საქმე Nბს-1013(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ჭ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჭ-ემ 2018 წლის 07 თებერვალს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 03 ივლისის N17734 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 01 დეკემბეის N4364/2/2017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით ი. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 70-ე, 74-ე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელს - თ. ტ-ს ჩაჰბარდა 2019 წლის 15 მაისს, ასევე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჭ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2019 წლის 31 მაისს.
ვინაიდან, ი. ჭ-ის წარმომადგენლს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2019 წლის 15 მაისს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 16 მაისს და ამოიწურა 2019 წლის 29 მაისს (ოთხშაბათი), 24 საათზე. შესაბამისად, 2019 წლის 31 მაისს შეტანილი სააპელაციო საჩივარი მიიჩნეულ იქნა გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად და დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2019 წლის 27 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ჭ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებელი და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მოსარჩელემ იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით კი იზღუდება მისი უფლებები. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი ითხოვდა საქმის დროებით შეჩერებას და გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მსგავს დავებთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ი. ჭ-ის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება მ. ჭ-ის წარმომადგენელს - თ. ტ-ს (რწმუნებულება ძალაში იყო გადაწყვეტილების ჩაბარების დროს - ს.ფ. 154-156) პირადად ჩაჰბარდა 2019 წლის 15 მაისს, რაც დასტურდება საფოსტო უკუგზავნილზე არსებული ხელმოწერით (ს.ფ. 331), შესაბამისად, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 16 მაისიდან და ამოიწურა 2019 წლის 29 მაისს, 24 საათზე (ოთხშაბათი). სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 31 მაისს, რაც დასტურდება საჩივარზე დასმული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტამპით (ს.ფ. 334). ამასთანავე, თავად სააპელაციო საჩივარი დათარიღებულია 2019 წლის 31 მაისით, რაც დამატებით ადასტურებს მისი ვადის დარღვევით წარდგენას. აღნიშნულის გამომრიცხავი მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინება ი. ჭ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 369-ე 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე