანდარტის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად. თუმცა სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართ ნოვაციურ ტექნოლოგიურ საშუალებათა გამოყენების მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს საკანონმდებლო საფუძვლებს, შესაბამისად, სასამართლოს მითითება წარმოების ფარგლებში შესაძლო გამოყენებადი ტექნიკისა თუ სხვაგვარ საშუალებათა შესახებ, არ უნდა სცდებოდეს კანონმდებლობის ფარგლებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არც უფლების და არც ვალდებულების სახით არ გააჩნდა სხდომის მიმდინარეობის აუდიო-ვიდეო ფორმატით ასახვის შესაძლებლობაზე პირდაპირი საკანონმდებლო მითითება, დაუშვებელია კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ ხსენებულ საშუალებათა გამოუყენებლობა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის უარყოფითი შედეგების დადგომისაკენ ყოფილიყო მიმართული.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი 2016 წლის 21 დეკემბრის #1-02 სხდომის ოქმში არსებული ინფორმაციის - დასმული შეკითხვებისა და მასზე მ. თ-ის მიერ გაცემული პასუხების შინაარსი თავად მოსარჩელე მხარის მიერ იქნა დადასტურებული, შესაბამისად, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სხდომის ოქმში ასახული ინფორმაციის შინაარსობრივ მხარეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კითხვა-პასუხის შინაარსის მოსარჩელის მიერ დადასტურების პირობებში, კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვით წარმოებული წერილობითი სხდომის ოქმი აკმაყოფილებს კონკურსის გასაუბრების ეტაპისათვის დადგენილ პირობებს და იძლევა საშუალებას, დასმულ კითხვაზე კონკურსში მონაწილე პირის მიერ გაცემული პასუხების მხედველობაში მიღებით, შემოწმდეს კონკურსანტის მიერ საბოლოოდ მიღებული შეფასების გონივრულობა და ადეკვატურობა.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს კომისიის წევრთა მიერ მოსარჩელისათვის კონკრეტული ქულების დაწერის დასაბუთების საჭიროებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კომისიის წევრთა მიერ დაწერილი შეფასებები კონკურსანტისათვის დასმული შეკითხვისა და გაცემული პასუხის ურთიერთმიმართების გამომხატველია, კერძოდ, განსაზღვრული ქულა მეტყველებს დასმულ შეკითხვაზე კანდიდატის მიერ გაცემული პასუხის სრულყოფილების დონეზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის თითოეული წევრის მიერ კანდიდატისათვის დაწერილი ყოველი კონკრეტული ქულა არ საჭიროებს დამატებით დასაბუთებას, ხოლო, თავის მხრივ, კონკურსანტის მიერ გაცემული პასუხების შეფასებით, მიღებული ქულის გონივრულობის შემოწმება სასამართლოს საკუთარი ინიციატივითაც შეუძლია.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მ. თ-ის მიერ მოპოვებული ქულა - 63.75, კომისიამ მიიჩნია არასაკმარის რაოდენობად დადებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი აქტებით, არსად არ არის განსაზღვრული ქულათა რა ოდენობა წარმოადგენს გასაუბრების ეტაპის წარმატებით დაძლევის წინაპირობას, არ არის დადგენილი ზღვარი, რომლის გადალახვაც გახდებოდა დადებითი შედეგის საფუძველი. თუმცა, მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. თ-ის მიერ მიღებული 63.75 ქულა წარმოადგენს საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მ. თ-ის კანდიდატად წარუდგენლობის ალოგიკურად და დაუსაბუთებლად მიჩნევის შემთხვევაში გასაზიარებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მ. თ-ი ქულათა საუკეთესო მაჩვენებელს დააფიქსირებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს უფლებამოსილება, თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს, საკმარისია თუ არა მისთვის საშუალო ქულის მიღება კონკრეტული კანდიდატის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად წარსადგენად, ადმინისტრაციული ორგანო, ასეთ შემთხვევაში, ცხადია, მოქმედებს საუკეთესოს ძიების პრინციპით, მისი გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და ლოგიკურობაზე კი მეტყველებს კანდიდატის მიერ გასაუბრების ეტაპზე მიღებული ქულათა საშუალო მაჩვენებელი, რომელიც არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებზე, რომელმაც მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება იყო მიზანმიმართული, რათა კონკურსის შედეგები მ. თ-ისთვის არ ყოფილიყო დადებითი, რომ კომისიის მოქმედება იყო სუბიექტური, რაც შედეგობრივად კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას შეუძლებელს ხდიდა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კომისიას არ გააჩნდა ნამდვილი ნება ჩაეტარებინა კანონშესაბამისი კონკურსი და ობიექტურ საწყისებზე მიეღო გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული შეფასებები წარმოადგენს სააპელაციო პალატის ვარაუდს, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოხატული, მ. თ-ისათვის უარყოფითი შედეგბის დადგომისაკენ მიმართული რაიმე სუბიექტური განზრახვა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, საქმესთან მიმართებით არსებულ ზოგად ფაქტობრივ მდგომარეობასთან ერთობლიობაში, საგულისხმო და ადმინისტრაციული ორგანოს სუბიექტური განზრახვის გამომრიცხველია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით წარსადგენად უარი ეთქვა არა მხოლოდ მ. თ-ს, არამედ, მათ შორის, კონკურსში მონაწილე მეორე კონკურსანტსაც, რომელმაც გასაუბრების სტადიაზე დაახლოებით მ. თ-ის მსგავსი, საშუალო შეფასება მიიღო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის #1 ოქმის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის #1-04 და #1-05 სხდომის ოქმების ბათილად ცნობის და შესაბამისად, არც ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის - მ. თ-ის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენასა და მის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობას გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერად მიჩნევა. თუმცა საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტობრივ რეალობაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის თანამდებობასთან მიმართებით არსებობს. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის #258 ბრძანებით ღიად დარჩენილ ვაკანტურ ადგილას გამოცხადდა კონკურსი ქალაქ საგარეჯოში ...ის ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე. ამასთან, დადგენილია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის #258 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის გასაუბრებაზე მ. თ-ს მონაწილეობა არ მიუღია, რითიც მოსარჩელემ თავად განაცხადა უარი კონკურსში მონაწილეობაზე. კონკურსში გამარჯვებულად კი გამოცხადდა ი. მ-ი. საგულისხმოა პერსონალური შეფასების ფორმიდან დადგენილი ინფორმაციაც, რომ კონკურსანტმა - ი. მ-მა მიიღო შეფასება - 83.3 ქულა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობებშიც კი, არ იარსებებდა ქალაქ საგარეჯოში ...ის ...ის თანამდებობაზე მ. თ-ის წარდგენის დავალების ფაქტობრივი შესაძლებლობა, რამდენადაც მოცემული მდგომარეობით, ხსენებული თანამდებობა ვაკანტური არ არის, ამასთან, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ი. მ-ის ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის კანონიერება. მეტიც, მოსარჩელეს განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოსათვის მიმართვის გზით არ გამოუვლენია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის თანამდებობის ვაკანტურობის შენარჩუნების მიზნით უფლების დაცვის პრევენციული ღონისძიებების გამოყენების მცდელობა. ამდენად, ერთი მხრივ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ...ის თანამდებობაზე დღეის მდგომარეობით მოსარჩელის დანიშვნის ფაქტობრივი შეუძლებლობა, გამორიცხავს ხსენებულ ნაწილში მ. თ-ის სარჩელის საფუძვლიანობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. თ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი