Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-241(გ-20) 22 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ნ. ა-ის საჩივრის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე ახალციხის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 13 სექტემბერს ნ. ა-მა საჩივრით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს N... საჯარიმო ქვითრისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 4 სექტემბრის MIA 4 19 02344187 დადგენილების გაუქმება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით ნ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს N... საჯარიმო ქვითარი და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 4 სექტემბრის MIA 4 19 02344187 დადგენილება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება გაასაჩივრა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და ნ. ა-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთს მთავარი სამმართველოს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განჩინებით ნ. ა-ის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს N... საჯარიმო ქვითრისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 4 სექტემბრის MIA 4 19 02344187 დადგენილების გაუქმების თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ“ პუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც თავის მხრივ გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით.

კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს 2019 წლის 1 აგვისტოს N... საჯარიმო ქვითრისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 4 სექტემბრის MIA 4 19 02344187 დადგენილების კანონიერების შემოწმება. ამასთან, საქმის წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისათვის დადგენილი სამართალწარმოების პრინციპის დაცვით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ. ა-ის საცხოვრებელი მისამართია - დაბა ბაკურიანი, ...ის ქ. N... . სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ქ. თბილისში, დადგენლია, ისიც, რომ საჩივრის ავტორმა საჩივარი წარადგინა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. გასაჩივრებული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 4 სექტემბრის MIA 4 19 02344187 დადგენილების თანახმად, მხარეს განემარტა დადგენილების გასაჩივრების წესი. კერძოდ, დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს 261-ე მუხლში მითითებული ზოგადი წესი (სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილის მიხედვით) და წარდგენილი საჩივარი განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის დადგენილებით ნ. ა-ის საჩივარი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამდენად, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები არ არის მოწესრიგებული მითითებული კოდექსით, გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა საკანონმდებლო აქტები, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, მითითებული მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევნის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს. განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივაა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე - სასამართლოს ინიციატივით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები განიხილება მისი ჩადენის ადგილის მიხედვით, თუმცა იმ შემთხვევაში თუკი პირის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-125-ე მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას. კონკრეტულ შემთხვევაში, ნ. ა-ის მიმართ 2019 წლის 1 აგვისტოს შედგენილ იქნა N... ელექტრონული დადგენილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია, როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე - დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დადგენილია, რომ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ქ. თბილისი, ხოლო რაც შეეხება დამრღვევის საცხოვრებელ ადგილს, როგორც ნ. ა-ი საჩივარში მიუთითებს, არის ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, ...ის ქ. N... . დადგენილია, რომ საჩივრის ავტორმა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და დავის გადასაწყვეტად მიმართა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსჯად ახალციხის რაიონულ სასამართლოს, თუმცა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით, ნ. ა-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადმოეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას იმ საფუძვლით, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისის ტერიტორია, ამასთანავე, საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ იგი არ ეთანხმებოდა საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად ნ. ა-ის საჩივარი, თანდართული მასალებით უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ახალციხის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სსსკ-ის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, მითითებული მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს. განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს #... საჯარიმო ქვითრისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 4 სექტემბრის MIA 4 19 02344187 დადგენილების კანონიერების შემოწმება. დადგენილია, რომ ნ. ა-ის მიმართ 2019 წლის 1 აგვისტოს გამოწერილი #... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121.1 მუხლის მიხედვით, ქ. თბილისში, ხოლო ნ. ა-ის საცხოვრებელი ადგილია დაბა ბაკურიანი, ...ის ქ. #... .

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, კანონმდებლობა 121-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 121-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს 121-ე მუხლი. ნ. ა-ის მიმართ #... საჯარიმო ქვითარი შედგენილია ქ. თბილისში, ნ. ა-ის საცხოვრებელ ადგილს კი წარმოადგენს დაბა ბაკურიანი, ...ის ქ. #... . მან საჩივრით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს. შესაბამისად, ნ. ა-ი უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორმა - ნ. ა-მა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ.

ამავდროულად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადი საქმეების კატეგორიას. აღნიშნული მუხლის თანახმად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების შემოწმება მიეკუთვნება მაგისტრი მოსამართლის განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დავის საგანია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს #... საჯარიმო ქვითრისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 4 სექტემბრის MIA 4 19 02344187 დადგენილების კანონიერების შემოწმება, რომელიც ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადი საქმეების კატეგორიას განეკუთვნება.

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს.

,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ახალციხის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრა 7 მოსამართლით (მუხლი 5.3). ახალციხის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 3 მოსამართლით, რომელთაგან: ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტში; ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ასპინძის მუნიციპალიტეტში; გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში (მუხლი 5.4).

შესაბამისად, აღნიშნული მუხლების მოთხოვნიდან და სამართალდარღვევის თაობაზე საქმეთა განხილვის თავისებურებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, ნ. ა-ს არ მიუმართავს უშუალოდ ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოსათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მაგრამ მან ახალციხის რაიონული სასამართლოსადმი მიმართვით არაპირდაპირ გამოხატა თავის საცხოვრებელ ადგილთან ტერიტორიულად ახლოს მყოფ სასამართლოში საჩივრის აღძვრის და განხილვის ნება, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჩივრის ავტორის - ნ. ა-ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დაბა ბაკურიანი, ...ის ქ. #..., რომელიც შედის დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში. სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე