#ბს-67(კს-20) 8 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ი-ი
დავის საგანი - დროებითი განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის დროებითი განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 25 ივნისს ა. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის #..., 2019 წლის 20 მაისის #... და 2019 წლის 4 ივნისის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ა. ი-ის სახელზე პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ი-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2019 წლის 19 ნოემბერს ა. ი-ის წარმომადგენელმა შ. ჭ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და დროებითი განჩინების მიღება მოითხოვა, რომლითაც ა. ი-ის სახელზე გაიცემოდა არაელექტრონული პირადობის მოწმობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის დროებითი განჩინებით ა. ი-ის წარმომადგენლის შ. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა დავის დასრულებამდე ა. ი-ის მიმართ პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დროებით განჩინებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ პროცესში მითითებული ნორმით დადგენილია სარჩელის აღძვრამდე სასამართლოსადმი მიმართვის პრაქტიკა და აღნიშნულს გააჩნია პრევენციის დანიშნულება, ვინაიდან იგი ითვალისწინებს მოსალოდნელ საშიშროებას, რაც შეიძლება გამოიხატოს არსებული მდგომარეობის შეცვლაში ან განმცხადებლის უფლების რეალიზაციისათვის ხელის შეშლაში ან გართულებაში. ამასთან, დროებითი განჩინება, ფაქტობრივად წარმოადგენს უფლების დაცვის დროებით ღონისძიებას სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნორმის შინაარსიდან ნათელია, რომ სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ამგვარი განჩინება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, როდესაც სარჩელის შეტანა თავისთავად არ იწვევს მოსარჩელის უფლების დაცვას და აუცილებელი ხდება დამატებითი ღონისძიებების განხორციელება პირის სამართლებრივი მდგომარეობის დასაცავად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, მნიშვნელოვანი ზიანისა და არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია განმცხადებლის მიერ მოთხოვილი განჩინების მიღება, ვინაიდან დავის დასრულებამდე მხარეს არ შეეზღუდოს უფლება ისარგებლოს აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასიცოცხლო სიკეთეებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო სამართალურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების მიზნით მოპასუხეს უნდა დაევალოს გასცეს მოსარჩელის მიმართ დროებითი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
აღნიშნული დროებითი განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა. კერძო საჩივრის ავტორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის დროებითი განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის დროებითი განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის „ე“, „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევით, კერძოდ, განჩინება იურიდიულად და პრაქტიკულად არ არის დასაბუთებული და არსებითად უსწოროა. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთადერთ დასაშვებ შემთხვევად განიხილავს ჩვეულებრივი მოწმობის გაცემის შეუძლებლობას ობიექტურ (და არა სუბიექტურ) გარემოებათა გამო. სხვა შემთხვევას კანონი არ ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში კი ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემას, არ არსებობს. თუკი სუბიექტური პირობების გამო პირს არ სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება, სასამართლოს აღნიშნული საკითხი ყურადღების მიღმა არ უნდა დაეტოვებინა. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით კი, სააგენტო იძულებულია, კანონშეუსაბამოდ იმოქმედოს მაშინ, როდესაც სასამართლოს მთავარ მოვალეობას წარმოადგენს ამა თუ იმ ქმედების კანონთან შესაბამისობის დადგენა, რა დროსაც იგი ვალდებულია, ემორჩილებოდეს კანონს. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ იმოქმედა ამ პრინციპის საპირისპიროდ და ყურადღების მიღმა დატოვა საკითხი იმის შესახებ, სასარჩელო მოთხოვნა რამდენად არის დაფუძნებული იმაზე, რომ ადგილი აქვს ან შესაძლებელია ადგილი ქონდეს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის უფლებების კანონშეუსაბამოდ დარღვევას. მართალია დავა არსებითად არ წყდება პროცესის ამავე სტადიაზე, მაგრამ რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა და მისი საფუძველი არათავსებადია, ეს გარემოება სასამართლოსთვის შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს არცერთ სტადიაზე.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის #98 ბრძანების 25-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. განსახილველ საქმესთან მიმართებით სამართლებრივ აქტებში მითითებული არცერთი საფუძველი არ იკვეთება და მოსარჩელე ამას სადავოდ არც ხდის. ამდენად გაურკვეველია, რის საფუძველზე უნდა გასცეს სააგენტომ ა. ი-ის სახელზე პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მხარეს არ შეეზღუდოს უფლება, რათა ისარგებლოს აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასიცოცხლო სიკეთეებით, ბუნდოვანია. სასამართლოს თავის განჩინებაში უნდა აესახა კონკრეტული რისკები, ზიანი ან სხვა საფუძველი და მიეთითებინა, რა უფლების დარღვევის პრევენციის მიზნით გამოიყენა დროებითი განჩინება. კერძო საჩივრის ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ უფლების დარღვევა მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია, არსებობდეს. თუ მოსარჩელეს არ გააჩნია რაიმე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა დავის არსებითად დასრულებამდე, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ მოსარჩელის უფლება უნდა დააზღვიოს ნეგატიური ან საფრთხის შემცველი ზემოქმედებისგან, ნაცვლად დავის წინასწარ არსებითად გადაწყვეტისა.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება შესაძლებელია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, თუმცა არ შეიძლება ყურადღების მიღმა იმ გარემოების დატოვება, რომლებიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეიქმნას შეხედულება მოთხოვნის მართებულობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად მართებულად ხდება დროებითი განჩინების გამოცემა, რამდენად რეალურია იმ საფუძვლის არსებობა, რომლებიც ამ საპროცესო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას წარმოშობდნენ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა დროებითი განჩინება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, თუ პირს აღძრული აქვს სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების გამოყენება.
კერძო საჩივრის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია რეალურად ეზღუდებოდა თუ არა მოსარჩელეს მისთვის სამოქალაქო უფლებები და მხოლოდ ჰიპოთეტური საფრთხეების არსებობის გამო მიიღო გასაჩივრებული დროებითი განჩინება. აქვე კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლია აიღოს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით და განახორციელოს ყველა უფლება, რომლის ვითომდა შეზღუდვაზეც არის საუბარი მათი მხრიდან.
კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი შეიძლება აღძრულიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებადაც სასამართლო გამოიყენებდა აქტის მოქმედების შეჩერებას. აქ კი საყურადღებოა, რომ მოთხოვნა დაყენებულია არასწორად და მხოლოდ იმ მიზნით და მიზეზით, რომ ხელოვნურად შექმნილიყო დროებითი განჩინების გამოცემის ფორმალური (მაგრამ არა მატერიალური და პროცესუალური) წინაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული დროებითი განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილია ყოველი ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს ადამიანის სრულყოფილი სამართლიანი დაცვა. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მარტო დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ადმინისტრაციულ პროცესში განსაზღვრავს კოდექსის 29-31-ე მუხლები. უზრუნველყოფის ეს ღონისძიება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები, შექმნას მხარის მოლოდინი, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი. სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, მოიცავს არამხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვის საშუალებით პირის უზრუნველყოფას, არამედ სასამართლოს შესაძლებლობას, უფლების დარღვევის ფაქტზე მოახდინოს ეფექტური რეაგირება, რაც გულისხმობს იმგვარი რეგულაციის არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი უშვებს მხარის უფლებას, სარჩელის აღძვრამდე, ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლის გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო - უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
მითითებული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამავე კანონის 111 მუხლის მიხედვით კი პირის იდენტიფიცირებისათვის, მისი პირადობის დასადასტურებლად აუცილებელია მასზე გაცემული იყოს პირადობის მოწმობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა პირის სამართლებრივი იდენტიფიცირების საკანონმდებლო საშუალებაა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით მოქალაქის უზრუნველყოფას და საშუალებას იძლევა, საქართველოს მოქალაქემ ისარგებლოს მისთვის მინიჭებული შესაძლებლობებით. პირადობის მოწმობის გარეშე პირი ვერ მიიღებს მონაწილეობას რიგ კერძო თუ საჯარო ხასიათის ურთიერთობაში, მაგალითად, გარიგების დადება, განათლების მიღება, გარკვეული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობა, სამედიცინო მომსახურების მიღება, სოციალური უზრუნველყოფა, არჩევნებში მონაწილეობა და ა.შ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებითად ფართოა იმ საკითხთა არეალი, რომელთა სარგებლობასაც მოსარჩელე ვერ შეძლებს განსახილველი დავის გადაწყვეტამდე, რაც მისთვის შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანის მიმყენებელი აღმოჩნდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზაირებს კერძო საჩივრის ავტორების მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მათ დროებითი განჩინებით ფაქტობრივად კანონსაწინაღმდეგო ქმედების განხორციელება დაევალათ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ზოგადად არ გამორიცხავს ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას, ამდენად, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს იმის სამართლებრივი და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ გასცეს მსგავსი ტიპის პირადობის მოწმობები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის საოქმო ჩანაწერით #1404 კონსტიტუციური სარჩელი - შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული (ნაწილობრივ) და ამავე განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის #98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის" 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავდა ინფორმაციის ელექტრონულ მატარებლის გარეშე პირადობას გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე.
ამდენად, ფაქტობრივად არსებული და მოქმედი სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში შესაძლებელი გახდა, გარკვეულ შემთხვევებში, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.
ამასთან, რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორების მითითებას სასარჩელო მოთხოვნის არასწორი ფორმულირების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის შეფასება აბსოლუტურად სცდება კერძო საჩივრის ფარგლებს, ხოლო იმ გარემოებას, რომ არსებული სასარჩელო მოთხოვნის პირობებში დროებითი განჩინების მიღება დასაშვებია კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის დროებითი განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 31-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის დროებითი განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე