გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 37-აპ 21 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ბიბილაშვილი,
ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 17 მაისის განაჩენში ა. კ-ს მიმართ. აღნიშნული განაჩენით ა. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე ერთი წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ა. კ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2003წ. 12 მარტს, დაახლოებით 10.30 საათზე, იგი მართავდა გ. ბ-ს კუთვნილ ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტს” და ქ. რუსთავში, ... მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან, დაახლოებით 7-8 კმ\საათში სიჩქარით უკუსვლით, დაქოქვის მიზნით, მისაბმელით გამოჰყავდა მეზობლის _ ვ. ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “გაზელი”. აღნიშნულ სიტუაციაში ა. კ-მა გამოიჩინა დაუდევრობა, ვერ შენიშნა ავტომანქანის უკან ფეხით მოსიარულე 64 წლის ზ. გ. და შეეჯახა მას. დაზარალებული ზ. გ. სასწრაფოდ გადაყვანილ იქნა ქალაქის ¹2 საავადმყოფოში, სადაც იგი მიღებული ტრავმების შედეგად იმავე დღეს გარდაიცვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. კ.ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე:
მან ყველანაირი დახმარება აღმოუჩინა დაზარალებულ ზ. გ-ს და თავი არ დაუზოგავს მის გადასარჩენად; გაიღო დაკრძალვისა და ცხედრის გაპატიოსნების ყველა ხარჯი, გაუკეთა საფლავი, მესერი და ქვაც; მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი შვილი; დაზარალებულ მხარეს მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ა. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ე. წ-მ და თ. დ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ. მათვე აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულ ა. კ-ს გარდაეცვალა 42 წლის ძმა (წარმოადგინეს ცნობა გარდაცვალების შესახებ), აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა.
მსჯავრდებული ა. კ. დაეთანხმა თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნას და აღნიშნა, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი შვილი; განაჩენის გამოტანის შემდეგ გარდაეცვალა ძმა; ამასთან, დაზარალებულს აღმოუჩინა დახმარება, დაზარალებულ მხარეს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.
პროკურორმა ა. ს.მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია ა. კ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ ა. კ-ს მიმართ დადგენილ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ა. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, პალატა თვლის, რომ ა. კ-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლები და შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობით, სათანადო საგამოცდო ვადის დაწესებით. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული ა. კ. პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, ხასიათდება უაღრესად დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ცოლ-შვილი, აღიარა ჩადენილი დანაშაული და გულწრფელად მოინანია. აღსანიშნავია, რომ მან ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, მან მატერიალური და მორალური დახმარება აღმოუჩინა დაზარალებულის ოჯახს, მხედველობაშია მისაღები აგრეთვე საგზაო მოძრაობის კანონის დარღვევის ხასიათი და ხარისხი. პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენის შემდეგ მსჯავრდებულ ა. კ-ს 42 წლის ასაკში გარდაეცვალა ძმა _ ე. კ.. მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ყველა ზემოაღნიშნულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. კანდელაკს განაჩენით შეფარდებული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის განაჩენში ა. კ-ს მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მსჯავრდებულ ა. კ-ს განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, თანახმად სსკ-ის 63-64-ე მუხლებისა. მის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.