გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 493-აპ 1 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. გვენეტაძე,
დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულების: მ. მ-სა და მ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ. ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2005წ. 4 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ჩიტიაშვილი მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, მ. მ-მა და მ. ჩ-მა ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს შემდეგ გარემოებებში:
2004წ. 8 აგვისტოს, დილით, ხაშურში, ... მცხოვრებმა ა. ს-მა მ. მ-ს სთხოვა ღობის კარების შეკეთება. მასთან საუბრისას მ. მ-მა შეიტყო, რომ მეუღლის საფლავის გასაკეთებლად თბილისიდან შვილის გამოგზავნილ ფულს ელოდებოდა და აღნიშნულ საქმეში მიხმარება სთხოვა. მ. მ-მა შესრულებული სამუშაოსათვის მიიღო 70 თეთრი და წავიდა. აღნიშნულის თაობაზე მან უთხრა თავის მეგობარ მ. ჩ-ს და დაახლოებით 22 სთ. 30 წთ-ზე, წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა. ს-ს. მოქმედებდნენ რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მათ ა. ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ მ. მ-მა მას დანით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა გონება დაკარგა. მათ დაათვალიერეს სახლი, მაგრამ ვერაფერი იპოვეს, რის შემდეგაც ბინა დატოვეს.
აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა: მ. მ-მა და მ. ჩ-მა სააპელაციო საჩივრებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.
მსჯავრდებულები საჩივრით ითხოვდნენ სასჯელის შემსუბუქებას.
სააპელაციო პალატამ საჩივრები განიხილა მხარეთა მონაწილეობით და 2005წ. 28 ივლისის განაჩენით დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა, კერძოდ: მ. ჩ-ს სასჯელის ზომად განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მ. მ-ს _ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ს. ჭ-მ და ი. ა-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ. ნ-მ პალატის წინაშე ითხოვა, რომ უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, ხოლო საკასაციო საჩივრებს უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები შეიძლება დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. მსჯავრდებულების: მ. მ-სა და მ. ჩ-ს მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება დადასტურებულია და ამას სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ მსჯავრდებულ მ. ჩ-ს ქმედებას მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, ჰყავს ოჯახი, დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოინანია გულწრფელად და მისი ჩადენის შემდეგ ხელი არ შეუშლია გამოძიებისა და სასამართლოსათვის, არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, წინანდელი ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს და, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ბრალის ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლებლად მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა _ მას შეუმცირდეს 2 წლით.
ასევე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა მ. მ-მა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოინანია გულწრფელად და მისი ჩადენის შემდეგ ხელი არ შეუშლია გამოძიებისა და სასამართლოსათვის, მის მიერ ჩადენილ ყაჩაღურ თავდასხმას მძიმე შედეგი არ გამოუწვევია, ჰყავს ავადმყოფი დედა, დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატა შესაძლებლად მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი _ 8 წელი და 6 თვე _ მას შეუმცირდეს 1 წლითა და 6 თვით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების: მ. მ-სა და მ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა _ მ. ჩ-ს შეუმცირდეს და სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე, მსჯავრდებულ მ. მ-ს იმავე განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს და სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.