საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1371(კ-19) 29 აპრილი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „…ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „…მა“ 2018 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 ოქტომბრის N04/67598 და სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 15 თებერვლის N04/8814 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა ი. ბ-ისთვის, ფ. შ-ისა და ა. შ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამედიცინო დაწესებულებამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 ოქტომბრის N04/67598 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ ი. ბ-ის, ფ. შ-ისა და ა. შ-ას მოთხოვნის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 15 თებერვლის N04/8814 გადაწყვეტილება შპს „…ის“ 2017 წლის 16 ნოემბრის N26/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში არსებულ ინფორმაციას. ი. ბ-ის შემთხვევაში კი მიმწოდებელმა დააფიქსირა შეტყობინება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით I20.0, არასტაბილური სტენოკარდია, ასევე, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, 09/03/2017-17/03/2017წწ. და 18/03/2017-03/04/2017წწ. პერიოდებში დიაგნოზით არასტაბილური სტენოკარდია. 18/03/2017–03/04/2017წწ. პერიოდში I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან მკურნალობის მიზეზი არ ყოფილა არასტაბილური სტენოკარდია. ამასთანავე, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გადაუდებელ სტაციონარში გამოყენებული მედიკამენტების თაობაზე ინფორმაცია რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულ ხანგრძლივობასთან მიმართებით არ დასტურდება.
პაციენტ ფ. შ-თან მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, იურიდიული თვალსაზრისით ადგილი აქვს შემთხვევის ელექტრონულ მოდულსა და მატერიალურ დოკუმენტაციას შორის მონაცემთა შეუსაბამობას. კერძოდ, კალკულაციის მიხედვით გამოყენებულ მედიკამენტებზე ინფორმაცია, პერიოდითა და დიაგნოზით, ანუ ჩარევის მოცულობით, არ არის შესაბამისი და დადასტურებული მატერიალური დოკუმენტაციით. კასატორის მოსაზრებით, მოცემული შემთხვევა, ასევე, არ უნდა ანაზღაურდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, პაციენტი ა. შ-ა მკურნალობდა მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში 06/04/2017-09/04/2017წწ. პერიოდში, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი I20.0 არასტაბილური სტენოკარდია, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. ჰოსპიტალიზაციიდან სამი დღის გასვლის შემდეგ განხორციელდა რეფერალი სხვა კლინიკაში, სადაც პაციენტს გაეწია ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება, დაისვა ადეკვატური დიაგნოზი - სეპტიცემია IC 41.9, თუმცა იმავე დღეს დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი, პაციენტი გარდაიცვალა. ეს შედეგი არ დადგებოდა, დროულად რომ შეფასებულიყო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოცემული შემთხვევაც არ უნდა ანაზღაურდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, შეცილებით სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ი. ბ-ის, ფ. შ-ისა და ა. შ-ას მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სოციალური მომსაუხრების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება. დადგენილია, რომ აღნიშნული პაციენტები წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 1.3. დანართის მეორე პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობით მოსარგებლეებს. მათთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ადმინისტრაციული ორგანო ი. ბ-ისა და ფ. შ-ის შემთხვევებში მიუთითებს მიწოდებული და შეტყობინებაში არსებული ინფორმაციების ურთიერთშეუსაბამობაზე, ხოლო ა. შ-ას შემთხვევაში - სამედიცინო მომსახურების არასათანადოდ გაწევაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენისთვის გასათვალისწინებელია გაწეული მომსახურების რეალური სახე, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენება და სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული ჩარევის სახე. ამასთან, მნიშვნელოვანია შეუსაბამობის ხასიათი და ხარისხი, უნდა გამოირიცხოს მხოლოდ მექანიკური შეცდომის არსებობის გამო სამედიცინო დაწესებულებისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო, წარდგენილი დოკუმენტაციისა და შეტყობინებაში ასახული ინფორმაციის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობებზე. კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 3 აპრილის ცნობით ი. ბ-ეს დასმული აქვს შემდეგი დიაგნოზი: არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი) (I20.0) მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა (კარდიული ასთმა) (I50.1) მიტრალური ნაკლოვანება (მძიმე). (I34.0). კორონარული ანგიოგრაფია (FNDC1A) 1 CAR, 17.03.17. სისხლის ან ერითროციტების გადასხმა (WGX500) გართულებები: გულის უკმარისობა III (NYHA) (I50.9,) სუნთქვის მწვავე უკმარისობა (J96.0) (ტომი1, ს.ფ. 254-261). საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული შეტყობინების მოდულის ამონაწერში - პორტალზე წარდგენის მონაცემებში მითითებულია ოპერატორის კომენტარი: „შემთხვევა N1014271338, ბ-ე ი. (დაბადებული ... წელს), I20.0, I50.1, (J18.9). პაციენტის გაწერა 03.04.2017 16:00, შემთხვევის დახურვის თარიღი 03.04.2017 16:18:56.“ (ტომი 1, ს.ფ. 151-153). ფ. შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 13 აპრილის ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა ს/ბარათის N2353) პაციენტის დიაგნოზია: ძირითადი დაავადება - სუნთქვის მწვავე უკმარისობა (J96.0). პნევმონია, დაუზუსტებელი (J18.9). მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა (კარდიული ასთმა) (I50.1) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობა, GOLD ჯგუფი D გამწვავებით, დაუზუსტებელი (J44.1). საშარდე გზების ინფექცია, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის (N39.0). (ტომი 1, ს.ფ 267-271). საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული შეტყობინების მოდულის ამონაწერში - პორტალზე წარდგენის მონაცემებში მითითებულია ოპერატორის კომენტარი: „შემთხვევა N2650299640, ფ. შ-ი (დაბადებული ... წელს), I50.1, პაციენტის გაწერა 13.04.2017 11:00, შემთხვევის დახურვის თარიღი 13.04.2017 12:38:33.“ (ტომი 1, ს.ფ. 144-145).
ამდენად, დასახელებული პაციენტების (ი. ბ-ე და ფ. შ-ი) შემთხვევებში სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში მითითებული და სააგენტოსთვის მიწოდებული კოდები ემთხვევა. პაციენტებისთვის სტაციონარული მომსახურების გაწევის საკითხთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში ასახული დიაგნოზების შემადგენლობას, რომლებიც ავტომატურად არ გამორიცხავს სტაციონარული მკურნალობის ჩატარების საჭიროებას და არ მიუთითებს სამედიცინო დაწესებულების მიერ ასეთი მკურნალობის არასწორ განხორციელებაზე. დამატებით, ფ. შ-ის შემთხვევაში უტყუარად უნდა დადასტურდეს, რომ პაციენტს არ მიეწოდა ის მედიკიმანეტები, რომლებზეც მიუთითებს სამედიცინო დაწესებულება, ან პაციენტი ასეთ მედიკამენტოზურ მკურნალობას არ საჭიროებდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოებები ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, სადავო შემთხვევების სპეციფიკის გათვალისწინებით, მოცემულ ეტაპზე სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არის შესაძლებელი საკითხის სრულყოფილად შესწავლა. კერძოდ, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს, ადგილი აქვს თუ არა ასანაზღაურებელ შემთხვევას, მეორე მხრივ, უნდა განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა ადგილი ჰქონდეს ტექნიკური შეცდომის არსებობას. ასევე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს და დაასაბუთოს დიაგნოზისა და ჩარევის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის დადგენისას, რომელ სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს უტყუარად და რომლის მხედველობაში მიღებით უნდა გადაწყდეს შემთხვევის ანაზღაურების საკითხი.
რაც შეეხება ა. შ-ას შემთხვევას, კასატორი მიიჩნევს, რომ „...ში“ პაციენტისთვის არასათანადო მკურნალობის გაწევამ გამოიწვია სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვის საჭიროება, რაც საბოლოოდ პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტის შეფასება და დადასტურებულად მიჩნევა უნდა განხორციელდეს სპეციალური ცოდნის მქონე პირთა მიერ. მხოლოდ სუბიექტური მოსაზრება თუ წარდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური შესწავლა არ უნდა გახდეს მსგავსი დასკვნის გაკეთების საფუძველი. შესაბამისად, შესასწავლია, ა. შ-ას სხვა სამედიცინო დაწესებულებისადმი განმეორებით მიმართვა და მისი გარდაცვალება განპირობებულია თუ არა „...ში“ დიაგნოზის არასწორად დასმითა და არასათანადო მკურნალობის გაწევით. ამასთანავე, გასათვალისწინებელია მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციულ საჩივარში გაკეთებული განმარტებაც, რომ ა. შ-ას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა პაციენტის მდგომარეობის გაუარესებისა და მძიმე მრავლობითი მწვავე თანმხლები პათოლოგიების არსებობის გამო, პაციენტი საჭიროებდა მკურნალობის გაგრძელებას ზოგადი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა შეაფასოს, რამდენად დროულად გაეწია პაციენტს რეკომენდაცია, მკურნალობა გაეგრძლებინა სხვა დაწესებულებაში. ვინაიდან მოცემული საკითხი სააგენტოს გამოკვლეული არ აქვს და სადავო აქტი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას სადავოდ ქცეული გარემოების შესახებ, შეუძლებელია სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტის მატერიალური კანონიერების სრულყოფილად შეფასება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად დადგენისა და შესწავლის მეშვეობით მიმდინარეობის, შედეგად კი დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს 2020 წლის 8 იანვრის №00051 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე