Facebook Twitter

№ბს-184(კს-20) 8 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ლ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოსარჩელეები - გ. კ-ი; ე. თ-ი; ნ. შ-ი; ბ. გ-ე; დ. გ-ე; თ. მ-ი; მ. დ-ი; ნ. ჩ-ე; ლ. გ-ა; ლ. კ-ე; მა. დ-ე; გ. ც-ი; ი. გ-ი; გ. მ-ი

მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - თ. ხ-ი; იბა „...“; ა. რ-ი

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 18 მაისს ლ. რ-მა, გ. კ-მა, ე. თ-მა, ნ. შ-მა, ბ. გ-ემ, დ. გ-ემ, თ. მ-მა, მ. დ-მა, ნ. ჩ-ემ, ლ. გ-ამ, ლ. კ-ემ, მა. დ-ემ, გ. ც-მა, ი. გ-იმა და გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 აპრილის №530 და 2018 წლის 10 აპრილის №531 განკარგულებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თითოეული მოსარჩელის მიმართ ცალ-ცალკე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. კ-მა, დ. გ-ემ, თ. მ-მა, ნ. ჩ-ემ, ლ. გ-ამ, ლ. კ-ემ, მა. დ-ემ და გ. ც-მა და ლ. რ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების - ლ. რ-ის, გ. კ-ის, დ. გ-ის, თ. მ-ის, ნ. ჩ-ის, ლ. გ-ას, ლ. კ-ის, მა. დ-ის და გ. ც-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე; ამავე განჩინებით თითოეულ აპელანტს განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 (შვიდ) დღის ვადაში, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე ცალ-ცალკე, სახელმწიფო ბაჟის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარდგენა დაევალა; აპელანტებს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუსვებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 10 ივლისის განჩინებით განუხილველად დარჩა აპელანტის - ლ. რ-ის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება გაეგზავნა აპელანტ ლ. რ-ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2019 წლის 22 ივნისს, რაც დასტურდებოდა მისი ხელმოწერით, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მის მიერ არ იქნა შევსებული განჩინებაში მითითებული ხარვეზი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. რ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება მას ჩაბარდა 2019 წლის 22 ივნისს და 2019 წლის 7 ივნისის განჩინების შესაბამისად, ...ს ბანკის მეშვეობით იმავე დღეს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით.

კერძო საჩივარზე თანდართული სს „...ს ბანკის“ წერილის (..., 12/09/2019) თანახმად, ლ. რ-ის სახელით 2019 წლის 22 ივნისს ხაზინაში გადაირიცხა 150 ლარი (ხაზინაში გადარიცხვის სერვისით).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მას დადგენილ ვადაში არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი და არ გამოუსწორებია ხარვეზი, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება და მისი სააპელაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნას მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით ლ. რ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამასთან, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. კერძო საჩივრის ავტორი განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მან განჩინების ჩაბარების დღესვე სრულად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-540(კს-19) განჩინებაზე, სადაც საკასაციო სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი გამოსწორებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სრულად შეასრულებს სასამართლოს მითითებას.“

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით ნათლად განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მათ არა მხოლოდ უნდა გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი, არამედ ამავე ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი უნდა წარედგინათ სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ ლ. რ-მა 2019 წლის 22 ივნისს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, თუმცა მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ობიექტური გარემოების გამო მის მიერ ხარვეზის სრულად შევსების შეუძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის №ბს-11(კს-20) განჩინებაზე, სადაც აღინიშნა, რომ „საჩივრის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაწესება, ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ხარვეზის დადგენა, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და აღნიშნული არ ხელყოფს სასამართლო ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებას. საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საპროცესო ნორმებით, რა დროსაც საჩივრის ხარვეზიანობის შემთხვევაში, მხარისაგან წერილობითი მტკიცებულების წარდგენით მოითხოვს ხარვეზის შევსების დადასტურებას. ამდენად, მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება ბაჟის გადახდის თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულების - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენის გარეშე, არ წარმოშობს ხარვეზის შევსებულად მიჩნევის საფუძველს“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარუდგენლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, კერძოს საჩივრის ავტორის მითითება, რომ მან განჩინების ჩაბარების დღესვე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც დაურთო კერძო საჩივარს, ვერ ჩაითვლება ხარვეზის სრულად შევსების და სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლ. რ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. რ-ს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მას (პ/ნ №...) სრულად უნდა დაუბრუნდეს 22/06/2019წ. სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 368-ე, 374-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. ლ. რ-ს (პ/ნ №...) დაუბრუნდეს 22.06.2019წ. სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე