Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-12(2კ-20) 8 აპრილი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ჯ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ჯ-ემ 2018 წლის 11 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ და მოითხოვა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N600701 ბრძანებისა და დათხოვნის შესახებ მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N1705266 ბრძანების არარა აქტებად აღიარება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N600701 ბრძანება დ. ე. ჯ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; არარად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N1705266 ბრძანება დ. ე. ჯ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ე. ჯ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; აღნიშნული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო (განაცდური) გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.

კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს. კასატორებმა აღნიშნეს, რომ მინისტრი როგორც საქვეუწყებო დაწესებულების დებულებისა და საშტატო ნუსხის განმსაზღვრელი პირი, უფლებამოსილია განახორციელოს საშტატო ნუსხით განსაზღვრული პირების დანიშვნა და გათავისუფლება.

კასატორებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, ასევე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანების მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნეს, რომ მართალია, სასაზღვრო პოლიციის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებულ საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ავტომატურად არ გამორიცხავს იმას, რომ ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო შსს მინისტრს ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.

კასატორებმა საკასაციო საჩივარში „პოლიციის შესახებ“ კანონის 4.2 მუხლზე მითითებით აღნიშნეს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის არა ცალკე განყენებული ერთეული, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, დასტურდება, რომ სასაზღვრო პოლიცია სამინისტროს ერთიანი სისტემის ნაწილია.

კასატორებმა ასევე მიუთითეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. მითითებული დადგენილების მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, ხოლო რაც შეეხება საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, მისი დანიშვნის უფლებამოსილება, მინისტრის წარდგინებით, მინიჭებული აქვს პრემიერ-მინისტრს. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, თუმცა, ზემოაღნიშნული ნორმები არ შეიცავს მითითებას საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა/გათავისუფლების საკითხზე მინისტრის უფლებამოსილების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, რომელიც საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს, ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ერთიანობის მიუხედავად (N337 დებულების 2.3 მუხ.), ერთმანეთისაგან გამიჯნულია შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის სამართლებრივი სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილებები, ამდენად, ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, რომელსაც საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის გათავისუფლების უფლება არ გააჩნია, განიხილება, როგორც არაუფლებამოსილი თანამდებობის პირი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის სამსახურის …ის ...ის დ. ე. ჯ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N600701 ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N1705266 ბრძანება მიღებულია არა შესაბამისი კომპეტენციის მქონე სასაზღვრო პოლიციის უფროსის, არამედ არაუფლებამოსილი პირების - მინისტრისა და მისი მოადგილის მიერ. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო აქტების არარა აქტებად აღიარებისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს, საკასაციო პალატა აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ მითითებული ნორმა შეიცავს ზოგად მოწესრიგებას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელის დანიშვნასა და გათავისუფლებაზე მინისტრის კომპეტენციის შესახებ, თუმცა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი სპეციალური დათქმის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენცია შემოიფარგლება, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის კანდიდატურის პრემიერ-მინისტრისათვის მხოლოდ წარდგენით, ხოლო დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს პრემიერ-მინისტრს. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის N786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება გასაჩივრებული აქტების კანონიერების თაობაზე, რამდენადაც მოსარჩელე დ. ჯ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. ამრიგად, სადავო აქტების არარად აღიარებასთან ერთად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე