Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 35-კოლ 9 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

ნ. გაბრიჩიძე (მომხსენებელი),

მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-სა და მსჯავრდებულ ს. გ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 18 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით:

1. ზ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “თ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

2. ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით, ზ. მ-სა და ს. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2002წ. 29 სექტემბერს, დაახლოებით 12 საათზე, ზ. მ-მა, ს. გ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა სხვა პირმა წინასწარი შეთანხმებით, ზ. მ-სათვის ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება გ. ღ-ს, მოტყუებით ჩასვეს “ფორდ-სიერას” მარკის, ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა ს. გ. და მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოიტაცეს ქ. ფოთიდან. გამტაცებლებმა გ. ღ. ჩაიყვანეს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ...ში, ს. გ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ჰყავდათ 2002წ. 30 სექტემბრის 24 საათამდე. ზ. მ. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა გ. ღ-ს, მაგრამ ვერ დაითანხმა იგი ცოლობაზე. ამის შემდეგ დაზარალებული გ. ღ., რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებდა ზ. მუ-ს ცოლობაზე, გამტაცებლებმა ს. გ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით წაიყვანეს ქ. თბილისში, სადაც ჯერ მიიყვანეს ზ. მ-ს სიძის _ გ. ბ-ს, ხოლო შემდეგ _ ს. გ-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ჰყავდათ 2002წ. 2 ოქტომბრის 15 საათამდე, რის შემდეგაც მათ მიაკვლიეს დაზარალებულის ახლობლებმა და გ. ღ. გაათავისუფლეს. ამდენად, დაზარალებული გ. ღ. უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი იყო 2002წ. 29 სექტემბრის 12 საათიდან იმავე წლის 2 ოქტომბრის 15 საათამდე, ამ პერიოდში მას არ გააჩნდა თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარი ნება-სურვილის განხორციელების შესაძლებლობა.

მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ყ.საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.

მსჯავრდებული ს. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი ტ. კ. შესაგებლით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ყ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა ზ. მ-სათვის სასჯელის შემსუბუქება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ზ. მ..

მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, შეცვალა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა ს. გ-სათვის სასჯელის შემსუბუქება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ს. .გ

პროკურორმა ჯ. კ-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულების _ ზ. მუ-სა და ს. გ-ს სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამამტყუნებელი განაჩენი ზ. მ-სა და ს. გ-ს მიმართ ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც სრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა სასამართლო კოლეგიამ. განაჩენით შერაცხულ დანაშაულში მათი ბრალეულობა უდავოდ დადასტურებულია დაზარალებულ გ. ღ-ს ჩვენებებით; მოწმეების _ მ. ღ-ს, ც. ჩ-ს, მ. გ-ს, ი. გ-ს, ნ. მ-სა და სხვათა ჩვენებებით.

ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულთა სასიკეთოდ, სახელდობრ: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები არიან ახალგაზრდები, ხასიათდებიან დადებითად, პირველად არიან სამართალში, ს. გ-ს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, მათ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, პალატა მიზანშეწონილად თვლის, რომ ორივე მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს პირობითი მსჯავრი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 18 იანვრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ზ. მ-ს შეფარდებული სასჯელი _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ოთხი წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ს. გ-ს შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.

ზ. მ-სა და ს. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა _ გაუქმდეს.

მსჯავრდებულების _ ზ. მ-სა და ს. გ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.