ბს-375-375(კ-18) 16 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,...ამ“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 07.05.2015წ. №25/4 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც სს ,,...ას“ უარი ეთქვა ელექტროენერგიის განაწილების მიზნით შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების მიღება-ჩაბარების აქტებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის თაობაზე იმ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე, რომელთა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი დადგენილია კომისიის 04.12.2008წ. N33 დადგენილებით და კომისიისათვის აღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.12.2015წ. გადაწყვეტილებით სს ,,...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 07.05.2015წ. №25/4 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც სს „...ას“ უარი ეთქვა ელექტროენერგიის განაწილების მიზნით შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების მიღება-ჩაბარების აქტებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის თაოაბზე იმ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე, რომელთა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი დადგენილია კომისიის 04.12.2008წ. N33 დადგენილებით; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2017წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.12.2015წ. გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ინფორმაციის ღიაობით მისი ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, ამასთანავე, ელექტროენერგიის ტარიფებისა და მისი შემადგენელი ნაწილების საჯაროობა ნორმატიულად არის უზრუნველყოფილი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურება, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასაბუთებს სს „...ას“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე უარის თქმას. პალატამ მიიჩნია, რომ დადასტურებული მონოპოლიური საქმიანობის ფონზე კონკურენტუნარიანობის შესაძლო დაზიანების მოტივით აღძრული სარჩელი საჭიროებს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი ინტერესის არსებობის განსაკუთრებულ დასაბუთებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა აგრეთვე არსებითად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. Nბს-33-32(კ-16) განჩინებაში არსებული განმარტებებით. შეუძლებლად იქნა მიჩნეული ინფორმაციის საიდუმლოების უზრუნველყოფა, რადგან ინფორმაციის მფლობელების - ხელშეკრულების კონტრაჰენტების მიმართ არ მოქმედებდა ინფორმაციის საიდუმლოების იმპერატივი, მათ შეეძლოთ ინფორმაციის გასაჯაროება, კონტრაჰენტებს არ დაუფიქსირებიათ ნება ხელშეკრულების პირობების გასაიდუმლოებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2017წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...ას“ მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი. პალატამ მიუთითა, რომ არ დადასტურდა ელექტროენერგიის ნასყიდობისა და გატარების ხელშეკრულებების ღიაობით სს „...ასათვის“ ზიანის მიყენება, თუმცა არ დაუდგენია 2015 წლამდე კომისიაში აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ფაქტი. მითითებული ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხი დადგა მაშინ, როდესაც ხელშეკრულებები კომისიას წარედგინა. ამის საპირისპიროდ, სასამართლო დავის გათვალისწინებით, სადავო ინფორმაცია დღემდე დახურულია, თუმცა არ დასტურდება ამ წლების მანძილზე ინფორმაციის დახურვის შედეგად რაიმე ზიანის დადგომა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სს „...ა“ ბუნებრვი მონოპოლისტი ენლექტროენერგიის გაყიდვაშია და არა მის ყიდვაში. ელექტროენერგიის შესყიდვას ახდენენ სხვა საწარმოებიც, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სხვა დაინტერესებულმა პირმა ელექტროენერგიის მწარმოებლებს შესთავაზოს უფრო მეტი ფასი, რაც წარმოშობს სს „...ასთან“ არსებული სახელშეკრულებო ფასის გადახედვას. კასატორმა აღნიშნა, რომ კომისია ადგენს ტარიფს, რითაც მომხმარებელი დაცულია მონოპოლიური ფასებისაგან. კასატორმა მიუთითა, რომ ნორმატიულად ღიაა მხოლოდ ჯამური მონაცემი და არა ის, თუ კონკრეტული ჰესიდან რა ფასად მოხდა ელექტროენერგიის შეძენა. კასატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მხარეებს შორის რაიმე სადავო არ არის. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კერძო სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულების კონტრაჰენტები საჯარო დაწესებულებები არ არიან, ამიტომ მათთან დადებული ხელშეკრულებები საჯარო არ არის. აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა. სასამართლოს გადაწყვეტილება დამყარებულია უკვე გაუქმებულ ნორმატიულ აქტზე - კომისიის 08.06.2011წ. N8 დადგენილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინფორმაციისათვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება მოითხოვს ინფორმაციის კომერციული საიდუმლოებისადმი მიკუთვნების დოკუმენტურ დადასტურებას. პერსონალური მონაცემების დაცვისაგან განსხვავებით კომერციული საიდუმლოების შემთხვევაში მისი დაცვა იმთავითვე არ არის პრეზუმირებული, ინფორმაციის დაცვის ინტერესი ამ შემთხვევაში თავისთავად არ იგულისხმება. პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი რეჟიმისაგან განსხვავებით, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის, მისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ნების გამოხატვა. ამასთანავე ინფორმაციის გასაიდუმლოება არ არის დამოკიდებული მხოლოდ სუბიექტის ნება-სურვილზე და მოსაზრებაზე. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებისთვის მფლობელს, ნების გამოხატვის გარდა, უნდა გააჩნდეს საჯარო დაწესებულებაში შენახული ინფორმაციის დაცულობის მიმართ გამართლებული, პატივსადები ინტერესი, რაც განპირობებულია საიდუმლოების მფლობელის შესაძლო თვითნებობის შეზღუდვის საჭიროებით, ვინაიდან კომერციულ საიდუმლოებად ინფორმაციის გამოცხადება აკისრებს სხვებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ვალდებულებას, ანიჭებს ინფორმაციის მფლობელს განსაკუთრებულ უფლებებს, ხოლო სახელმწიფოს ამ უფლებების უზრუნველყოფის პოზიტიურ ვალდებულებებს (სუს 28.02.2017წ. Nბს-33-32(კ-16) განჩინება). ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურად ცნობასაც ითხოვს სს „...ა“ შექმნილია ხელშეკრულების მხარეების მიერ, ინფორმაციის მფლობელი არის არა ერთი, არამედ რამოდენიმე პირი - ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები. საქმის მასალებით არ დასტურდება კონტრაჰენტების დაინტერესება ინფორმაციის გასაიდუმლოებით. შესაბამისად, არ დასტურდება ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების ძირითადი პირობა - ინფორმაციის მფლობელის ნება. ამასთანავე, ხელშეკრულების კონტრაჰენტების, როგორც ინფორმაციის მფლობელების მიმართ კომერცული საიდუმლოების დაცვა დისპოზიციურია. კონტრაჰენტების შესაძლებლობა - გაავრცელონ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია, არ იძლევა კომერციული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის, მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ზომების მიღების შესაძლებლობას.
ინფორმაციისათვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭების მეორე წინაპირობაა ინფორმაციის გავრცელებით მისი მფლობელისათვის ზიანის მიყენების საფრთხე, რასაც სს „...ა“ ასევე ვერ ასაბუთებს. ის, რომ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ღიაობის შემთხვევაში, სს „...ას“ კონტრაჰენტებმა სხვა პირებისაგან შესაძლოა მიიღონ უფრო ხელსაყრელი პირობები, მაგ.: შედარებით მაღალი ფასი, რაც კასატორთან მოქმედი სახელშეკრულებო ფასის გადახედვასაც გამოიწვევს, არ ასაბუთებს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევას, რადგან სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ეკონომიკის სფეროში კონკურენცია გულისხმობს მეწარმეთა შეჯიბრს საქონლის (მომსახურების) წარმოებისა და გასაღების ხელსაყრელი პირობებისათვის. კონკურენცია არის მეტოქეობა ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ბაზრის ნორმალური და სტაბილური განვითარება სწორედ კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში არის შესაძლებელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფების დადგენა. სატარიფო განაცხადის დასაბუთებულობის გარკვევამ შესაძლოა საჭირო გახადოს გაწეული დანახარჯების, შესყიდული რაოდენობის და მაშასადამე ხელშეკრულებების გაცნობა. ტარიფების შესახებ საერთო ჯამური მონაცემის გამოქვეყნება გულისხმობს ამ მონაცემის სისწორის გადამოწმების შესაძლებლობას, რაც შეუძლებელი იქნება ხელშეკრულებების ტექსტების ხელმიუწვდომლობის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის 30.07.2014წ. N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისი სატარიფო განაცხადი და თანდართული დოკუმენტები საჯარო და ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი პირისთვის, სატარიფო განაცხადის განხილვა კომისიაში მიმდინარეობდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით (ანალოგიურ წესს ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი რედაქციის 31.7 მუხ.). სატარიფო განაცხადის განხილვაში ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობისა და კომისიაში წარდგენილი მასალების გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებდა აგრეთვე კომისიის 08.06.2011წ. N8 ძალადაკარგული დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია“ (26.5 მუხ.). საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 30.08.06წ. N77 ბრძანებულებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას. წესების თანახმად, ღია ინფორმაციად მიიჩნევა: შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობები - ელექტროენერგიის ფასის მითითებით; შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობისა და ფასების შესახებ; ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობისა და გამყიდველის მხრიდან შემოთავაზებული ფასის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „...ას“ მიერ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების მოთხოვნის საჯარო დანაწესებთან, ნორმატიული აქტებით დადგენილი ინფორმაციის ღიაობის რეჟიმთან შესაბამისობა არ არის დასაბუთებული.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტარიფებთან დაკავშირებული წარმოება განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს იწვევს და ამ წარმოების დროს წარდგენილი ინფორმაციის გასაიდუმლოებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ელექტროენერგიის მომხმარებელ ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც დაინტერესებულია რაციონალური, ობიექტური, გონივრული ტარიფის დადგენით. ამასთანავე, ელექტროენერგიის დანახარჯები ნებისმიერი წარმოების დანახარჯებში შედის, ამიტომ ელექტროენერგიის რაციონალური ტარიფი ხელს უწყობს აგრეთვე მთლიანად ეკონომისის განვითარებას. მსგავსი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადების მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს გამართლებულ ეკონომიკურ, პატივსადებ ინტერესს და უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ საჯარო წესრიგს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2017წ. განჩინება;
3.სს „...ას“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.03.2018წ. N36706001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი