საქმე Nბს-1168(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): თ. გ-ა;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე): საქართველოს გენერალური პროკურატურა; სპეციალური პენიტენციური სამსახური
მესამე პირი - საქართველოს ფინანასთა სამინისტრო;
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-ამ 2018 წლის 30 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სასარჩეო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მოსრჩელი სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 200 000 ლარისა და მატერიალური ზიანის სახით - 2014 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე მიუღებელი პენსიის - 4 800 ლარის ანაზღაურების დაკისრება; აგრეთვე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 100 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელემ აგრეთვე დააზუტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს მთავარი პროკურატურა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 3 000 ლარის ანაზღაურება; დანარჩელ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც თ. გ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით თ. გ-ას სააპელაციო საჩივარი საქართველოს გენერალური პროკურატირსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 2014 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე მიუღებელი პენსიის - 4 800 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით თ. გ-ას სააპელაციო საჩივარი მორალური ზიანის ნაწილში დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2019 წლის 22 მაისის განჩინებით, აპელანტ თ. გ-ას სააპელაციო საჩივარზე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 07 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა, მორალური ზიანის ნაწილში, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით, თ. გ-ას გაუგრძელდა 2019 წლის 22 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 14 დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა მორალური ზიანის ნაწილში, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თ. გ-ამ, 2019 წლის 15 ივლისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იერარქიულად უფრო მაღლა მდგომ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ვიდრე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონი. აპელანტი აღნიშნავდა, რომ სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად მსგავსი ტიპის დავები თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. გ-ამ არ გამოასწორა დადგენილი ხარვეზი, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონი უფრო ახალ და სპეციალურ რეგულირებას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან შედარებით, ამდენად, ხსენებული კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი წარმოადგენს სპეციალური სამართალურთიერთობების მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტს, რომლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება მოსარჩელე მხარე მხოლოდ მატერიალური ზარალის და არა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ წარდგენილ სარჩელზე, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 23 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. გ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშვას, რომ თ. გ-ა უკანონოდ იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ამდენად, იგი, ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგომი სამართლებრივი აქტებით განსაზღრულია უკანონო მსჯავრდებული პირების გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თ. გ-ა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, იგი გათვასუფლებულია ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად მსგავსი ტიპის დავები თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, თ. გ-ასათვის ბაჟის გადახდის დაკისრება წარმოადგენს როგორც მოქმედი კანონმდებლობის, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის უხეშ დარღვევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. გ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით თ. გ-ას სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარდგენა. სააპელაციო პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით, თ. გ-ას გაუგრძელდა 2019 წლის 22 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 14 დღით. თ. გ-ამ, 2019 წლის 15 ივლისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ იგი თავისუფლდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესს, პირობებსა და ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი და ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-9--მე-11 მუხლები. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები. მითითებული აქტები ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძვლებს, აგრეთვე, სასამართლოს უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, რომლებით კანონით გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები – უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამასთან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მითითებული აქტები თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს წარმოადგენს. ამასთან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი უფრო გვიან მიღებული აქტია, რომელსაც უპირატესობა ენიჭება ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შეთხვევაში, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან შედარებით. მითითებული ნორმები, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი არ გამორიცხავს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლებას სარჩელებზე უკანონო მსჯავდრების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ნათლად გამოხატავს კანონმდებლის ნებას, გაათავისუფლოს მხარეები სასამართლო ხარჯების ანაზღაურებისაგან უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელებზე მხარეთა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება არ გამოირიცხება არც ერთი ნორმატიული აქტით, მათ შორის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონით. ამდენად, არ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში თ. გ-ას სააპელაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით, განულიველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს თ. გ-ას კერძო საჩივარი და საქმე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში თ. გ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება და საქმე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში თ. გ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. თ. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე 20.08.2019წ. N8323649584 საგადახდო დავალებით შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე