გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 41-აპ 24 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გ. ბორჩხაძე,
ნ. გაბრიჩიძე,
განიხილა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის ო. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განაჩენით:
ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2003წ. 21 ნოემბერს ნ. მ. მივიდა ქ. თბილისში, ... მდებარე ბანკ “თეთრის” ოფისთან, სადაც მას შეხვდა ნაცნობი კ. კ., რომელიც მუშაობდა ბანკის ოფისში. ნ. მ-მა მას აუხსნა, რომ ელოდებოდა ნაცნობს, რომელიც პროცენტის გადასახდელად ბანკში უნდა მისულიყო. ამავე საბაბით ნ. მ. შევიდა ბანკის ოფისში და დაჯდა ფოიეში, ტახტზე. დაახლოებით 15 საათზე კ. კ. ბანკის სხვა თანამშრომლებთან ერთად გავიდა სასადილოდ. ნ. მ-მა ისარგებლა რა აღნიშნულით, შევიდა ბანკის თანამშრომლის _ გ. ღ-ს ოთახში და ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი სანთებელა, რითაც დაემუქრა გ. ღ-ს და მოსთხოვა 3500 აშშ დოლარი. გ. ღ-მა, მიიღო რა მუქარა რეალურად, ნ. მ-ს აუხსნა, რომ მას არ შეეძლო მოთხოვნილი თანხის გადაცემა, მაგრამ ნ. მ. სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით კვლავ ითხოვდა 3500 აშშ დოლარს. ამ დროს ოთახში შევიდნენ კ. კ, ვ. მ. და ა. პ., რომელთაც ნ. მ-მა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი სანთებელის გამოყენებით, რაც იქ მყოფებმა რეალურად ცეცხლსასროლ იარაღად აღიქვეს, მოსთხოვა აღნიშნული თანხა. ვინაიდან სიტუაცია დაიძაბა, ვ. მ. იძულებული გახდა, ნ. მ-სათვის გადაეცა 3500 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ნ. მ-მა დატოვა ბანკის ოფისი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის თანაშემწე ო. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ განაჩენი არის აშკარად ლმობიერი. პროკურორის განმარტებით, ნ. მ-ისათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.
მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. პ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება. ადვოკატის განმარტებით, მსჯავრდებულს შეგნებული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და გულწრფელად ნანობს იმას, რაც გააკეთა. ადვოკატის მითითებით, მსჯავრდებული გამოთქვამს სურვილს და მზადაა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი, მას ზიანის ანაზღაურებაში მატერიალურად ეხმარება ძმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ ო. ბურდულს, ადვოკატ ი. პ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ნ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.
საქმის მასალების მიხედვით, ნ. მ-მა, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლო სხდომაზე გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მას მთლიანად აქვს შეგნებული, თუ რა ქმედება ჩაიდინა და ნანობს მის განხორციელებას, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, დაავადებულია გულის იშემიური დაავადებით, რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. 23 მარტის ¹72ნ ბრძანებით შეტანილია იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა რიცხვში, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასანთავისუფლებლად წარდგენის საფუძველს. დანაშაულის ჩადენის ხერხისა და საშუალების გათვალისწინებით, რომ ნ. მ-მა დანაშაულის ჩადენისას გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი სანთებელა, რომ დაზარალებულთა მიმართ ძალადობა რეალური არ იყო, მისი მხრიდან აგრესიას ადგილი არ ჰქონია, იქ მყოფებს რაიმე სახის სხეულის დაზიანება არ მიუღიათ, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მან დაასახელა თავისი ვინაობა და ითხოვა გარკვეული თანხა, რაც მას რეალურად ესაჭიროებოდა, თან აღუთქვა, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ამ თანხას დააბრუნებდა, აგრეთვე იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებული მზად არის, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, კერძოდ, ზიანის ანაზღაურებაში ეხმარება თავისი ძმა, რომელმაც უკვე ბანკის სასარგებლოდ გადაიხადა 500 დოლარი, დაზარალებული მ. მ. მოითხოვს ნ. მ-სათვის რაც შეიძლება მსუბუქი სასჯელის შეფარდებას, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად შეუფარდა მას სასჯელი.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განაჩენი ნ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განაჩენი ნ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.