ბს-1355 (კ-18) 28 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ლ-ემ 06.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.12.2015წ. №CB603320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.02.2016წ. №5025 ბრძანების (29.12.2015წ. №CB603320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობაზე უარის ნაწილში) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 15.04.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.01.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ლ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ ა. ლ-ემ დაარღვია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, მან განახორციელა სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით ხე-მასალის ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. ლ-ის მიერ ზედნადების გამოწერა ადასტურებდა სამეწარმეო მიზნის არსებობას, ვინაიდან ზედნადები გამოიწერებოდა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით საქონლის გადატანისას, რაც ა. ლ-ის მიერ გამოწერილი იქნა, თუმცა დადგენილი წესის დარღვევით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილმა პირმა მოსთხოვა დოკუმენტაციის წარმოდგენა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზედნადების გამოწერის დროსა და ტრანსპორტირების დაწყების ადგილზე და მიიჩნია, რომ ტრანსპორტირების დაწყების დროსა და შემოწმების ადგილს შორის არსებული დისტანციის გათვალისწინებით ზედნადები გამოწერილი იყო არა ტრანსპორტირების დაწყების დროს, არამედ ა. ლ-ის ავტომობილის გადამოწმების მიზნით მისი შეჩერების დროს, რაც სასამართლოს მოსაზრებით შემმოწმებლის მიერ მართებულად იქნა გაიგივებული ზედნადების არარსებობასთან. სასამართლომ მიუთითა საქმეში დაცული ხე-მასალის სოციალური ჭრის შედეგად მოპოვების შესახებ დოკუმენტზე და აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა აღნიშნული დოკუმენტის ა. ლ-ის სახელზე გაცემა, მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ტრანსპორტირებული მასალის პირადი მოხმარებისათვის გადატანის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნა გასაჩივრებული აქტების კანონშესაბამისობის და სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე.
განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ლ-ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, სუსგ 07.07.2015წ. ბს-754-740 (კ-14) და 03.10.2017წ. ბს-612-609 (2კ-17). სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ხის მასალის გადატანისას სამეწარმეო მიზნის არსებობაზე, აგრეთვე არ იმსჯელა ხის მოპოვების კანონიერებაზე და მასალის კუთვნილებაზე. სწორედ ამ საკითხების გამოკვლევის შედეგად უნდა მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება და არა ა. ლ-ის საგადასახადო ორგანოში გადამხდელად რეგისტრაციის მიხედვით. საქმეზე ბს-205-203 (კ-14) უზენაესი სასამართლოს განჩინებით განიმარტა, რომ პირის სამართალდამრღვევად მიჩნევა დაუშვებელია მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე. საქონლის შეძენისას უნდა დადგინდეს შეძენის ეკონომიკური მიზანი, ვინაიდან შეძენას ფართო დატვირთვა აქვს, რომელიც სხვადასხვა მიზნით და საჭიროებიდან გამომდინარეობდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება ა. ლ-ის მიერ 4 850 ლარის საბაზრო ღირებულების 9,7 მ3 საქონლის - დახერხილი ხე-მასალის ტრანსპორტირება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მდგომარეობდა ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებაში. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 31.12.2010წ. №996 ბრძანება ადგენს ზედნადების საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ელექტრონულად გამოწერის ვალდებულებას (25.1 მუხ.). საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ტრანსპორტირების დაწყების ადგილია ქ. ბორჯომი, ხოლო ა. ლ-ის ტვირთის შემოწმების მიზნით შეჩერება მოხდა ხაშურში, სოფ. ... ში 07.12.2015 წ. 22:48 სთ.-ზე. ზედნადები ა. ლ-ის მიერ გამოიწერა ამავე დღის 22:50 საათზე. არ დასტურდება აღნიშნული მოთხოვნის დაცვა ა. ლ-ის მიერ ხე-მასალის ტრანსპორტირებისას, ვინაიდან ტრანსპორტირების დაწყების ადგილსა (ქ. ბორჯომი) და შემოწმების ადგილს (ხაშური, სოფ. ...) შორის არსებული დისტანციის (... კმ.) გათვალისწინებით შემოწმების ადგილამდე მისვლა საჭიროებდა დაახლოებით 20 წუთს. ვინაიდან შეუძლებელი იყო ტრანსპორტირების ადგილიდან შემოწმების ადგილამდე მიღწევა 02 წუთის განმავლობაში, აღნიშნული მართებულად იქნა მიჩნეული ა. ლ-ის მიერ საქონლის ტრანსპორტირების დაწყებამდე ზედნადების გამოწერის ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელ გარემოებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მსჯელობა იქონია სამეწარმეო საქმიანობაზე და უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საკითხზე დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად სოციალური ჭრის შედეგად ხე-მასალის მოპოვების საკითხზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ზედნადების გამოწერა სავალდებულოა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო ასეთი დოკუმენტი გამოწერილი იქნა ა. ლ-ის მიერ, აღნიშნული გარემოება საკმარისი იყო საქმიანობის სამეწარმეო მიზნით გახორციელებულად მიჩნევისთვის. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სამეწარმეო საქმიანობის საკითხზე და საკითხი გადაწყვიტა ა. ლ-ის საგადასახადო ორგანოში გადამხდელად რეგისტრაციის საკითხის მიხედვით.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მითითება სააპელაციო პალატის მიერ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღებაზე. არ დასტურდება გასაჩივრებული განჩინების პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მიღება. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე სასამართლოს მიერ დავა წყდება კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათი სამართლებრივი შეფასების გზით. კასატორის მიერ მითითებული განჩინებებით შეფასებული იქნა განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები.
უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად მნიშვნელობა ენიჭება საქონლის ტრანსპორტირების მიზანს, რომლის პირადი მოხმარებისთვის (საკუთარი სახლის მშენებლობისთვის) დადასტურების შემთხვევაში დაკმაყოფილდა სარჩელი (სუსგ 09.12.2019წ. ბს-158(2კ-19)), აგრეთვე მსგავს საკითხზე გადაწყვეტილებით, მათ შორის კასატორის მიერ მითითებული განჩინებებით (სუსგ 07.07.2015წ. ბს-754-740 (კ-14), 03.10.2017წ. ბს-612-609 (2კ-17), 17.10.2019წ. ბს-377 (კ-19)), 09.07.2019წ. ბს-802(კ-19)) შეფასებული იქნა საქონლის ტრანსპორტირების იმგვარი შემთხვევები, როდესაც გამოწერილი არ იყო ზედნადებები და მოსარჩელეების მიერ ზედნადების გამოუწერლობა გამოწვეული იყო იმით, რომ ტრანსპორტირება არ ხდებოდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. განსახილველი შემთხვევა ზემოთმითითებული შემთხვევებისაგან განსხვავდება იმ ფაქტობრივი მოცემულობით, რომ ა. ლ-ის მიერ გამოწერილია ზედნადები, თუმცა დადგენილი წესის დარღვევით, რაც გაიგივებულია ზედნადების არარსებობასთან. ამდენად, საქონლის ტრანსპორტირებისას ზედნადების ა. ლ-ის მიერ გამოწერით თავისთავად გამოირიცხა პირადი მიზნის არსებობა. პირადი მიზნით საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევაში ა. ლ-ის მიერ არ გამოიწერებოდა სასაქონლო ზედნადები.
რაც შეეხება საქმეში დაცულ სოციალური ჭრის შედეგად ხე-მასალის მოპოვების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული დოკუმენტის სხვა პირის სახელზე გაცემა არ ადასტურებდა ა. ლ-ის მიერ არასამეწარმეო მიზნით საქონლის ტრანსპორტირებას, ვინაიდან ა. ლ-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მისდამი კუთვნილება ან ა. ლ-ისთვის სოციალური ჭრის საფუძველზე ხე-ტყის მოპოვების უფლების გადაცემა. ამდენად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ა. ლ-ის მიერ ტრანსპორტირება ხდებოდა პირადი მიზნებისათვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 04.07.2019წ. ბს-477(კ-19)).
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება, დივერგენციის არსებობა, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება მოცემულ საკითხზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2018წ. განჩინება;
3. ა. ლ-ეს დაუბრუნდეს (პ/ნ ...) №7352497734 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი