გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 6-აპ 7 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ისაევი,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. გ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელსაც ბრალი ედება ძარცვის ჩადენაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მას სასამართლომ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით მ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 17 ივლისს, დაახლოებით 15 საათზე, იგი, იმყოფებოდა რა ქ. თბილისში, ე.წ. “ელიავას” ბაზრობაზე, განიზრახა დანაშაულებრივი გზით ფულის შოვნა, რა დროსაც მან ბაზრობის ტერიტორიაზე შეამჩნია დაზარალებული თ. შ., რომელსაც ავტომანქანაში, სიჩქარეების გადამცემ კოლოფთან, ედო თავისი კუთვნილი, 250 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის აპარატი ”ნოკია”. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. გ. მარჯვენა მხრიდან მიუახლოვდა თ. შ-ს ავტომანქანას, რომლის წინა, მარჯვენა საქარე მინა ჩამოწეული იყო და აშკარად გასტაცა აღნიშნული ტელეფონის აპარატი, რითაც დაზარალებულ თ. შ-ს მიაყენა 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, არ დააკმაყოფილა რა მსჯავრდებულ მ. გ-ს დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს მიერ რაიონული სასამართლოს განაჩენის თაობაზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი, 2004წ. 6 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დატოვა ზემოაღნიშნული განაჩენი.
ადვოკატმა ზ. ნ-მ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს, რომ განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ მ. გ-ს სასიკეთოდ, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ქურდობა, რისთვისაც მას შეეფარდოს არასაპატიმრო სასჯელი.
პალატის სხდომაზე განხილვისას სხდომის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა კასატორის მიერ შეტანილი საჩივარი, რის შემდეგაც თავისი მოსაზრება გამოთქვა პროცესში მონაწილე პროკურორმა არ. ს-მა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს, რადგან მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2004წ. 5 აგვისტოს მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა მ. გ-ს ბრალდების საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბრალდებო დასკვნის, ასევე, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენებში მოცემული დასკვნების მიხედვით, მსჯავრდებულმა მ. გ-მა ჩაიდინა ძარცვა დამთავრებული სახით, რითაც 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს. პალატა ასეთ შეფასებას ვერ გაიზიარებს, რადგან იგი არ შეესაბამება სარწმუნო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: როგორც დაზარალებულის, ასევე თვით მსჯავრდებულისა და მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ მ. გ-ნმა მობილური ტელეფონის აპარატი როგორც კი ამოიღო ავტომანქანის სალონიდან, იგი მაშინვე შეამჩნია დაზარალებულმა და სხვა პირებთან _ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მაშინვე გამოედევნა მას. მ. გ. ახლო მანძილზე დააკავეს და ტელეფონის აპარატი წაართვეს. აღნიშნული ჩვენებები სრულიად ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ მ. გ-მა, მართალია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად ამოიღო ავტომანქანის სალონიდან სხვისი კუთვნილი მოძრავი ნივთი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ვერ მოახერხა დაუფლებოდა ამ ნივთს იმგვარად, რომ შესძლებოდა მისი განკარგვა თავისი ნებასურვილის შესაბამისად; ამიტომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების ანუ ძარცვის მცდელობა.
რაც შეეხება მობილური ტელეფონის აპარატის ღირებულებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებით მოსალოდნელი ზიანის მოცულობა, იგი შეფასდა დაზარალებულის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენების საფუძველზე, ისე, რომ არ მომხდარა ამ ნივთის სასაქონლო შეფასება ექსპერტიზის მეშვეობით, ხოლო დაზარალებულმა სასამართლო გამოძიებისას განაცხადა, რომ შემდგომში ის მობილური ტელეფონის აპარატი, რომლის გატაცებასაც მსჯავრდებული ცდილობდა, 30 ლარადაც ვერ გაყიდა, რის გამოც, მისივე განმარტებით, მოსალოდნელი ზიანი მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მნიშვნელოვანი. ასეთ პირობებში უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულება მ. გ-ს ქმედებით მოსალოდნელი ზიანის მოცულობასთან მიმართებაში, მას ასეთი დაუდასტურებელი ზიანი ბრალად ვერ შეერაცხება და ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ.
პალატა ვერ გაიზიარებს აგრეთვე მ. გ-ს დამცველის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრის იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც გოლეთიანს ჩადენილი აქვს დამთავრებული ქურდობა. როგორც აღინიშნა, საპროცესო კანონით დადგენილი წესის დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები უდავოდ მიუთითებენ ძარცვის მცდელობაზე, რასაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე, პალატა თვლის, რომ იგი შეიძლება დაკმაყოფილდეს იმის გათვალისწინებით, რომ მ. გ. პირველად არის სამართალში, წარსულში ხასიათდება დადებითად, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, მის ქმედებას არ მოჰყოლია რაიმე ზიანი დაზარალებულისათვის, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, წინასწარი გამოძიებისა და მისი ბრალდების საქმის სასამართლო განხილვის პერიოდში არ დაურღვევია მის მიმართ გამოყენებული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობები. პალატას მიაჩნია, რომ მისი გამოსწორებისათვის არ არის აუცილებელი გამოყენებულ იქნეს მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით; საამისოდ საკმარისი იქნება მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა შეუმსუბუქდეს სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და იგი ჩაეთვალოს პირობით, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ მ. გ-ს სასიკეთოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. გ-ს დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ მ. გ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ძარცვის მცდელობა, ხოლო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და მეთვალყურეობა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.