საქმე Nბს-1147(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „...“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 22 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შპს „...-ის“ მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017 წლის 16 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის 20713 (ოცი ათას შვიდას ცამეტი) ლარის, ხოლო 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1765 (ათას შვიდას სამოცდახუთი) ლარის გადახდა, აგრეთვე, ქ. თბილისში, …ის ქუჩა N25-ში მდებარე (საკადასტრო კოდი: N…, შენობა-ნაგებობა N1, ფართი: 511.85კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017 წლის 16 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის 20 713 (ოცი ათას შვიდას ცამეტი) ლარის, ხოლო 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1 765 (ათას შვიდას სამოცდახუთი) ლარის გადახდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, …ის ქუჩა N25-ში მდებარე (საკადასტრო კოდი: N…, შენობა-ნაგებობა N1, ფართი: 511.85კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და იგი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს, რაც შპს „...-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 63-ე, 70-ე, 73-ე, 74-ე, მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაჰბარდა 2019 წლის 22 მარტს, ასევე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...-ის“ მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2019 წლის 08 მაისს - სამოქაალქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2019 წლის 30 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...-მა“.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შპს „...-ის“ დირექტორს - ო. ი-ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. აგრეთვე, მას მიღებული არ აქვს იურიდიული განათლება და უსახსრობის გამო საკუთარი ძალებით უწევს სამართლებრივი დავების წარმართვა, რამაც გამოიწვია საპროცესო შეცდომის დაშვება. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გამონაკლისის სახით საპროცესო მოქმედების დარღვევის საპატიოდ ჩათვლას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ის“ კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება 2019 წლის 22 მარტს პირადად ჩაჰბარდა შპს „...-ის“ დირექტორს - ო. ი-ს, რაც დასტურდება გზავნილზე არსებული ხელმოწერით (ს.ფ. 149). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სადანადო წესით განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 08 აპრილს, რაც დასტურდება საჩივარზე დასმული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტამპით (ს.ფ. 154). აღნიშნულს სადავოდ არ ხდის თავად აპელანტიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე - 61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 23 მარტიდან და ამოიწურა 2019 წლის 05 აპრილს (პარასკევი) 24:00 საათზე, სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 08 აპრილს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განჩინება შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 369-ე 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე