საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-141(კს-20) 8 აპრილი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ა. ა. ჰ. ჰ. მ-დ
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:ა. ა. ჰ. ჰ. მ-დმა 2019 წლის 8 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სახელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბერის გადაწყვეტილებით, ა. ა. ჰ. ჰ. მ-დის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ა. ჰ. ჰ. მ-დისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნულთან დაკავშირებით, ა. ა. ჰ. ჰ. მ-დმა 2019 წლის 24 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, რომლითაც იშუამდგომლა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 2 აპრილის N... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ა. ა. ჰ. ჰ. მ-დის შუამდგომლობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორის განმარტება, რომ აქტის შეუჩერებლობა არსებითი ზიანის მომტანი იქნება მოსარჩელისთვის და წინამდებარე დავა აზრს დაკარგავს. სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსი, რეგულირების საგანი და მიზანი, მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია არ ადასტურებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე მოსარჩელის უფლების რეალიზაციის დამოკიდებულებასა და მისი კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვის შეუძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა. ჰ. ჰ. მ-დმა, რომელმაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ ჩერდება ავტომატურად, თუ აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს მატერიალური ზიანისა და მოსალოდნელი საფრთხის მნიშვნელობა და ისე გადაწყვიტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საკითხი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში „საფრთხე“ შეფასდა გასაჩივრებული აქტის საფუძვლიანობის განხილვისას, როდესაც სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი. ამავე გადაწყვეტილებით დადასტურდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ასევე, წარმოშობს სასამართლოს უფლებას, შეაჩეროს ადმინისტრაციული აქტის მოქმედება.
კერძო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რადგან მიიჩნია, რომ არსებობს იგივე შედეგის მომცემი საკანონმდებლო მექანიზმი, თუმცა სასამართლოს არ აქვს უფლება, წაართვას მხარეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა იმ მოტივით, რომ სხვა ორგანოს მსგავსი შედეგის მომცემი ინსტრუმენტი გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში დავა ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება და არა ორი თანაბარი ინტერესის მქონე პირისათვის სამართლის დადგენას. დავის მეორე მხარეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს და შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც მოწინააღმდეგე მხარის უფლების მზღუდავი ეფექტის მქონე ინსტრუმენტის, განხილვა. უფრო მეტიც, დავაში მეორე მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ მონაწილეობდეს, მასაც კი არ შეეშლებოდა ხელი საკუთარი ფუნქციების ეფექტურ განხორციელებაში, რადგან სასამართლომ უკვე დაადგინა პირის ქვეყნისთვის უსაფრთხოება. გარდა ამისა, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება გულისხმობს არა მხოლოდ დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვასაც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარო ხელისუფლების მიერ პირის რეალური ნეგატიური ფაქტების წინაშე დაყენების გამორიცხვა და უფლების პრევენციული დაცვა. მოსარჩელეს კი უწევს არაეფექტური ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოში დარჩენის უფლების რეალიზებისთვის. ამასთან, ბინადრობის ნებართვა მოიაზრებს არა მარტო საქართველოში ლეგალურად ყოფნის შესაძლებლობას, არამედ ამ უფლების საფუძველზე მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების რეალიზების საშუალებასაც წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მხარეს გააჩნია დასაბუთებული ინტერესი სადავო აქტის მოქმედების შეჩერებისა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები ქმნის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების წინაპირობებს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ა. ა. ჰ. ჰ. მ-დის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საკასაციო პალატა განმარტავს, აღნიშნული დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტსაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროული, სწრაფი და სათანადო აღსრულება წარმოადგენს. ამასთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვანი აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება კანონით არა მხოლოდ უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის გათვალისწინება, არამედ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ადმინისტრაციულ პროცესში განსაზღვრავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუსპენზიური ეფექტიდან გამომდინარე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის წარდგენა ავტომატურად იწვევს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას. ამასთანავე, დასახელებული მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს, რომელთა თაობაზე სარჩელის წარდგენაც აქტის მოქმედების შეჩერებას ავტომატურად არ იწვევს. მათ შორის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას („ბ“ ქვეპუნქტი). სადავო არ არის, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განეკუთვნება სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი ადმინისტრაციული აქტების წრეს, რომელთა მიმართაც არ მოქმედებს სუსპენზიური ეფექტი და სარჩელის სასამართლოში წარდგენა არ იწვევს გასაჩივრებული აქტების მოქმედების ავტომატურად შეჩერებას.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმით დადგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების აუცილებელი წინაპირობები: ეჭვი აქტის კანონიერების თაობაზე, ან აქტის გადაუდებელი აღსრულებით მხარისათვის არსებითი ზიანის მიყენების ალბათობის დადასტურება, ან მხარის კანონიერი უფლებისა თუ ინტერესის დაცვის შეუძლებლობა. ამრიგად, სადავო შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება დამოკიდებული არის შუამდგომლობის დასაბუთებულებაზე, მხარემ უნდა უზრუნველყოს იმ გარემოებათა დადასტურება, რომ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენების წინაპირობები (აქტის უკანონობა; აქტის აღსრულებით არსებითი ზიანის გამოწვევა; მოსარჩელის კანონიერი უფლების დაცვის შეუძლებლობა).
სადავო აქტის უკანონობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტების კანონიერების საკითხის შესწავლა და გადაწყვეტა სასამართლოს არსებითი განხილვის საგანს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, დავა ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აგრძელებს გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის შესწავლასა და შემოწმებას. დამატებით საყურადღებოა, რომ სადავო შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შეფასება დამოკიდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოძიებული ინფორმაციის გამოკვლევაზე, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. სწორედ გასაიდუმლოებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად უნდა მოახდინონ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა. ასეთ პირობებში კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოცემულ ეტაპზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებისთვის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა.
რაც შეეხება გასაჩივრებული აქტის გადაუდებელი აღსრულებით მხარისათვის არსებითი ზიანის მიყენებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავსი ზიანის მიყენების საფრთხეს გამორიცხავს სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწესრიგება. კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად. ამდენად, სასამართლოში დავის მიმდინარეობა შეიძლება, გახდეს დავის გადაწყვეტამდე უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელე რჩება საქართველოში მითითებული საკანონმდებლო მექანიზმის გამოყენებით. მართალია, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N508 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესის“ მე-2 მუხლის 27-ე პუნქტიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების მომსახურება ფასიანია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული და შეფასებული უნდა იქნეს მხარეთა ინტერესების თანაზომიერების პრინციპის დაცვის საკითხი. ერთი მხრივ, მოსარჩელის ინტერესია, შეძლოს საქართველოში თავისუფლად დარჩენა სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტამდე, საფასურის გადახდის გარეშე, დაცულ იქნეს მისი ოჯახის ერთიანობა, რადგან ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და შვილი; მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს ინტერესია, დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, აკონტროლოს საქართველოში კონკრეტულ პირთა ყოფნის საფუძვლების კანონიერება, გამორიცხოს საქართველოს ტერიტორიაზე იმ უცხოელთა ყოფნა, რომლებიც არიან საფრთხის შემცველი საზოგადოებისთვის. საყურადღებოა, რომ მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად სახელდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, რომელთა თანახმადაც, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. შესაბამისად, სახელმწიფო მსგავსი კატეგორიის დავებში მოქმედებს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნებისთვის, რაც მოითხოვს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოდან გაძევების საკითხის თაობაზე წარდგენილი სარჩელით ავტომატურად არ მოხდეს მსგავსი აქტის მოქმედების შეჩერება, არამედ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მხარის მიმართვის საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეაფასოს პირის საქართველოში დარჩენის საფუძვლების არსებობა და მისი გაძევების გადავადების ვადის გონივრულობა. ამასთან, მოცემული რეგულირება იმავდროულად იცავს უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებებს და აძლევს შესაძლებლობას, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე დარჩეს საქართველოში და შენარჩუნებულ იქნეს მისი არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. მითითებული კი გამორიცხავს გასაჩივრებული აქტის დაუყოვნებლივ აღსრულებას და თანაზომიერების პრინციპის - კერძო და საჯარო ინტერესთა ბალანსის გაუმართლებელ ხელყოფას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასევე, არ იკვეთება გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების აუცილებლობა საქმეზე სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნებისთვის. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული მისი გამოყენება და გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის საკითხი.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინება საქმეზე Nბს-935-927(კს-16)). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც დავის მიმდინარეობის განმავლობაში მოსარჩელის უფლებების დაცვის, მისი საქართველოდან გაძევების თავიდან აცილების მექანიზმს ითვალისწინებს სპეციალური კანონმდებლობა - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც პირის სახელმწიფოდან გაძევების გადავადების შესაძლებლობას უშვებს საერთო სასამართლოებში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დავის მიმდინარეობის განმავლობაში და კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტამდე აქვს საქართველოში დარჩენის უფლება, საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილების ჯეროვანი აღსრულება არ იქნება დამოკიდებული გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, ის გარემოებები, რომ მხარემ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება მოითხოვა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის ეტაპზე და არ მოუთხოვია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, ასევე, მიუთითებს, რომ დავის განმავლობაში მოსარჩელის საქართველოში დარჩენის უფლება იყო დაცული და იგი დამატებით გარანტიებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თვალსაზრისით, არ საჭიროებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების წინაპირობები. სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული განჩინების გამოტანა. სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და მიიღო დასაბუთებული განჩინება. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 70-ე, 74-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ა. ჰ. ჰ. მ-დის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე