საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-88(კ-20) 8 აპრილი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ. ჟ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 11 აპრილს სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - რ. ჟ-ის მიმართ და მოითხოვა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2016 წლის 14 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რ. ჟ-ს დაეკისრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ (სახელმწიფოს სასარგებლოდ) სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 22 აპრილამდე პერიოდის საფასურის, ჯამში - 424 ლარისა და 27 თეთრის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ რ. ჟ-ის მიერ დაკავებული ფართის ოდენობის დასადგენად სასამართლო დაეყრდნო არასათანადო მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებს, ისეთ პირობებში როდესაც, საქმეში დაცული იყო მაღალი მტკიცებულების ძალის მქონე აქტები, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს 2017 წლის 20 ნოემბრის წერილი, რომელიც უტყუარად ადასტურებდა რ. ჟ-ის მიერ ოზურგეთში, ...ის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არა ნაწილის, არამედ მთლიანი ქონების არამართლზომიერად სარგებლობას 15 წლის განმავლობაში.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ნორმის საფუძველზე სანქციის სახით გათვალისწინებული თანხის დაკისრების სუბიექტი შეიძლება იყოს პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს იყენებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე.
ზემოაღნიშნული რეგულაცია მიწის ნაკვეთის სარგებლობის უკანონოდ მიჩნევისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების მტკიცების ტვირთს აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება ასევე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება. შესაბამისად, მანვე უნდა უზრუნველყოს, მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება არ გულისხმობს მოპასუხის სრულად განთავისუფლებას მტკიცების ტვირთისაგან. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, მოპასუხეს აქვს უფლება წარადგინოს საწინააღმდეგო მტკიცებულებები. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად, უნდა განხორციელდეს.
მოცემულ საქმეში, საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სწორედ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5005617817 დასკვნაზე დართული ფოტოილუსტრაციით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ. ჟ-ს რეალურად დაკავებული აქვს სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული 442 კვ. მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის მხოლოდ ნაწილი ავტოსახელოსნოს სახით, ხოლო ოზურგეთის რაიონული სამმართველოს 2017 წლის 20 ნოემბრის MIA 2 17 02790399 წერილში, მითითებულია, ინფორმაცია რ. ჟ-ის მიერ უძრავი ქონების ფლობის შესახებ, 2003 წლიდან 2019 წლის 22 აპრილამდე პერიოდისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე (კასატორი) შემოიფარგლა მხოლოდ თავისივე თანამშრომლის შედგენილი აქტისა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს 2017 წლის 20 ნოემბრის MIA 2 17 02790399 წერილის სასამართლოსთვის წარდგენით, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება ფოტოილუსტრაციით დადგენილი გარემოების (შენობის ნაწილის ფლობა) საპირისპირო გარემოება, ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, ვერ დაადასტურა რ. ჟ-ის მიერ ქ. ოზურგეთში, ...ის ქუჩაზე მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელმწიფო ქონების მთლიანი ფართით სარგებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე