Facebook Twitter

საქმე Nბს-1222(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე): წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ე. ჩ-ე;

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა;

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ჩ-ემ 2018 წლის 10 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2018 წლის 13 ივნისის N196 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ე. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწტყვეტილებით ე. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 13 ივნისის N196 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. აღნიშნული ვადის გაგრძელება არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფროს სპეციალისტს ჩაბარდა 2019 წლის 16 აგვისტოს. შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 17 აგვისტოდან და ამოიწურა 2019 წლის 02 სექტემბერს. სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა 2019 წლის 04 სექტემბერს, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საპროცესო ვადის აღდგენა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2019 წლის 02 სექტემბერს. კომისიის მიერ სააპელაციო საჩივარი მომზადდა 2019 წლის 27 აგვისტოს, რასაც ადასტურებს სააპელაციო საჩივარზე მითითებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერის თარიღი. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს აღნიშული სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა 2019 წლის 30 აგვისტოს, თუმცა 2019 წლის 04 სექტემბერს გზავნილი მიზეზის მითითების გარეშე უკან დაუბრუნდა გამგზავნს. კომისიის მიერ იმავე დღეს - 2019 წლის 04 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განმეორებით გაიგზავნა სააპელაციო საჩივარი, რომელიც ადრესატს ჩაბარდა 2019 წლის 05 სექტემბერს.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 215-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა საპატიო მიზეზით იქნა დარღვეული. კომისიამ გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დაცვით - 2019 წლის 30 აგვისტოს წარადგინა ფოსტაში სააპელაციო საჩივარი, თუმცა გაგზავნის დროს ადრესატის დასახელებისა და მისამართის მითითებისას დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა, რის გამოც გზავნილი უკან დაუბრუნდა გამგზავნს. გზავნილის დაბრუნებისთანავე კომისიამ ხელახლა გაგზავნა სააპელაციო საჩივარი სწორ მისამართზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთარ არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ვერ უზრუნველყო სააპელაციო საჩივრის წარდგენა კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დაცვით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2019 წლის 16 აგვისტოს (ს.ფ. 315). აღნიშნულს სადავოდ არ ხდის თავად აპელანტიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე - 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 17 აგვისტოდან და ამოიწურა 2019 წლის 30 აგვისტოს (პარასკევი) 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარზე დასმული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შტამპით დასტურდება, რომ საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 05 სექტემბერს. ამასთან, სააპელაციო საჩივარი გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით და საფოსტო კონვერტზე გზავნილის ჩაბარების თარიღად მითითებულია 2019 წლის 04 სექტემბერი (ს.ფ. 333), რაც სააპელაციო საჩივრის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენას ადასტურებს. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განცხადებას, სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის 2019 წლის 30 აგვისტოს ჩაბარების შესახებ, არ დასტურდება საქმეში დაცული მასალებით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კერძო საჩივართან ერთად წარმოადგინა საფოსტო უკუგზავნილი (ს.ფ. 350 ), რომელიც ადასტურებს 2019 წლის 30 აგვისტოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კორესპონდენციის გაგზავნის ფაქტს, თუმცა უკუგზავნილი არ შეიცავს კორესპონდენციის მაიდენტიფირებელ მონაცემებს. გაურკვეველია რა წერილობითი მასალები გაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, უკუგზავნილი არ შეიცავს მითითებას საქმის ნომერთან ან სხვა რეკვიზიტებთან დაკავშირებით. ამდენად, არ დასტურდება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან 2019 წლის 30 აგვისტოს გაგზავნილია სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე. ამასთან, მითითებული გზავნილი 2019 წლის 04 სექტემბერს დაუბრუნდა გამგზავნს იმ საფუძვლით, რომ ადრესატი შეცდომით იქნა მითითებული. ზემოაღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ვერ უზრუნველყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთარ არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 369-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე