გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 18-აპ 14 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),
მ. გოგელია
განიხილა ადვოკატ ჯ.მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ნოემბრის განაჩენზე ს. ა-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 სექტემბრის განაჩენით ს. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ნოემბრის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ს. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ს.ა-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004წ. 6 აპრილს, დაახლოებით 12 საათზე, მარნეულის რაიონის სოფ. სადახლოს ბაზრობაზე ს. ა-მა, წინასწარი შეთანხმებით, ვ. ნ-სა და ვ. ს-თან ერთად, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა რა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობით და გინებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მარნეულის შს განყოფილების სადახლოს პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომელ ა. გ-ს, რომელსაც შემდეგ ჯგუფურად სცემეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ს.აბდულაევისა და მისი მეგობრების ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთს. შეგროვილმა ხალხმა ისინი გააშველა, რის შემდეგაც ს.აბდულაევმა და მისმა თანამზრახველებმა იქაურობა დატოვეს.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ.მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ს.ა-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და მის გამართლებას იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება ს.აბდულაევის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება.
მსჯავრდებული ს.აბდულაევი მხარს უჭერს თავისი ადვოკატის პოზიციას და ითხოვს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
პროკურორი ა.ს. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ს.აბდულაევის მიმართ განაჩენის ძალაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება ს.აბდულაევის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, თავად ს.ა-ს მიერ რაიონულ სასამართლოში მიცემული ჩვენებით, მთლიანად დადასტურებულია ს.ა-ს მიერ ხულიგნობის ჩადენის ფაქტი. აღნიშნული ასევე დადასტურებულია პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტით, კერძოდ, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ივნისის განაჩენით, რომლითაც ვ.ნ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით ს.ა-სა და სხვა პირთან ერთად ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობისათვის.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და ს.ა-ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ ახალგაზრდაა; ხასიათდება დადებითად; აქვს უკიდურესად მძიმე მატერიალური მდგომარეობა; ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები; დაზარალებულს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, _ თვლის, რომ მსჯავრდებულის გამოსწორება შეიძლება სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ს.ა-ს მიმართ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება: დანიშნული სასჯელი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ნოემბრის განაჩენი ს. ა-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დანიშნული სასჯელი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
მსჯავრდებულ ს.ა-ს დაევალოს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.