Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1347(კს-19) 29 აპრილი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ნ-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ძ-ი (მოსარჩელე), ა(ა)იპ „… ფონდი“ (მოპასუხე)

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ძ-მა 2009 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე „… ფონდის“ მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა „… ფონდისთვის“ თბილისში, … …, … მ/რ, კორპუსი N341-ში მდებარე N132 ბინის ლ. ძ-ისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის და შესაბამისი ხელშეკრულების დადებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დავალება, ასევე მოთხოვნილ იქნა მოპასუხისთვის მითითებული ქონების თაობაზე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების დადებისა და ლ. ძ-ისთვის ბინის საკუთრებაში გადაცემის დავალება (ტ. 1. ს.ფ. 264-268).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჩაება მ. ნ-ი (ტ. 1, ს.ფ. 204-206).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/624-09) ლ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; კერძოდ, „… ფონდს“ დაევალა თბილისში, … …, … მ/რ, კორპუსი N341-ში მდებარე N132 ბინაზე, ბინა 132-ზე ლ. ძ-თან მიღება-გადაცემის აქტის, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმება და აღნიშნული ბინის საკუთრებაში გადაცემა (ტ. 1, ს.ფ. 293-298). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ „… ფონდმა“ და მ. ნ-მა (ტ. 1, ს.ფ. 307- 328).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „... ფონდისა“ და მ. ნ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა(ა)იპ „... ფონდს“ დაევალა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დესტინატერ ლ. ძ-ისთვის სარგებლობის უფლებით გადაეცა საცხოვრებელი ბინა N132, მდებარე ქალაქ თბილისში, … …, … მიკრო რაიონი, კორპუსი N141; (ტ. 2. ს.ფ.173-187).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ „... ფონდმა“ და მ. ნ-მა (ტ. 2. ს.ფ. 211-218; 223-232).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ა(ა)იპ „... ფონდისა“ და მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული. აღნიშნული განჩინება მ. ნ-ს გაეგზავნა 2010 წლის 13 ოქტომბერს (ტ. 2. ს.ფ. 282-288).

მ. ნ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-მა 2011 წლის 21 იანვარს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და განმარტა, რომ 2010 წლის სექტემბერში დასრულდა ადმინისტრაციული საქმე და ითხოვა საქმის გაცნობა, ასლების გადაღება; აღნიშნულ განცხადებაზე გაკეთებულია აღნიშვნა, რომ მ. ნ-ი გაეცნო საქმის მასალებს და გადაიღო ქსეროასლები (ტ. 2. ს.ფ. 302).

მ. ნ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-მა 2011 წლის 14 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ითხოვა N3/624-09 ადმინისტრაციული საქმის გაცნობა და ასლების გადაღება; მის განცხადებაზე გაკეთებულია აღნიშვნა, რომ მ. ნ-ი გაეცნო საქმის მასალებს, მაგრამ ქსეროასლები ვერ გადაიღო, რადგან ქსეროქსის აპარატი არ მუშაობდა; ხოლო იმავე გვერდზე ტ. II ს.ფ. 303 მითითებულია, რომ 2011 წლის 11 აპრილს მ. ნ-ი გაეცნო საქმეს და გადაიღო ქსეროასლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2017 წლის 2 მარტს მ. ნ-ის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული მ. ნ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინება, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, 2010 წლის 13 ოქტომბერს გაეგზავნა მ. ნ-ს, ასევე მ. ნ-ის წარმომადგენლის - მ. ნ-ის 2011 წლის 21 იანვარს განცხადებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, საქმის მასალების გაცნობისა და ქსეროასლების გადაღების ფაქტი (ტ.2. ს.ფ. 302-303). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მ. ნ-ისათვის ცნობილი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შინაარსი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი. მიუხედავად ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. ნ-ის მიერ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა მხოლოდ 2017 წლის 2 მარტს (ტ.3. ს.ფ. 1-5) - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნიდა მ. ნ-ის მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. მისი მოსაზრებით, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგან 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც ითხოვს მ. ნ-ი, ემყარება ყალბ მტკიცებულებებს. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებოდა ლ. ძ-ის დესტინატერად ცნობას 2004 წლის 11 აგვისტოს N35 ოქმის დიდუბე - ჩუღურეთის გამგეობის N3280 აქტის საფუძველზე. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული აქტები გაყალბებულია და მისი მოსაზრებით, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას რომ გამოვლენილიყო N3280 (აქტის ნომერში გადახაზულია N1030) აქტისა და N35 ოქმის სიყალბე, სასამართლო გადაწყვეტილებით ლ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, N3280 აქტი გაცემულია ორ მოქალაქეზე მაშინ, როდესაც სახლის ორივე მესაკუთრე ფლობს სხვადასხვა ფართს და იხდის კომუნალურ გადასახადებს როგორც სხვადასხვა აბონენტი.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აქტის ნომერი - 1030 ისე არის გადახაზული, რომ შესწორების შესახებ არ აქვს ბეჭედი, ხელმოწერა, რაც დაუშვებელია. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ლ. ძ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა ყალბი N3280 აქტი და N35 ოქმი, რამაც გამოიწვია მ. ნ-ის ბინიდან გამოსახლება და მისი უფლების დარღვევა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავზე, რომელიც განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესს. განცხადების განხილვა ექვემდებარება სტადიებს - განცხადების დასაშვებობა და განცხადების საფუძვლიანობა. განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სასამართლო ამოწმებს ორ კრიტერიუმს - განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და განცხადების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. მითითებული ნორმა განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ზემოაღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ხარვეზის დგინდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მისი გამოსწორების შესაძლებლობა, ხოლო საქმის განხილვის დამაბრკოლებელი ისეთ არსებითი გარემოების არსებობა, რასაც მხარე ვერ აღმოფხვრის, კერძოდ, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ვადის დარღვევა, ხარვეზის დადგენის ინტიტუტის გამოყენებას არარელევანტურს ხდის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, მ. ნ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2017 წლის 2 მარტს და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იყო ა(ა)იპ „... ფონდისა“ და მ. ნ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით კი ა(ა)იპ ,,... ფონდის“ და მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინების მიღებით. ამდენად, დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2017 წლის 2 მარტს იქნა წარდგენილი, რა დროსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან განცხადების შეტანამდე, კერძოდ, 2017 წლის 2 მარტამდე, გასული იყო სასამართლოში ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ნორმატიულად განსაზღვრული 5-წლიანი ვადა, რის გამოც განცხადება არ აკმაყოფილებს განცხადების დასაშვებად ცნობის კრიტერიუმს და შესაბამისად, გამოირიცხება საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და მიიღო დასაბუთებული განჩინება, შესაბამისად, მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება .

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 426-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე