გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 502-აპ 15 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
დ. სულაქველიძე,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ გ. ღ-ს ინტერესების დამცველის ადვოკატ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ღ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2005წ. 19 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის I ნაწილით, 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 265-ე მუხლის I ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, გ. ღ-მ და ზ. კ-მ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:
გ ღ. 2003წ. 24 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სამმართველომ გაიწვია სამხედრო საკონტრაქტო შეიარაღებული ძალების რიგებში. 2004 წელს გ. ღ. იმყოფებოდა შვებულებაში, რომლის ვადის გასვლის შემდეგ, სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით, არ გამოცხადდა სამსახურში, რითაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 389-ე მუხლის I ნაწილით.
მანვე 2004წ. აპრილში თავისი სახლის ეზოში დათესა სამი ცალი კანაფის თესლი და მოიყვანა 48,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება “კანაფი”.
გ. ღ-მ 2004წ. ივნისში ზესტაფონის რაიონის სოფ. პირველ სვირში მდებარე სასაფლაოზე, საფლავის მიწისზედა ნაგებობიდან მოხსნა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფერადი ლითონის _ ალუმინის 8 სხმულს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 144 ლარის ზიანი. მანვე სოფ. საქარაში სხვა პირებთან შეთანხმებით, ავტომანქანიდან გაიტაცა 100 ლარად ღირებული მაგნიტოფონი და 30 ლარად ღირებული 2 ცალი დინამიკი.
აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა: გ ღ-მ და ზ. კ-მ სააპელაციო საჩივრით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.
მსჯავრდებულები საჩივრით ითხოვდნენ სასჯელის შემსუბუქებას.
სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აგვისტოს განაჩენით უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 19 აპრილის განაჩენი.
მსჯავრდებულ გ. ღ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან მსჯავრდებული არის მძიმე ავადმყოფი, მისი ოჯახი განიცდის უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებას, გარდაეცვალა მამა, ხოლო ოჯახში დარჩნენ პენსიონერი დედა და ავადმყოფი ძმა.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ჩ-მა პალატის წინაშე იშუამდგომლა, რომ უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, ხოლო საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. მსჯავრდებულ გ. ღ-ს მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება დადასტურებულია და ამას სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ მსჯავრდებულ გ. ღ-ს ქმედებას მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, ჰყავს ავადმყოფი ძმა და მოხუცი დედა, დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ გარდაეცვალა მამა, დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოინანია გულწრფელად და მისი ჩადენის შემდეგ ხელი არ შეუშლია გამოძიებისა და სასამართლოსათვის, არის ნასამართლობის არმქონე და, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ბრალის ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლებლად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. ღ-ს შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ღ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აგვისტოს განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გ. ღ-ს შეუმცირდეს და სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.