საქმე Nბს-1219(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): ე. ლ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ონის მუნიციპალიტეტეი მერია;
მესამე პირი - თ. ბ-ე;
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა;
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ლ-მა 2018 წლის 25 სექტემბერს სარჩელით მიმართა ონის მუნიციპალიტეტში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე - ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2018 წლის 13 თებერვლის N04-484 ცნობის ბათილად ცნობა.
ონის მუნიციპალიტეტში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაერთო თ. ბ-ე.
ონის მუნიციპალიტეტში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გადაწტყვეტილებით ე. ლ-ის სარჩელი არ დამაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ე. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით ე. ლ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება პირადად ჩაიბარა 2019 წლის 27 ივლისს. ამდენად, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 06 აგვისტოს. აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების დამდასტურებელი მტკიცებულება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას ჩაბარდა 2019 წლლის 07 აგვისტოს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთვის დასაშვებობის საკითხის განხილვის მიზნით დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ლ-ს პირადად ჩაჰბარდა 2019 წლის 27 ივლისს. ამდენად, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადა იწურებოდა 2019 წლის 06 აგვისტოს. აპელანტმა ვადის გასვლის უკანასკნელ დღეს - 2019 წლის 06 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტის სამსახურს (შპს „...ი“) გადასცა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში ფოსტის სამსახურის მიერ არასწორად იქნა მითითებული ჩაბარების თარიღი - 2019 წლის 07 აგვისტო. აღნიშნულს ადასტურებს ფოსტის რეესტრი, რომლის თანახმად, ე. ლ-ის წარმოადგენელმა - ლ. ლ-ემ 2019 წლის 06 აგვისტოს წარადგინა ფოსტაში ხარვეზის შევსების განცხადება საქმეზე N3ბ/260-19. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილების იმ გარემოებაზე, რომ თავად ხარვეზის შევსების განცხადება დათარიღებულია 2019 წლის 06 აგვისტოთი და, ამასთანავე, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2019 წლის 06 აგვისტოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. ლ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ლ-მა არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ლ-მა ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინება პირადად ჩაიბარა 2019 წლის 27 ივლისს. ამდენად, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 06 აგვისტოს. ე. ლ-ის მიერ ხარვეზის შევსების თაობაზე წარგენილ განცხადებაზე დასმული სააპელაციო სასამართლოს შტამპის თანახმად, განცხადება სასამართლოში წარდგენილი 2019 წლის 12 აგვისტოს. ამასთან, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათსა და საფოსტო კონვერტზე გზავნილის ჩაბარების თარიღად მითითებულია 2019 წლის 07 აგვისტო, თუმცა საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მითითებული საქმის ნომერი არ ემთხვევა მოცემული საქმის ნომერს. ამასთან, ე. ლ-ის მიერ კერძო საჩივარზე დართული საფოსტო რეესტრით დასტურდება, რომ ე. ლ-ის წარმოადგენლის - ლ. ლ-ის მიერ N3ბ/260-19 საქმესთან დაკავშირებით განცხადება ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 06 აგვისტოს (ს.ფ. 301). ფოსტის რეესტრი დამოწმებულია შპს „...ის“ ბეჭდითა და შესაბამისი პირის ხელმოწერით. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს, რომ ხარვეზის შევსების თაობაზე ე. ლ-ის განცხადება ფოსტას ჩაჰბარდა 2019 წლის 06 აგვისტოს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 დღიანი ვადის ფარგლებში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის ათვლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღს. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას წარედგინა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის დაცვით, ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის ამ მოტივით განუხილველად დატოვების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს ე. ლ-ის კერძო საჩივარი და საქმე ე. ლ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 412-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინება და საქმე ე. ლ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე