#ბს-620(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ო. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 13 აპრილს ო. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ო. დ-ის ნაწილში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის #42 სხდომის ოქმის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 მარტის #05-01/06/7319 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის კანონით დადგენილი წესით ო. დ-ისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ამბროლაურის რაიონის სოფელ ...ში. 90-იან წლებში სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი მეწყერისაგან დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი, რის გამოც იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მოსარჩელის მითითებით, მან 2007 წელს მიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა, რომ ისევ რაჭაში გადაეცათ საცხოვრებელი სახლი, რაზეც უარი მიიღო.
მოსარჩელის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ მისი სახლი დაზიანდა მეწყერისა და ჯდენადი გრუნტის შედეგად, სამინისტრომ უარი განაცხადა მისი ოჯახის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც მან 2016 წელს კვლავ მიმართა გეოლოგებს და განმეორებითი დასკვნით დადგინდა, რომ იგი ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ განსახლებას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამინისტროს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც არასწორად დაადგინა, რომ თითქოს მას აქვს საცხოვრებელი სახლი ...ის ქუჩაზე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 7 მარტს მიიღო პასუხი, რომ მის საკუთრებაში არსებულ სახლს, დაზიანებების შესაბამისად, მინიჭებული ჰქონდა პირველი კატეგორია, თუმცა წერილიდან არ ირკვეოდა, რომელი კატეგორია უნდა მინიჭებოდა უძრავ ქონებას, რომ მესაკუთრეს მიეღო საცხოვრებელი სახლი. ამასთან, წერილში განმარტებულია, რომ დახმარების გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული სამი მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის განმარტებით, ამავე სამინისტროს 2018 წლის 5 იანვრის წერილში არ ყოფილა მითითებული, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთების ფლობა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო. შესაბამისად, მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა სამინისტროს პოზიცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ო. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 მარტის #05-01/06/7319 გადაწყვეტილება, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ო. დ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის #42 სხდომის ოქმი და მოპასუხეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ო. დ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ხოლო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველეყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმატიული აქტი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი იძლევა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (შემდგომში - „დაზარალებული“) განმარტებას, კერძოდ: განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
სასამართლოს მითითებით, აღნიშნული წესის მე-2 მუხლის საფუძველზე, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით, ხოლო კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამასთან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე.
დეპარტამენტი/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს სამინისტროს/სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი მოხელე. დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე წესის მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზრალებულთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დაზარალებული ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. კერძოდ, შეაფასოს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობების მდგომარეობა, შეისწავლოს მათი საჭიროებები - წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ამასთან, მოიძიოს დამატებითი მონაცემები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოქალაქე ო. დ-ემ 2014 წლის 7 ივლისს დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და აღნიშნულ განაცხადს, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მიენიჭა წინასწარი 17 ქულა, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელე ო. დ-ეს მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ო. დ-ეს შეეძლო ესარგებლა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლით, რომელიც წარმოადგენდა მისი მეუღლის - მ. ც-ას საკუთრებას, რომელთანაც მოსარჩელე იურიდიულად განქორწინებული არ იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებდა განცხადების განხილვის პერიოდისათვის მოსარჩელის ოჯახის წევრის - მ. ც-ას საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის არსებობას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენდა სადავო ფართს, იგი მეუღლესთან ერთად თხუთმეტი წელია საერთო მეურნეობას აღარ ახორციელებდა და ცხოვრობდა განცალკევებით, რაჭაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, ნივთზე უფლების არსებობა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შეძენისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სასამართლოს მითითებით, საკითხის განხილვის პერიოდისთვის საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არ ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრს - მ. ც-ას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებდა მის საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის არსებობას. ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული საკუთრების უფლების #434 მოწმობასთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ვერ ჩაითვლებოდა მ. ც-ას საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან, მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ფართი დავის საგანს წარმოადგენდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის #ბს-181-179(კ-17) განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ მე-2 მუხლის 112 პუნქტის (13.04.2016წ. განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი) თანახმად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დაზარალებული ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს, სამინისტრო ვალდებულია გამოიკვლიოს ის გარემოებაც, შესაბამის სოფელში სტიქიით დაზარებული სხვა ოჯახები, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, არიან თუ არა დაკმაყოფილებულები კანონმდებლობის შესაბამისად და თუნდაც ამის გამოც ხომ არ არსებობს ვ. ა-ის ოჯახის დაკმაყოფილების აუცილებლობა, მისი დაკმაყოფილების რიგი, თუნდაც ჩაითვალოს, რომ მის ოჯახს გააჩნია საცხოვრებელი ფართი.“
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრს საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მოსარჩელეს შეეძლო შეუფერხებლად ესარგებლა აღნიშნული ფართით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო და წარმოადგენდა სადავო ფართს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, თუ როდის დადგებოდა მოსარჩელის ოჯახის დაკმაყოფილების რიგი, თუნდაც მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის არსებობის პირობებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ო. დ-ის ნაწილში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის #42 სხდომის ოქმი, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 მარტის #05-01/06/7319 გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დავალებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანება, რომლითაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ამასთან, დადგინდა, რომ მითითებული კატეგორიის პირების განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველყოს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ.
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი #1) 1.2 მუხლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. მითითებული „პროცედურის“ 2.1 მუხლის თანახმად, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით, ხოლო 2.2 მუხლის შესაბამისად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, რომელიც ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. დეპარტამენტი/სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის შესაბამისად (2.8 მუხლი). დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით (2.11 მუხლი). დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას (2.12 მუხლი). დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით (2.13 მუხლი).
პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული „პროცედურის“ მე-3 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ო. დ-ემ, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა პირმა, 07.07.2014წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნით. ო. დ-ის განაცხადს საკითხის განხილვაზე უფლებამოსილმა კომისიამ მიანიჭა წინასწარი 17 სარეიტინგო ქულა. აღნიშნულ ქულათა რაოდენობის საფუძველზე, 02.11.2017წ. დაზარალების მუნიციპალიტეტში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და ო. დ-ის ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება. გადამოწმების პროცესში დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი, პირველი სართული არის კაპიტალური, ხოლო მეორე სართული არის ხის შენობა, შენობის დაზიანების ხარისხი შეესაბამება I კატეგორიას. სახლის დაზიანებასთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამინისტროში 22.10.2015წ. #1100 წერილით წარადგინა გეოლოგიური დასკვნა, რომლის თანახმად, „სახლს ძირითადი დაზიანებები მიღებული აქვს რეგიონში გასულ წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად, რასაც ემატება გრუნტის ჯდენის პროცესები და მცირე მეწყერული ძვრები. სახლი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება და საცხოვრებლად საშიშია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია სახლის დემონტაჟი და მოსახლის „საკარმიდამო ნაკვეთის ფარგლებში ახალი, შედარებით მსუბუქი კონსტრუქციის, შენობის აგება სამშენებლო ნორმების დაცვით“. ამავე წარმოების ფარგლებში, გამოვლინდა, რომ ო. დ-ე საკუთრებაში ფლობს სამ მიწის ნაკვეთს ქ. თბილისში (ს/კ ..., ... და ...), რომელთაგან, ერთ-ერთი (ს/კ ...) აჩუქა შვილს - ა. დ-ეს. რაც შეეხება სააცხოვრებელ ბინას, გამოვლინდა, რომ ო. დ-ის მეუღლე მ. ც-ა ქ. თბილისში, ...ის ქ. #8-ში ფლობს მშობლების ბინას, სადაც ამჟამად ცხოვრობს ოჯახი.
სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ამბროლაურის რაიონში, სოფელ ...ში, სტიქიური მოვლენების შედეგად, ნამდვილად დაზიანდა ო. დ-ის საცხოვრებელი სახლი და მოსარჩელე წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს, თუმცა ის გარემოება, თუ რამდენად არსებობდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საფუძველი, სადავო საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ კომისიას უნდა დაედგინა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ შესაბამისად.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ო. დ-ის ოჯახს გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში და შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე არ საჭიროებდა განსახლებას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლსა და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. სასამართლოს მითითებით, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს, სადავო საკითხის შეფასებისას, წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, განსახლების ყოველ ეტაპზე საცხოვრებლის არმქონე ოჯახების გამოვლენა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ და ხელი არ მიუწვდებათ არც სხვა რაიმე დროებით თავშესაფარზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომლის თანახმად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, არ დასტურდება განცხადების განხილვის პერიოდისათვის თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მოსარჩელის ოჯახის წევრის - მ. ც-ას საკუთრებაში არსებობა. პალატამ მიუთითა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიერ გაცემულ 24.08.2007წ. #434 საკუთრების უფლების მოწმობაზე.
პალატამ მიუთითა თავად ო. დ-ის მიერ, სააპელაციო პალატის სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, იგი მხოლოდ პენსიაზე გასვლამდე ცხოვრობდა მ. ც-ას საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა რაჭაში, სოფელ ...ში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცნობილია მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს სადავო ფართს, იგი მეუღლესთან ერთად თხუთმეტი წელია საერთო მეურნეობას აღარ ახორციელებს და ცხოვრობს განცალკევებით, რაჭაში. პალატამ აღნიშნა, რომ ო. დ-ეს მეუღლესთან - მ. ც-ასთან განქორწინების, ასევე მასთან ფაქტობრივად ცხოვრების გამომრიცხავი გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, იგი წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახს. აღნიშნულის მიუხედავად, იგი მარტო ცხოვრობს ხსენებულ შენობაში, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველია. კასატორის მითითებით, ის ფაქტი, რომ შენობა ნამდვილად რისკის შემცველ ზონაში მდებარეობს, დასტურდება გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დასკვნით.
კასატორის მითითებით, ქ. თბილისში, ...ის #8-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მ. ც-ას სახელზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 311-ე და 183-ე მუხლების თანახმად და კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში გამორიცხავს საკუთრების უფლებას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი წლებია ფაქტობრივ ქორწინებაში აღარ იმყოფება მეუღლესთან - მ. ც-ასთან და სოფელ ...ას მუდმივი მაცხოვრებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. დ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით ო. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ო. დ-ემ 2014 წლის 7 ივლისს დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის #42 სხდომის ოქმის დანართის მიხედვით, ო. დ-ის სახლი არის ორსართულიანი, პირველი სართული კაპიტალურია, მეორე კი ხის. სახლი მთლიანად დეფორმირებულია, საყრდენი ბოძები გადახრილია, უკანა კედლის კუთხე პირველ სართულზე გახსნილია, სახურავი დაზიანებულია, საძირკველში დგება წყალი უხვი ნალექის დროს, შენობის დაზიანების ხარისხი არის პირველი კატეგორიის. ო. დ-ის მეუღლე და შვილი ცხოვრობენ თბილისში. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, სახლს ძირითადი დაზიანებები მიღებული აქვს მიწისძვრის შედეგად, რასაც ემატება გრუნტის ჯდენის პროცესები და მცირე მეწყერული ძვრები. ამდენად, საჭირო იყო სახლის დემონტაჟი და შედარებით მსუბუქი კონსტრუქციის შენობის აგება სამშენებლო ნორმების სრული დაცვით. საბოლოოდ, კომისიამ ო. დ-ეს საკითხის განხილვის ეტაპზე უარი უთხრა საცხოვრებელი სახლის მოძიებაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 იანვრის წერილით ო. დ-ეს „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ მისი ოჯახის 2014 წლის 7 ივლისის განაცხადის პასუხად ეცნობა, რომ მის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა წინასწარი 17 ქულა, რომლის საფუძველზეც, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შეისწავლა ო. დ-ის ოჯახის საჭიროებები და საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა. წერილის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად დაადგინდა, რომ ო. დ-ეს შეეძლო ესარგებლა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლით, რის გამოც მოცემულ ეტაპზე მისი ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.
ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 მარტის #05-01/06/7319 გადაწყვეტილების თანახმად კი, ო. დ-ე ქ. თბილისში საკუთრებაში ფლობდა სამ მიწის ნაკვეთს, რომელთაგან ერთ-ერთი ნაკვეთი გაჩუქებული ჰქონდა შვილზე, ხოლო მისი მეუღლე - მ. ც-ა, რომელთანაც ო. დ-ე იურიდიულად განქორწინებული არ იყო, საკუთრებაში ფლობდა ბინას ქ. თბილისში, ...ის ქ. #8-ში, რომლითაც ო. დ-ესაც შეეძლო ესარგებლა. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე, სამინისტროს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ო. დ-ის ოჯახი დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ფართით.
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანების დანართი #1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეს არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ო. დ-ის საცხოვრებელი სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად ნამდვილად დაზიანდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ო. დ-ე წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მიმდინარეობისას და, მათ შორის, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ ო. დ-ე წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
აღსანიშნავია, რომ მითითებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლი ითვალისწინებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ო. დ-ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა სტიქიური მოვლენების შედეგად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, კონკრეტულ ეტაპზე რამდენად მართებულად უთხრა უარი ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს უარის საფუძვლიანობა, კერძოდ, ო. დ-ეს გააჩნდა თუ არა სხვა საცხოვრებელი ფართი და ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე მ. ც-ას სახლი წარმოადგენს თუ არა ო. დ-ის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებდა განცხადების განხილვის პერიოდისათვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ც-ას საკუთრებაში არსებობას.
რაც შეეხება ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული საკუთრების უფლების #434 მოწმობას, ერთი მხრივ, საყურადღებოა მოსარჩელის განმარტება, რომ აღნიშნული ფართი დავის საგანს წარმოადგენს, რაც ვერ ჩაითვლება მ. ც-ას საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის არსებობის უტყუარ დამადასტურებელ მტკიცებულებად, ხოლო მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანების დანართი #1-ის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის (24/11/2017 - 09/07/2018) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის მეორე წინადადება, რომლის თანახმად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. მითითებული ბრძანების დანართი #1-ის დღეს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის მეორე წინადადების მიხედვით კი, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. ამავე ბრძანების დანართი #1-ის მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადების განხილვის პერიოდისათვის გადამწყვეტი იყო იმ გარემოების დადგენა ოჯახს საკუთრებაში, და არა ფაქტობრივ მფლობელობაში, ჰქონდა თუ არა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაც საკასაციო სასამართლოს მითითებით, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლით, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. შესაბამისად, ნივთზე უფლების არსებობა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად კი, უძრავ ნივთის შეძენისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებდა განცხადების განხილვის პერიოდისათვის მ. ც-ას საკუთრებაში ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის არსებობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მითითებაზე, რომ იგი მეუღლესთან მ. ც-ასთან ერთად წლებია საერთო მეურნეობას აღარ ახორციელებს და მუდმივად ცხოვრობს განცალკევებით, რაჭაში.
მოცემულ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ #ბს-1896-1849(კ-10) საქმეზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.
განსახილველ შემთხვევაში ო. დ-ის მიერ წარმოდგენილია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 აპრილის ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ მოქალაქე ო. დ-ე 2002 წლიდან რეგისტრირებულია და მუდმივად ცხოვრობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, რისი გამაბათილებელი მტკიცებულებაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, ო. დ-ეს გააჩნდა თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართი და იგი შეძლებდა თუ არა მასში ცხოვრებას სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.
ამასთან, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ხოლო „ე.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ, დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების მიმართულებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის #01-109/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, მათ შორის, დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 მარტის #05-01/06/7319 გადაწყვეტილება, ასევე ო. დ-ის ნაწილში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის #42 სხდომის ოქმი და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უნდა დაევალოს; ო. დ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ო. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ო. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 მარტის #05-01/06/7319 გადაწყვეტილება, ასევე ო. დ-ის ნაწილში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის #42 სხდომის ოქმი და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. ო. დ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი